11:14 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (940)
373 0 0

ქართველი ქალბატონები რამდენიმეკვირიანი კარანტინის შემდეგ სულმოუთქმელად ელოდებიან სილამაზის სალონების გახსნის დღეს.

თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის სხვადასხვა პროცედურის ჩატარება - თმის შეჭრა, შეღებვა და ა.შ.

თუმცა, სალონი ხომ მხოლოდ მოდური ვარცხნილობა და თმის შეღებვა არ არის, ესაა კოსმეტოლოგის, მასაჟისტის მომსახურება და ქალბატონების საყვარელი სოლარიუმი.

სილამაზის სალონების მომსახურება, სავარაუდოდ, გაძვირდება >>

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. მუშაობის განახლების შემდეგ სალონების თანამშრომლებმა უნდა დაიცვან უამრავი წესი, რაც საქართველოს სალონების ფედერაციამ გაასაჯაროვა.

მოკლედ მთავარ რეგულაციებზე

სალონების ხელმძღვანელობამ უნდა შეიძინოს უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დოზატორები, სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები.

ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება ყოველ დილით გაიზომოს სიცხე და მონაცემები სპეციალურ ჟურნალში ჩაწეროს. ხელები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს. გარდა ამისა, თანამშრომლებს შორის მანძილი ორ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ნიღბები და ხელთათმანები კლიენტებსაც უნდა ეკეთოთ.

და, რაც მთავარია - ერთ ოთახში ხუთ ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს.

თანამშრომლებს ეკრძალებათ მომსახურების გაწევისას მობილური ტელეფონით სარგებლობა.

იზრდება ადმინისტრატორების დატვირთვაც, რომლებიც, სხვათა შორის, ყველა სალონს არ ჰყავს. ყოველი სატელეფონო საუბრისა და კლიენტის ჩაწერის შემდეგ ადმინისტრატორმა ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაამუშაოს.

ყოველი კლიენტის შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს ყველა ზედაპირი, რომელსაც მომსახურების მიმღები ეხებოდა, ასევე მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები.

Женщине стригут волосы
© CC0 / Pixabay
სილამაზის სალონში

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ყველა ეს შეზღუდვა მათი კაპრიზი არ არის, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა.

როგორც საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ განმარტა, რეგულაციებზე მუშაობის პროცესი გრძელდება და სფეროს მუშაკების მოსაზრებებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

„ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან სალონების თანამშრომლებმა, მომხმარებლებს ეს არ ეხება. რასაკვირველია, ყველა პროცედურა არ ითვალისწინებს კლიენტების ყოფნას ხელთათმანებითა და ნიღბებით. ეს აბსურდია. ფარი, ხელთათმანი და ნიღაბი აუცილებელია სპეციალისტებისთვის და არა კლიენტებისთვის“, - აღნიშნა შარაშენიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, სალონების დაგეგმილზე ადრე გახსნა დამოკიდებულია სფეროს მუშაკებზე, მათ მზადყოფნაზე - შეასრულონ აუცილებელი რეკომენდაციები.

„რაც შეეხება სალონების 60 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს, ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით, მაგალითად, დიაბეტით, ჩვენ ველოდებით დამატებით მითითებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეგლამენტი შემუშავების პროცესშია“, - დასძინა შარაშენიძემ. 

რას ფიქრობენ სფეროს მუშაკები

პრობლემა დოზატორებისა და თერმომეტრების საჭირო რაოდენობის შეძენა კი არა, ზოგიერთი რეკომენდაციაა, რომლებიც ჯერ ბუნდოვანია, ფიქრობს სალონებისა და მაღაზიების ქსელის „ქალთა ბედნიერების“ მენეჯერი ნატო პაპაშვილი.

„ჯერჯერობით ჩვენ აქტიურად ვართ დაკავებული ონლაინ-გაყიდვებით. შემდეგ, ეტაპების თანახმად, გავხსნით მაღაზიებს და ბოლოს - სალონებს. საქმე ისაა, რომ ჯერ მრავალი პუნქტი ბოლომდე გასაგები არ არის. ვფიქრობ, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს განმარტავენ. მაგალითად, თერმოსკრინინგი. მეც და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს ტემპერატურა ზოგჯერ 37.0 გრადუსი გვაქვს. ამიტომ გაურკვეველია, როგორ დაგვიშვებენ სამუშაოდ. როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, ჩვენ მთელ ძალას სალონების გახსნას მოვახმართ“, - აღნიშნა მენეჯერმა.

მისი სიტყვებით, სალონის მთავარი ამოცანაა, ყველა კმაყოფილი იყოს - თანამშრომელიც და კლიენტიც. წინააღმდეგ შემთხვევაში გახსნას აზრი არ აქვს.

რაც შეეხება მცირე ზომის სალონებს, იქ დასაქმებული ადამიანების აზრით, ახალი რეგულაციები მათ საგრძნობლად დააზარალებს.

„ვარკეთილში მცირე ზომის სალონში ვმუშაობ. ოთხი დალაქი გვყავს, ერთი მანიკურის სპეციალისტი და დამლაგებელი. არ გვყავს ადმინისტრატორი. ყველა თავად წერს თავის კლიენტებს. ამიტომ გაუგებარია, ვინ გაზომავს სიცხეს და ჩაიწერს ყველა მონაცემს ცალკე ჟურნალში. ზარებსაც თავად ვპასუხობთ. ესე იგი, ჩვენს დიასახლისს სამსახურში კიდევ ერთი ადამიანის მიღება მოუწევს. რამდენად ხელსაყრელი იქნება ეს მისთვის - არ ვიცი. ჩვენ ისედაც ორი თვეა სახლში ვსხედვართ შემოსავლის გარეშე. თავადაც არ ვიცი, რით ვცხოვრობთ“, - განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ლანამ. 

გოგონა საუბრობს ასევე ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რადგან ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება, ბევრს სამსახურში მისვლა გაუჭირდება.

„მე გამიმართლა და სამსახურთან ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ იმათ რა უნდა ქნან, ვინც ერთი რაიონიდან მეორეში მგზავრობს? ჩემი მეგობარი გლდანში ცხოვრობს, სალონი კი პეკინზეა. ყოველდღე ტაქსით თუ იარე, საერთოდ აზრი არ აქვს სამსახურში სიარულს“, - ამბობს ლანა.

სალონების თანამშრომლებს, ისევე, როგორც მათ კლიენტებს, კითხვა მეტი აქვთ, ვიდრე პასუხი. ერთი მხრივ, ყველა მოუთმენლად ელოდება სალონების გახსნას, მეორე მხრივ კი - არ იციან, როგორ აისახება მათ სამსახურზე ახალი რეგულაციები.

ამასობაში სალონების გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

თემები:
COVID-19 საქართველოში (940)

მთავარი თემები