2020 წლის მაისში საქართველოში 86 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოიტანეს, რაც 25,5%-ით მეტია მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით და 0,9%-ით მეტია 2019 წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირის განცხადებაში.
საქართველოში საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან – ნავთობპროდუქტები ქვეყანაში რკინიგზით ან ზღვით შემოდის.
ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რუსეთი რჩება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, რუსეთიდან იანვარ–მაისში 136,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 34,2%-ს შეადგენს.
2020 წლის დასაწყისიდან საქართველოში სულ შემოვიდა 398,9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები, რაც 1,3%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2020 წლის მაისში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 41,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტმა – 44,8 ათასი ტონა. 2019 წლის მაისთან შედარებით, ბენზინის იმპორტი 3,5%-ით გაიზარდა, დიზელის იმპორტი კი შემცირდა 1,5%-ით, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
რატომ შემცირდა მოხმარება
საქართველოში საწვავის მოხმარების შემცირება მთლიანობაში გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით, განუცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.
„მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა. ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი კლებაა, თუმცა მისი მოხმარება იმავე პერიოდთან მიმართებით, COVID-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით შემცირებულია“, – განაცხადა მთვრალაშვილმა და აღნიშნა, რომ საწვავის მოხმარება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შემცირდა, სადაც პანდემიის გამო კარანტინი იყო გამოცხადებული.
მისი თქმით, საქართველოსთვის კრიტიკულად ნეგატიურ თვე იყო აპრილი – ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. გაჩერდა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ტურიზმის სფერო, რომელიც ბოლო წლებში საწვავზე მოხმარებას განსაზღვრავდა, საერთოდ გაჩერდა. კორონავირუსიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობა მთლიანობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სახეობაზე შეზღუდვები იხსნება, ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში აღდგა, შესაბამისად, იწყება გაყიდვების ზრდა“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.
საწვავის ფასი
ბოლო სამი თვის განმავლობაში საწვავზე ფასი ერთ ლიტრზე საშუალოდ 70–80 თეთრით დაეცა.
„პანდემიის დაწყებას ემთხვევა ნავთობის ფასების ვარდნა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები Platts-ის მიხედვით. სწორედ ამ პერიოდში, სადღაც 3–3,5 თვეში საქართველოში საწვავის ფასები საშუალოდ ყველა სახის პროდუქტზე 70-80 თეთრით შემცირდა“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში ლარი რომ არ გაუფასურებულიყო დოლარის მიმართ, საწვავი გაცილებით უფრო გაიაფდებოდა.
დღეს საქართველოში ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. მათ გარდა არის ასევე მცირე და საშუალო კომპანიები, ე.წ. არაბრენდირებული, რომლებსაც ერთად ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით.
ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმის – 1,85-1,99 ლარი; რეგულარის – 1,74-1,89 ლარი; ევროდიზელის – 1,79-1,92 ლარი.
მთვრალაშვილის სიტყვებით, მომავალში ფასების შემდგომი კლება მოსალოდნელი არაა, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა დაიწყო, რაც პირდაპირ კავშირშია OPEC+-ის შეთანხმებასთან ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ, რომელიც ძალაში 1 მაისიდან შევიდა.
„საერთო ჯამში მსოფლიოში ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, გაჩნდა მოთხოვნილება ნავთობზე და ფასებმა მატება დაიწყო. ამ ფონზე ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა – საშუალოდ 5-10 თეთრით ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე. ფასების მატება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს არ შეხებია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფასების შემცირებას მომავალში აღარ ველოდებით“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, რადგანაც ძირითადი ქსელები, ძირითადი კომპანიები სტაბილურ ფასებს ინარჩუნებენ.