23:19 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
პირველი ექსპერიმენტული სკოლა

სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია

© photo: Tbilisi Experimental Public / FB
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
23310

სექტემბრიდან პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც მასწავლებელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ხელფასი 150 ლარით მოემატებათ.

პრაქტიკოსი მასწავლებლიდან სამინისტროს მიერ უფროს პედაგოგად იქნებიან აღიარებული ის ადამიანები, ვინც 10-10 კრედიტ-ქულას მიიღებს პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ გამოცდაში, ხოლო მათ, ვისაც სხვადასხვა აქტივობის გამო რამდენიმე კრედიტ-ქულა დააკლდებათ, დირექტორის წარდგინების საფუძველზე შეეცვლებათ სტატუსი.

უკვე ამოიწურა პენსიონერი პედაგოგების მიერ რეგისტრაციის გავლის დრო ფულადი ჯილდოს მისაღებად. განათლების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის თქმით, ამ დროისათვის ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პენსიონერმა პედაგოგმა გამოთქვა. ისინი ორი წლის ხელფასის ოდენობით თანხებს ოქტომბრიდან მიიღებენ.

პრაქტიკოს პედაგოგებს კიდევ ერთხელ 2019 წლის დეკემბერში შეუძლიათ მსგავსი სურვილის გამოთქმა.

პარალელურად ცნობილი გახდა პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგები. წელს გამოცდებზე პედაგოგთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. მართალია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას სექტემბრის დასაწყისში აპირებდა, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედეს და 19 აგვისტოდან უკვე აპელაციების მიღება დაიწყო. იმ ფონზე, როცა აბიტურიენტთა 71-მა პროცენტმა გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზღვარი, დაახლოებით იმავე შედეგებს ელოდებიან პედაგოგები.

ჯერჯერობით მათ მხოლოდ ნედლი ქულების შედეგები იციან. teacherjobs.ge-ზე კი უკვე ამ დროისათვის 3000-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. იმ ფონზე, როცა აღარც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი არსებობს და აღარც სულხან-საბას სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი, გვყავს თუ არა საკმარისი კადრები პენსიაზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგების ნაცვლად და როგორია მათი კომპეტენცია? ესაა ის საკითხი, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ქართული საზოგადოების წინაშე.

განათლების სამინისტრო პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან ხელფასის 150 ლარით და მეტით გაზრდას ჰპირდება. ამ დროისათვის უფროსი მასწავლებლის დანამატი 320 ლარია.

იმის გამო, რომ პენსიონერები სკოლებში 50 პროცენტამდე აღწევდნენ, მათი დაფასება საშური საქმეა. თანაც სამინისტრო მათ სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევასაც ჰპირდება. მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს 6000 ახალი კვალიფიციური და გამოცდაჩაბარებული კადრი?

განათლების მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს teacherjobs.ge-ზე და, თუ სამსახურს იპოვის, პარალელურად გაიაროს პედაგოგის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა.

წელს პედაგოგთა გამოცდებს ბევრი არაპრაქტიკოსიც აბარებდა, მაგრამ მათი მინიმალური ზღვარი როგორც საგნობრივ გამოცდაში, ასევე პროფესიულ უნარებში საკმაოდ მაღალი იყო – 40 ქულა და მეტი, ამიტომაც ბარიერი 30-მა პროცენტმაც ვერ გადალახა.

2019 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა ბევრი სიახლითა და პრობლემით იწყება. განათლების სისტემის მესვეურებს კიდევ ბევრი ინიციატივის შემუშავება მოუწევთ, სანამ ქართული განათლების სისტემა სასურველ კი არა, საშუალო დონეს მაინც მიაღწევს.

მთავარი თემები