თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის საბითუმო ბაზარზე ბენზინის ფასი თვითღირებულებაზე დაბლა დაეცა, აცხადებს სააგენტო „სასაქონლო ბაზრების ანალიტიკის“ გენერალური დირექტორი მიხაილ ტურუკალოვი.
მისი თქმით, კომპანიები თითოეულ ტონა საწვავზე რამდენიმე ათას რუბლს კარგავენ. მაგალითად, АИ-92 მარკის ბენზინის ფასი 13-19 აპრილს 11%-ით, ანუ 4,2 ათასი რუბლით დაეცა, ხოლო 20 აპრილიდან მისმა ფასმა ერთ ტონაზე 35,77 ათასი რუბლი შეადგინა.
ორშაბათს WTI-ს მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი პირველად ისტორიაში დავარდა უარყოფით ნიშნულამდე: კოტირებებმა NYMEX-ზე მინუს 40,32 დოლარს მიაღწია ერთ ბარელზე. თუმცა მოგვიანებით ფასი კვლავ პლუსზე გავიდა. რაც შეეხება Brent-ის ივნისის ფიუჩერსებს, მათი ფასი 25,38 დოლარამდე დაეცა ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ 12 აპრილს OPEC+ შეთანხმდა, შეემცირებინათ ნავთობის სადღეღამისო მოპოვებები 9,7 მლნ ბარელით მაისსა და ივნისში, 7,7 მლნ ბარელით წლის მეორე ნახევარში და 5,8 მლნ ბარელით — 2022 წლის აპრილის ბოლომდე. თუმცა, ახალმა შეთანხმებამ ვერ მოახერხა ბაზრის სრულად კორექტირება. მსოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ ფაქტორად კორონავირუსული პანდემია რჩება, რომლის გავრცელებამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბენზინზე მოთხოვნების ვარდნას.