თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს 2019 წლიდან ხელფასები გაეზრდებათ, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სკოლის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება>>>
საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12,7 მლრდ ლარის ოდენობით. ყველაზე დიდ დაფინანსებას 2019 წელს მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 23,7 მლნ ლარით იზრდება და 1,49 მლრდ ლარს აღწევს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში განათლების რეფორმა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა დასახელებული.
ხელფასების გაზრდა 2019-2021 წლებში იგეგმება. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1,8 ათას ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2 ათას ლარს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბევრი სიახლე ინერგება განათლების ხარისხის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ სკოლა უფრო მეტად თანამედროვე და საინტერესო გახდეს და მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება. ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული წიგნები და სხვა სასწავლო რესურსები, სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს – ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში და ა.შ.
უწყება განათლების სისტემაში მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომელიც ხუთი მიმართულებით განხორციელდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.