10:18 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (129)
114 0 0

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში უხარისხო საწვავის შემოტანა და გაყიდვა შეიძლება არა მხოლოდ ჯარიმით, არამედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთითაც დაისაჯოს.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საწვავის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს – შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული რეჟიმით ორშაბათს რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით სანქციები გამკაცრდება უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარიმების გაზრდას, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებასაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი: „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს“.

რისთვისაა საჭირო სანქციები?

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ატმოსფეროს დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ავტომობილების გამონაბოლქვი და საწვავის ხარისხის მაჩვენებელი წარმოადგენს – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრი ეკოლოგიური სიტუაციის შეფასებისას, განუცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს ავტოგასამართ სადგურებზე აიღო საწვავის სინჯები და ყოველი მესამე არ შეესაბამებოდა ხარისხის სტანდარტებს.

„ეს იმის მაჩვენებელია, რომ ავტოგასამართი სადგურების ზოგიერთი ოპერატორი სისტემატურად ყიდის უხარისხო პროდუქტს“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა, რა ღირს საწვავი  საქართველოში>>

საქართველოში ამჟამად ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ათობით წვრილი და საშუალო არაბრენდირებული კომპანია, რომელთაც ჯამში ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ხარისხის ნორმას, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება ბენზინს, მასში ოქტანობის რიცხვი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე ნაკლებია“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

ამასთან მან დასძინა, რომ უხარისხო საწვავი შეიძლება იყოს როგორც შემოტანილი, ისე ადგილობრივი.

„ეს ყველაფერი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზია. აუცილებელია იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი მუდმივად კონტროლდებოდეს შესაბამისი ორგანოების მიერ, რაც ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.

სახელმწიფოს პასუხი ადეკვატური იქნება

სახელმწიფოს პასუხი ყოველ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს, განაცხადა გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

„ბოლო წლების სტატისტიკა შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან შემოწმების შედეგად არაერთხელ დაფიქსირდა საწვავში გოგირდის მაღალი შემცველობა, ხოლო ოქტანობის რიცხვი არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. ზოგიერთ შემთხვევაში საწვავში გოგირდის დონე 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უახლოვდება საწვავის ხარისხით ევროპულ სტანდარტს. ამიტომ სახელმწიფოს პასუხი ყოველ დარღვევაზე უნდა იყოს ადეკვატური და პრინციპული“, – განუცხადა წილოსანმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო კომიტეტმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომელმაც უბიძგა დეპუტატებს საკანონმდებლო შესწორებების მომზადებისკენ: 2019 წლის ივნისში 88 ობიექტზე აღებული 120 სინჯის შემოწმებისას გამოვლინდა 33 დარღვევა; 2019 წლის დეკემბერში 100 ობიექტზე აღებული 150 ნიმუშის შემოწმების შედეგად გამოვლინდა 31 დარღვევა; 2020 წლის აპრილში 23 ობიექტიდან აღებული სინჯების შემოწმებისას კი გამოვლინდა 14 დარღვევა დიზელის საწვავის შემთხვევაში და 18 დარღვევა ბენზინის შემთხვევაში.

ჯარიმები იზრდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი შესწორებები ითვალისწინებს 30 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას საქართველოში ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტზე, რომლის ხარისხიც არ შეესაბამება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს.

ამას გარდა დამრღვევი იმპორტიორი იხდის უხარისხო საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრებში) თვითღირებულებაზე 15-ჯერ მეტ ჯარიმასაც.

რაც შეეხება უხარისხო საწვავის გამყიდველს, საქართველოს ტერიტორიაზე უხარისხო საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის გაყიდვის გამო დამრღვევები დაჯარიმდებიან 20 ათასი ლარით. ამასთან ერთად დამრღვევი გადაიხდის ავტოგასამართ სადგურში/საცავში საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის ფასის ათმაგი ოდენობის ჯარიმას.

ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს კი ემატება ახალი მუხლი: „საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს“.

ახალი მუხლის თანახმად, ასეთი ქმედება, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ისჯება ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების შეზღუდვით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

როდის გადადის საქართველო „ევრო-5“ სტანდარტზე?

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „ევრო-5“ დიზელის საწვავის სტანდარტების ამოქმედება დაგეგმილია 2021 წლის 1 იანვრიდან.

ახალი სტანდარტების ამოქმედება ჯერ 2020 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებმა მისი გადავადება ითხოვეს.

სპეციალისტების თქმით, „ევრო-5“ სტანდარტების ამოქმედების შემდეგ საწვავის შემოტანა აზერბაიჯანიდან შეწყდება და მისი იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება, რის შემდეგაც დიზელის საწვავის წარმოება დაიწყება. 

ნავთობპროდუქტების იმპორტი

რუსეთი ტრადიციულად ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება – იანვარი-მაისში რუსეთიდან 136,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 34,2%-ს შეადგენს.

სულ 2020 წლის დასაწყისიდან საქართველოში 398,9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც 1,3%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.

საქართველოში საწვავი შემოაქვთ ასევე რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან. ნავთობპროდუქტები ქვეყანაში შემოდის როგორც სარკინიგზო გზით, ისე ზღვით.

2020 წლის მაისში საქართველოში 86 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც 25,5%-ით აღემატება მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებელს და 0,9%-ით – 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განაცხადეს.

ბენზინის იმპორტმა 2020 წლის მაისში 41,1 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 44,8 ათასი ტონა. ბენზინის იმპორტი 2019 წლის მაისთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა, დიზელის საწვავისა კი 1,5%-ით შემცირდა, აღნიშნეს კავშირში.

საწვავის ფასი

ერთი ლიტრი საწვავის ფასი მარტიდან ივნისამდე საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა.

„პანდემიის დაწყებას ემთხვევა ნავთობის ფასის ვარდნა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები Platts-ის მიხედვით. სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით 3-3,5 თვე საქართველოში ყველა სახის საწვავის ფასი საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი: რატომ შემცირდა საწვავის შემოტანა საქართველოში>>

როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში დოლარის მიმართ ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საწვავი ბევრად უფრო გაიაფდებოდა.

ამასთან, მისი სიტყვებით, ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში საშუალო ფასი შეადგენს: პრემიუმი – 1,88-1,99 ლარი; რეგულარი – 1,77-1,86 ლარი; ევროდიზელი – 1,89-2,04 ლარი.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (129)

მთავარი თემები