05:28 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მიხეილ სააკაშვილი

რა გავლენას მოახდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიევური აქტივობა საქართველოზე

© AP Photo / Efrem Lukatsky
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
43110

შეხვდა თუ არა საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის გამო, ძალიან მალე გაირკვევა იმისდა მიხედვით, თუ რა პოზიციაზე აღმოჩნდება უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

უკრაინულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური დიპლომატიური მეთოდი გამოძებნა. ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა, მაგრამ საკუთარ გუნდში არ მოიაზრებს. კაცი, რომელსაც თითქმის არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა, იმაზე დიდი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ელოდა. სააკაშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენა ავტომატურად გულისხმობს მის უკრაინულ პოლიტიკაში ჩართვას. აკი შესთავაზა კიდეც ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და მისი პარტიის ლიდერობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 21 ივლისის რიგგარეშე არჩევნებში სააკაშვილი საკუთარ გამოცდილებას პარტიის თავმჯდომარის რანგში გამოიყენებს.

რა გავლენას მოახდენს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში ქართულ პოლიტიკაზე?

რაც მთავარია, გაირკვა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება არ ესიამოვნა, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ შეუმჩნევიათ.

მეორე მხრივ, საქართველოში მის მომხრეებს ახალი იმედები გაუჩნდათ. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სააკაშვილი და „ქართული ოცნება“ შესანიშნავი სპარინგ-პარტნიორები არიან და სულაც არაა პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ მისგან მონსტრი შექმნან. უფრო სწორად, დღეს ყველა არჩევნებს სწორედ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების ხაზი გასდევს, რაც ორივე მხარისთვის ხელსაყრელია და პოლიტიკური ველი შესანიშნავად აქვთ გადანაწილებული.

იმედგაცრუებულს უწოდებს სააკაშვილს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი. „ზელენსკი ბახტაძეს ხვდება, სააკაშვილს - არა. ბელადი და რუსთავი 2 პანიკაში არიან“, - წერს ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. ყანდიაშვილის ინფორმაციით, უკრაინის ახალი პრეზიდენტი არ განიხილავს სააკაშვილის ინტეგრაციას საკუთარ გუნდში. ის კი არადა, სააკაშვილს მერიაშიც კი ვერ გამოუძებნეს ადგილი და კლიჩკომ უთხრა, პარტიას მიხედეო. ყანდიაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის ზელენსკის ეს პოზიცია ცნობილი იყო, რადგან ის უკვე ერთი კვირაა კიევშია და ახალმა პრეზიდენტმა ახლოსაც არ გაიკარა.

მოკლედ, უკრაინის ახალი პირველი პირი „არც მწვადს წვავს და არც შამფურს“. საქართველოში კი მისი მომხრეები სააკაშვილის აღმასვლას ელოდებიან, თუმცა ფაქტია, რომ მას ზელენსკი იმაზე მეტს ვერაფერს შესთავაზებს, ვიდრე უკრაინის მოქალაქეობაა. ფაქტია ისიც, რომ წინა პრეზიდენტის მიერ ოდესის გუბერნატორად ხელდასმული სააკაშვილი მისი ხაზის გამტარებელი ვერ აღმოჩნდა პოლიტიკაში.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით საქართველოში სააკაშვილის ბედი კვლავ აქტუალურია, ხოლო მისი პოლიტიკური ძალა - მთავარი ოპოზიციური დაჯგუფება. ივანიშვილი, სავარაუდოდ, შეეცდება, რომ 2020-ში პარლამენტში წვრილ-წვრილ პარტიებთან კოალიციით შექმნას მთავრობა და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ჩააჩოჩოს. თუმცა ასეთი პერსპექტივა მათ არ ხიბლავთ და კვლავ პირველობისთვის იბრძვიან. ვნახოთ, რით დასრულდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის „განწირული სულისკვეთება“.  

მთავარი თემები