ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგების ხელფასები გაიზრდება

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია. ამასთან, ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმას მაისში წარმოადგენს, ანაზღაურება კი სექტემბრიდან გაიზრდება, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას>>>

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში „მინისტრის საათი" დაწესდა – თითოეული მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ დეპუტატების წინაშე წარდგეს. ხუთშაბათს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გამოცხადდა, პარასკევს კი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივა. ამასთან, მინისტრებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ ისაუბრონ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

„პედაგოგებმა დრო და მოტივაცია არა ბიუროკრატიულ წინაღობებს, არამედ მოსწავლეების განვითარებას და მათთან შემოქმედებით მუშაობას უნდა მოახმარონ. სამინისტრო კი, თავის მხრივ, გაზრდილი ბიუჯეტით უზრუნველყოფს პედაგოგების ხელფასების ზრდას და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას", – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია: სკოლების გაძლიერება, ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი – როგორც ლიდერი და შემოქმედებით საკითხებზე ორიენტირებული პედაგოგი.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: პედაგოგების ხელფასი 2 ათას ლარამდე გაიზრდება

„უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში, ანუ დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება... გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე", – განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წელს დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას, ასევე დაიწყება რვა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლა აშენდება.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

 

ყველა ახალი ამბავი
0