06:44 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
24910

რამდენად აისახება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოზე, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტს თითქმის მთლიანად ახორციელებს და გაიაფდება თუ არა საწვავი შესამჩნევად ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც, სპეციალისტებს ამაზე განსხვავებული  მოსაზრებები აქვთ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საგრძნობლად გაიაფდა. ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპერტების პროგმნოზით, ეს ტენდენცია კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. 

მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა გავლენა საქართველოზეც უნდა იქონიოს, თუმცა საწვავის ძალიან გაიაფება მოსალოდნელი არ არის, მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.

ექსპერტის თქმით, საქართველოში ბენზინის ფასი არ შედგება მარტო საერთაშორისო ფასებისგან, ის შედგება აქციზის გადასახადისგან, რომელიც არის ფიქსირებული და ნავთობი სულ ნული დოლარიც რომ ღირდეს, ის დაწესებული 250 ლარი 1 ტონა პროდუქტზე, იმპორტიორმა გადასახადის სახით მაინც უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის დევალვაციაც, ესეც რა თქმა უნდა აძვირებს პროდუქტს, თუმცა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე საწვავის ფასმა ადრე თუ გვიან საქართველოშიც უნდა დაიწიოს.

„ზუსტად რამდენით გაიაფდება მე ამას ნამდვილად ვერ დაგითვლით, მაგრამ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ფასი განახევრდება, იმიტომ რომ აქ გადასახადების ნაწილში ცოტა სხვანაირად არის საქმე - გადასახადები ფიქსირებულია და სულ საჩუქრადაც რომ იყოს ნავთობი, ბენზინი მაინც არ ეღირება იაფი“ - განუცხადა გია ხუხაშვილმა Sputnik საქარველოს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით,  COVID 19 - გამო გლობალურ  ბაზრებზე ფასების შემცირების შედეგად საქართველოში ფასები შემცირებულია საშუალოდ 55-60 თეთრით და რომ არა ლარის დევალვაცია დოლართან მიმართებაში, საწვავის ფასი კიდევ უფრო მეტად იქნებოდა შემცირებული. 

„ჩვენ, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა, პირველ რიგში დამოკიდებული ვართ საწვავის საერთაშორისო ფასებზე პლატსის მიხედვით, ფასწარმოქმნაში  მონაწილეობს: ლოგისტიკური დანახარჯები, აქციზისა და დღგ გადასახადი პრდუქტის იმპორტის დროს, საოპერაციო ხარჯები და სხვა, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ.“ - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, ბრენდირებული კომპანიების ფასებზე საუბრისას ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პროდუქციის შემოტანა ხდება ქვეყანაში თვის სხვადასხვა დროს, იმ პერიოდში არსებული საერთაშორისო ფასის მიხედვით, შედარებით დიდი რაოდენობის მოცულობით, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ კომპანიებს მუდმივად ჰქონდეთ მინიმუმ თვენახევარი-ორი თვის მარაგი.

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე დღეს ძირითადი სუბიექტები :„ვისოლი", „რომპეტროლი", „სოკარი", „ლუკოილი" და  „გალფი“ არიან. ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინი „სუპერი“ 2,14-2,35 ლარი ღირს, „პრემიუმი — 2,15-2,24 ლარი, „ევრო რეგულარი“ — 2,02-2,14 ლარი, ევრო დიზელი — 2,18-2,24 ლარი, ხოლო დიზელის შეძენა — 2,05 -2,25 ლარდაა შესაძლებელი.

განსხვავებული ვითარებაა ფასებთან დაკავშირებით არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზეც, რომელთაც არ გააჩნიათ მარაგები, მსხვილი ქსელური ოპერატორებისგან განსხვავებით.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, როდესაც კომპანია მარაგების გარეშე ოპერირებს, საწვავის ახალი პარტიას ყიდულობს საერთაშორისო ფასის იდენტურ ფასად საბითუმო ბაზარზე და შესაბამისად მისი ფასიც გამოდის ნაკლები. ბრენდირებულ კომპანიები კი სწორედაც არსებული მარაგების გათვალისწინებით, რომელიც შედარებით მაღალ ფასიანია, დროის მცირე მონაკვეთში ვერ ახერხებენ საერთაშორისო ფასების იდენტური ფასი შესთავაზონ მომხმარებელს, მსგავსი ვითარებაა ყველა იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში.

„შესაბამისად, თუ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზეზე  რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1.4, ლარიდან იწყება, ბრენდირებულზე  -1.98 ლარიდან. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდირებული კომპანიები თავის ლოიალურ და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობენ დამატებით 15-20 თეთრიან ფასდაკლებას ყოველ ლიტრზე“- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით კი საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე გაცილებით იაფი უნდა ღირდეს ვიდრე ახლაა.

„საგრძნობლად ბენზინისა და დიზელის ფასებმა მხოლოდ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დაიკლო. მცირე კომპანიებმა საწვავზე ფასების შემცირება ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზეც კი მოახერხეს,  რასაც ვერ ვიტყვით ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, რომლებსაც გააჩნიათ იმის რესურსი, რომ მომხმარებელს თავიანთი საფასო პოლიტიკა შესთავაზონ“- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

ეკონომისტის თქმით, მართალია  ბრენდირებულმა კომპანიებმაც რამდენჯერმე მოახდინეს საწვავზე ფასების შემცირება, მაგრამ  ეს მაინც ვერ პასუხობს მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს. 

„ბრენდირებულ კომპანიებს შეუძლიათ ბაზარზე იმ ფასად გაყიდონ პროდუქტი, რომელიც მათ ბიზნეს ინტერესს შეეფერება, ბიზნესი კი ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის მისი ბუნება და ეს უნდა დაარეგულიროს სწორედ კონკურენციამ. ჩვენთან ამ მიმართულებით კონკურენცია არის დაბალი, რადგან არაბრენდირებული კომპანიები დიდი კომპანიებთან სერიოზულად კონკურირებას ვერ ახერხებენ“- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას. 

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში საწვავის ფასზე დიდად არც ბენზინზე და დიზელზე მოთხოვნის შემცირებას უმოქმედია. ბოლო ორ თვეში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვამ და საწარმოების გაჩერებამ, პრაქტიკულად გაანახევრა საწვავის მოხმარება.

„ბაზარზე როდესაც კონკურენცია არ არის და კომპანიები აწესებენ თავიანთ საფასო პოლიტიკას, ხელოვნურად არის ჩარევა საჭირო, რაც მარეგულირებელმა - ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტომ უნდა გააკეთოს, ეს უწყება კი თავის მოვალეობას მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ ართმევს თავს“- მიაჩნია პაატა ბაირახტარს.

საქართველოში შარშან 1096,0 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა.  აქედან  544,3 ათასი ტონა ბენზინი, ხოლო 551,7 ათასი ტონა კი დიზელის საწვავი იყო.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ფასებს, ბოლო მონაცემებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 30,97 დოლარი/ბარელზე. ხოლო ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 24,74 დოლარი/ბარელზე. ერთი წლის წინ კი ნავთობის ფასი საერათაშორისო ბირჟებზე  58-74 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ნატა პატარაია

 

მთავარი თემები