გასულ კვირაში ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მომიტინგეების მეორე მოთხოვნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივა წამოაყენა. ამასთან, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ არჩევნების ჩატარება ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერით, რაზეც ადრე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების პროექტის თანახმად, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. ამა თუ იმ პარტიის მიერ „გამომუშავებული“ მანდატების რაოდენობას შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშებენ: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლებული 150-ზე (ადგილების რაოდენობა პარლამენტში) და გაყოფილი ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილი მანდატები გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე პარტიებს შორის რიგითობის მიხედვით.
„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე >>
ამასთან, შესწორებები არ ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, ცვლილებები გამიზნულია იმისათვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებას.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლა მხოლოდ პროპორციული სისტემით იგეგმებოდა 2024 წლის არჩევნებისთვის. ამჟამად პარტიული სიით მხოლოდ 77 დეპუტატს ირჩევენ, 73-ს კი - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.
„ქართული ოცნების“ წინადადება
საკონსტიტუციო შესწორებები პარლამენტს უკვე წარედგინა. დაგეგმილი ცვლილებები მმართველმა პარტიამ გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, ეს იძლევა შესაძლებლობას, ახალ ეტაპზე გადავიდეს საქართველოში პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარება, ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ლაკონურია. მას ხელს აწერს საპარლამენტო უმრავლესობის ასამდე დეპუტატი.
„საბოლოო ჯამში, ამ კანონპროექტის მიღებას სჭირდება პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი. ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, რათა მოგროვდეს 113 ხმა ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კიდევ ერთი დეტალი განმარტა – კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რჩება ძალაში და ის იმოქმედებს ყოველი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ის აისახება კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციური კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს, შეიცავდა გარდამავალ დებულებებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი, მეცხრე პუნქტი, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი არჩევნები ტარდებოდა შერეული საარჩევნო სისტემით. ცვლილება შეეხება ამ მეცხრე პუნქტს“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო – აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება პოლიტიკური სისტემის განვითარების პროცესში.
„ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტების მიერ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
ცვლილებები კონსტიტუციაში: ოპოზიცია მზადაა, საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენას დაესწროს >>
მისი თქმით, მმართველი პარტია ნულოვანი ბარიერის მქონე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის წინადადებით გამოდის.
„ეს პრინციპული პოლიტიკური ინიციატივაა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში“, – ხაზი გაუსვა მან.
კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა ყველა საკითხისა და ნიუანსის დეტალურად განსახილველად.
რას ფიქრობს ოპოზიცია
საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას თითქმის ყველა წვრილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. პრეზენტაციაზე არ მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მათი პარტნიორები.
როგორც საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარია ოპოზიციის კონსოლიდაციის მიღწევა და ამ თემის ირგვლივ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება.
„ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშე პროპორციული არჩევნები ვერ ჩაიწერება კონსტიტუციაში. ამიტომ ვინც არ უნდა ეცადოს ოპოზიციის შიგნით განხეთქილების შეტანას, ეს არ მოხდება. ჩვენ ამ თემაზე ერთიანი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.
„პროპორციული არჩევნები პარლამენტში ზუსტად იმ განწყობას მოიტანს, რომელიც რეალურად არსებობს საზოგადოებაში. ესე იგი, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ხელისუფლება, ვერ მიღებს იმაზე მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მას ხალხმა მისცა. ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ალბათ აჯობებს მწვავე დისკუსიები პარლამენტში იყოს, ვიდრე ქუჩაში“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიესალმებიან.
„პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით გაცილებით ჯობს იმ სისტემას, რომელიც დღეს გვაქვს, და ის ძალიან კარგია... ახლა ყველაზე დიდი რისკი იქნება – როგორ ჩამოაყალიბებს ახალი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ბევრი პარტია, მთავრობას. ეს იმ რისკებს შორისაა, რომლებიც, ჩვეულებრივ, იხილება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
პროცედურა
„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ შესწორებებს განიხილავს საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დააკომპლექტებს, და შემდეგ საჯაროდ განსახილველად გამოიტანს. კანონპროექტი სამი მოსმენით უნდა მიიღონ, შემდეგ კი მას ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. შესწორებები ძალაში მათი გამოქვეყნებისთანავე შევა.
პრემიერი: 2020 წელს საქართველოში კოალიციურ მთავრობას არ გამოვრიცხავ >>
იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი ბარიერის შედეგად პარლამენტში შეიძლება მოხვდეს პარტიების დიდი რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.