00:26 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ბათუმის პორტი

ქიმიური ტერმინალი ბათუმში – აქვს თუ არა მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
16310

ბათუმის ნავსადგურის ტერიოტორიაზე დაგეგმილი მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციამ ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა კიდეც 20 იანვრის, 30 მარტისა და 1 სექტემბრის საპროტესტო აქციები ლოზუნგით „არა ქიმიურ ტერმინალს“.

ნატა პატარაია

რამდენიმე ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და ბათუმის პორტის ადმინისტრაციის შენობასთან შიშილობა გამოაცხადა. ერთ-ერთი მათგანი საზოგადოებრივი მოძრაობის „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ვატო ნებუნიშვილი იყო.  

ვატო ნებუნიშვილი ქიმიური ტერმინალის აშენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ბათუმში ქიმიური ტერმინალის აშენება ქალაქისთვის სარგებელზე მეტად ზიანის მომტანი იქნება.

„ეს არის მავნებელი პროექტი მთელი ბათუმისთვის, როგორც გარემოს დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მას არანაირი პლუსი არ აქვს, მათ შორის არც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს იქნება უბრალოდ დერეფანი, რომელშიც ტვირთები გაივლის. გარდა ამისა თვითონ პორტი ყაზახურ კომპანიას აქვს 49-წლიანი იჯარით აღებული და, შესაბამისად, სარგებელსაც ძირითადად ის მიიღებს“, – განუცხადა ვატო ნებუნიშვილმა „Sputnik-საქართველოს”.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალში წელიწადში 1,2 მლნ ტონაზე მეტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება უნდა გადაზიდონ. ყველაფერს ახლავს თავისი მტვერი, რომელიც ტვირთების ჩატვირთვისას გაიფრქვევა. მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ მინერალურ სასუქ კარბამიდზეა საუბარი, მაგრამ მომავალში მხოლოდ ამ ერთი სახეობით ტერმინალი არ შემოიფარგლება.

„ჯანმრთელობას რომ თავი დავანებოთ და უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, ჩვენ ქართულ რეალობაში ამხელა ტერმინალში რაიმე ავარია რომ მოხდეს, წარმოიდგინეთ, რამხელა კატასტროფასთან გვექნება საქმე“, – თქვა ნებუნიშვილმა.

გარდა ამისა, ქალაქში მდებარე ქიმიური ტერმინალი პრობლემებს ტურიზმსაც შეუქმნის და იმ ბიზნესმენებსაც დააზარალებს, რომელთა სასტუმროები და სხვა ბიზნეს-ობიექტები ტერმინალთან ახლოს იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილობრივ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს ტერმინალი ქვეყანას ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

„არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ამ ტიპის ტერმინალები აქვს, უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია არ აქვს და შემთხვევითობისგანაც არავინაა დაზღვეული, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მხრივ, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი აქვს. თუმცა, ამავე დროს ისიც სრულიად შესაძლებელია, რომ არასდროს არაფერი მოხდეს“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

რამაზ გერლიანი დარწმუნებულია, რომ  ქიმიური ტერმინალი, რომელიც აჭარაში უნდა აშენდეს, საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, მაგრამ მაინც საჭიროა მოსალოდნელი საფრთხეები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. აუცილებელია ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ საკითხზე საუბარი.

„მათ უნდა ესმოდეთ რის სანაცვლოდ რას იღებს ჯერ მათი ქალაქი და მერე ქვეყანა, მაგრამ ეკონომიკური შედეგი ეკოლოგიური საფრთხით არ უნდა იყოს გადაფარული. თუმცა, როგორც წესი, მსოფლიოში არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ამ რისკის მინიმალიზებას ახდენენ“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

რაც შეეხება ტურიზმს, ექსპერტის აზრით, ბიზნეს-სექტორის შეშფოთება ამ მხრივ ლოგიკურია, რადგან როდესაც ასეთ ობიექტთან არის ახლოს მათი სასტუმრო, მისი ღირებულება და შემოსავალი ტურიზმზე ორიენტირების შემთხვევაში ეცემა.

„როგორც წესი, ასეთი ტიპის ტერმინალები დასახლებული პუნქტების შედარებით იზოლირებულ ნაწილში კეთდება ხოლმე და ეს ნამდვილად გასათვალისწინებელი წინადადებაა მოსახლეობის მხრიდან, და ამ ნაწილში მათ უნდა დავეთანხმოთ“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი გასულ წელს მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, ამერიკული კომპანია Trammo გახდება Wondernet Express Investment Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

ტერმინალის მშენებლობის პროექტს კომპანია Wondernet Express-ი განახორციელებს, რომელიც სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში.

კომპანია ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.

პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.

კომპანია Wondernet Express Investment Group-მა მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან. ესენია: „საქართველოს რკინიგზა“, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარებით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად.  ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1,2 მლნ ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

მთავარი თემები