06:50 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

საახალწლო საინფორმაციო პაუზა დიდხანს არ გაგრძელებულა – დასვენებულ და სუფრასთან განტვირთულ მკითხველს პრესის მხრიდან შემაშფოთებელი ახალი ამბები მალევე დაატყდა თავს.

სამყარო დაპატარავდა. ბოლო მოვლენებმა ნათლად აჩვენა: ევროპისადმი მენტალური სწრაფვა არ გამორიცხავს საქართველოს მჭიდრო კავშირს ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ პროცესებთან. ასე იყო ადრე და ასეა დღესაც. შეიცვალნენ მხოლოდ მოთამაშეები და წესები. საინტერესოა, რამ იქონია გავლენა ქვეყნის უშიშროების კონცეფციის იდეოლოგების თითქოსდა ურყევ შეხედულებებზე?

კულუარული გადაწყვეტილებები და საჯარო პანიკა

კვირის დასაწყისიდან პრესა და საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. რა ელის საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის ომი დაიწყება? – სვამს კითხვას „კვირის პალიტრა" (06.01). რა შედეგები მოჰყვება ამერიკელების მიერ ერთ-ერთი ირანელი მაღალჩინოსნის, გენერალ სულეიმანის ლიკვიდაციას? კონფლიქტი, ერთი შეხედვით, საქართველოს არ უკავშირდება, თუმცა მისი ესკალაციის შემთხვევაში ჩვენ, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ.

გაზეთი არც ისე საიმედო სცენარს იხილავს: ქვეყანას მოაწყდება დევნილების ნაკადი. ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად კი სახელმწიფოს საკმარისი რეზერვი არ გააჩნია. ამასთან, ირანზე თავდასხმა ამ ქვეყნის ბირთვული ენერგეტიკის გათვალისწინებით, კავკასიისთვის შეიძლება „მეორე ჩერნობილად" იქცეს. და ეს ყველაფერი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შესაძლო სამხედრო მონაწილეობას – ირიბსაც კი. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ გასული წლის მიწურულს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უპრეცედენტო ფინანსური დახმარება აღმოუჩინა.

რატომ მოიცვა ქართველები პანიკამ? – ცდილობს ვითარებაში გარკვევას „ახალი თაობა" (10.01). ქართული ტერიტორია შექმნილ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ჯერ ერთი, ეს არის რეგიონის ერთადერთი, შედარებით დაშორებული და ამიტომ ხელსაყრელი პლაცდარმი ირანულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის. მეორე მხრივ, საქართველოსა და სომხეთზე გადის უმოკლესი მარშრუტი სამხედრო ტვირთებისთვის, თუ ჩრდილოეთში გადაწყდება ირანისთვის დახმარების აღმოჩენა.

„დიდი ომი არ იქნება" – წერს „რეზონანსი" (09.01). ირანი უკან იხევს. მით უმეტეს, რომ სულეიმანის მიმართ დამოკიდებულება ქვეყნის შიგნითაც არაერთგვაროვანია. ტრამპმა კი ერაყში ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული იერიშის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ძალისმიერი პასუხის აუცილებლობას. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ მხარეები შექმნილი ვითარებიდან კულუარულ გამოსავალს ეძებენ და ამ ეტაპზე შეიძლება საჩვენებელი აქციებით შემოიფარგლონ.

ზალკალიანი: ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება>>

„საქართველო აშშ–ირანის დაპირისპირებაში შესამჩნევ როლს არ შეასრულებს, რაც ძალიან კარგია", – აღნიშნავს ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. შეუმჩნეველია მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის რეაქცია, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის რადიოინტერვიუს გამო წარმოუდგენელი ხმაური ატეხა. პრეზიდენტმა ირიბად მიანიშნა შედეგებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსებას შეიძლება მოჰყვეს. როგორც ჩანს, საზოგადოებამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ისტუმრებენ მსგავს „ვალებს"...

ანაკლია – დაუდევრობა თუ ინტერესთა კონფლიქტი?

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ აღებული ვალდებულებების მორიგი შეუსრულებლობის შემდეგ გადაწყვიტა მასთან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტა („ახალი თაობა", 10.01). დირექტორი ლევან ახვლედიანი საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივრის შეტანით იმუქრება. ამასთან, „რეზონანსი" (10.01) უკვე იხილავს ვერსიებს, ვინ მოხვდება კონსორციუმის ახალ შემადგენლობაში. მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ მორიგი ტენდერი გამოცხადდება. მთავარ პრეტენდენტად ასახელებენ ჩინურ კომპანიას, რომელიც პროექტისადმი ინტერესს თავიდანვე ავლენდა.

ანაკლიის პორტის პრობლემებთან, როგორც ბევრი მიიჩნევს, მჭიდროდაა გადახლართული ეკონომიკური, სამხედრო-სტრატეგიული და შიდაპოლიტიკური ასპექტები. თანაც ადგილობრივ პრესაში პრიორიტეტი ბოლო მათგანს ეთმობოდა. საუბარია ხელისუფლების კონფლიქტზე პოლიტიკაში გადასულ ყოფილ ბანკირთან და კონსორციუმის ხელმძღვანელ მამუკა ხაზარაძესთან. ოპოზიციურად განწყობილი პარტიები და ანალიტიკოსები ყოველთვის ცდილობდნენ საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს მთავრობა დასავლეთის ქვეყნების რეკომენდაციებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

საქმეს მოულოდნელი ინტრიგა შესძინა „კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ. როგორც ცნობილია, ამერიკელები ბოლო დროს არ მალავენ პორტის მშენებლობით თავიანთ დაინტერესებას. ამაზე ღიად განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ამტკიცებს, რომ თავის ინტერესებზე საჯაროდ საუბრისკენ აშშ-ს უბიძგა კონსორციუმის ნაბიჯებმა, რომლებიც მიმართულია პროექტში ჩინეთის ჩართვაზე. ამ მიზეზით ამერიკულმა კომპანიებმა პროექტი დროებით დატოვეს.

ვნებათაღელვა ანაკლიის პორტის ირგვლივ: რას გადაწყვეტს საერთაშორისო არბიტრაჟი>>

თვალჭრელიძე მიანიშნებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე, თუმცა ამ თემაზე დეტალურად საუბრისგან ის თავს იკავებს. ექსპერტის თქმით, 90-იანების დასაწყისში ამ იდეის განხილვის უშუალო მონაწილე იყო და მას საფუძვლად საერთო პოლიტიკური და სტრატეგიული ბალანსის დაცვა ედო.

„შავი სიის" ნაცრისფერი ელფერი

„შავი სია" – ხელისუფლების ავტორიტეტის ნებისმიერი გზით შელახვის მცდელობათა გრძელ სიაში მორიგი „შემოქმედებითი აღმოჩენაა". გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ ლეიბორისტ ლაშა ჩხარტიშვილს დავუჯერებთ, ცდილობენ, მას კოლექტიური ავტორობა მიაწერონ („ახალი თაობა", 10.01). ამის მიუხედავად, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ წამყვანი როლი „ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის.

სიის ირგვლივ დამაინტრიგებელი მოლოდინი ჯერ აშკარად გადაჭარბებულია. საკმარისია „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას მიერ გახმოვანებული სიის პირველი ხუთეულის გაცნობა („ახალი თაობა", 08.01). ხუთეულში მოხვდნენ: მოსამართლეები ვალერიან ფილიშვილი და გიორგი არევაძე, პროკურორი ვაჟა თოდუა, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე. დაგვეთანხმებით, არც ისე შთამბეჭდავია ფართო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც, საეჭვოა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყოვლისშემძლე პოლიტიკოსად მიიჩნევდეს.

„არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში აზრად ეს სისულელე, შეედგინა სია“, – აღშფოთებულია ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი თაკო ჩარკვიანი („რეზონანსი", 09.01). თავისი „შავი სიებით" ოპოზიციამ მხოლოდ საკუთარი ნეობოლშევიკური სახე გამოავლინა, წერს „საქართველოს რესპუბლიკა" (10.01). „ნაცმოძრაობამ" კოჰაბიტაციის პირობები დაარღვია“, – დასძენს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე (09.01).

რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაზარალებულ ადამიანებს იწვევს სპეციალურ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად (09.01). „ესაა ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ადამიანები შეიყვანოს "შავ სიებში" და ერთ მშვენიერ დღეს გაუსწორდეს მათ", – ამბობს უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი.

ოპონენტები ხელისუფლების დისკრედიტაციის პრაქტიკულად ნებისმიერ შესაძლებლობას ებღაუჭებიან. ისინი მზად არიან, პროტესტი გამოხატონ იმ ადამიანების ნათესავების პირითაც, რომლებმაც, პროკურატურის ვერსიით, ავტომობილი გაიტაცეს. დამპალოს სასაფლაოზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებული აღმოჩნდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც დააპატიმრეს („ახალი თაობა", 10.01). მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი საბაბი, მოითხოვონ მინისტრის გადაყენება?

მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული და პრეზიდენტის მიერ არშეწყალებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა კი აცხადებს, რომ უჩივლებს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, მისი აზრით, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია („რეზონანსი", 10.01).

ბერა ივანიშვილი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს>>

მიმოხილვა ნეიტრალური ნოტით დავასრულოთ. ბერა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ვაჟმა განაცხადა, რომ აპირებს ერთ-ერთი ქართული ფეხბურთის კლუბის შეძენას, რათა ის საერთაშორისო დონეზე გაიყვანოს.

მართლაც! იქნებ უფრო სასარგებლო იყოს, პოლიტიკური ბატალიებიდან ფეხბურთზე გადავერთოთ?

გოგი ვარძიელი

მთავარი თემები