თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
აქცია მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს, იქვე გაშლილია კარავიც.
შეკრებილების განცხადებით, ბათუმის პორტში სამშენებლო სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო, მაგრამ ტერმინალის აშენებას არ დაუშვებენ.
„ვითხოვთ სამუშაოების შეჩერებას. ბათუმმა ტურისტული ოსკარი აიღო, ეს ტერმინალი კი ჯილდოსთან წინააღმდეგობაში მოდის. საფრთხეს უქმნის როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში. ამბობენ მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდებაო, თუმცა ჩამონათვალში 14 სახეობის ნივთიერებებზეა საუბარი, მათ შორის ფეთქებადსაშიშზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვატო ნებუნიშვილმა.
მისი განცხადებით, აქციები ბათუმში ქიმიური ტერმინალის პროექტის შეჩერებამდე გაგრძელდება.
მსგავსი მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმში მიმდინარე წლის იანვარშიც გაიმართა. მაშინდელ აქციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შაბათს მინერალური სასუქი „კარბამიდი“ შეჭამა. ამით მას იმის დამტკიცება სურდა, რომ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა.
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულება 20 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის არის გაფორმებული.
პროექტის თანხმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.