უპრეცედენტო პერსპექტივა უახლეს ისტორიაში – „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის, რომ კვირას გამართული არჩევნები 2020 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო, ამას ერთხმად აღიარებენ ექსპერტები. რა მოხდა და რას უნდა ველოდოთ მომავალში ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე – „Sputnik საქართველოს“ ჟურნალისტი ლანა ჩეჩელაშვილი მოგვითხრობს.

პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება 5 საარჩევნო ოლქში ადგილობრივ არჩევნებში, მთაწმინდაზე სიმბოლური მეორე ტური და სანდრა რულოვსის შთამბეჭდავი დამარცხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ წრეებში ფაქტობრივად უცნობი კანდიდატის მიერ – ასეთია 19 მაისის არჩევნების შედეგები. ექსპერტები ამბობენ, რომ ამით 2020 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა გამოიკვეთა. არადა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველა ხელისუფლება მეორე ვადის ამოწურვით ასრულებდა თავის საქმიანობას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებენ და სანამ რეალური მესამე, ახალი ძალა არ გამოიკვეთება, ეს ასეც იქნება, რადგან ხალხმა „ნაციონალებს“ უკვე დიდი ხანია, უთხრა „არა“. „ოცნების“ მიმართ ნდობა შესუსტებულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ მოენატროს. მართალია, სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ საქართველოში აღარც რევოლუცია არ გამოვა, რადგან რევოლუციას იდეა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოშობს. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი თავსატკივარი კი დღეს ისაა, როგორ ირჩინონ თავი და ნაკლებად ადარდებთ, ხელისუფლება რამდენად დემოკრატიული იქნება და რა მეთოდებით ჩაატარებს არჩევნებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ახალი პოლიტიკური ძალა ძველი სახეებით: რა პერსპექტივა აქვს მდიდრების პარტიას

ზუგდიდში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწია და საკმაოდ წარმატებითაც. მან მშვიდად და იუმორით შეძლო სიტუაციის განმუხტვა. რეალურად, 19 მაისის არჩევნებზე გაცილებით უფრო დიდი დაძაბულობა იყო მოსალოდნელი, ვიდრე რეალურად ვიხილეთ. პოლიციის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ თითქმის ფილიგრანულად იმუშავეს და ნამდვილად არ დარჩენილა შთაბეჭდილება, რომ არჩევნების შედეგების განსაზღვრაზე იმოქმედეს.

რაც შეეხება მთაწმინდას, გამოჩნდა, რომ თბილისში მაინც უფრო მეტია საპროტესტო განწყობა, ვიდრე რეგიონებში. ახლა ძნელია ცალსახად იმის თქმა, რომ ლადო კახაძე მოიგებს მეორე ტურს, რადგან მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული ოპოზიციური კანდიდატებიდან საინტერესოა ვინ ვის დაუჭერს მხარს და, შესაბამისად, რისკენ მოუწოდებს საკუთარ ამომრჩეველს. ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. მისივე ინფორმაციით, კახი კალაძეს რთულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა თბილისის გულში არჩევნების მეორე ტურის გამო. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც კალაძის ცნობილი გამონათქვამი ახსენდება მთაწმინდიდან გამოქანების შესახებ.

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
რა ბედი ელის 67 ათას პედაგოგს – ხელისუფლება განათლების ძირფესვიან რეფორმას იწყებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, წაგებული ქართული სახელმწიფო და საზოგადოებაა, რომელიც ამ ორი პოლიტიკური ძალის ანაბარაა დარჩენილი.

„ქართული ოცნების“ მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა კი ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ იწინასწარმეტყველა, რომელიც ჯერ ხელისუფლებას აკრიტიკებდა ზუგდიდში გამოყენებული მეთოდების გამო, შემდეგ კი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამ შედეგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტენდენცია გამოიკვეთა. ლაგაზიძე უკვე „ოცნების“ მიერ უმრავლესობის მოპოვებაზე ალაპარაკდა და არა კოალიციური მთავრობის ალბათობაზე.

ბუნებრივია, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება პოზიციები გაიმყაროს. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „2030“ სწორედ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის მოტივით დააარსა. დღესაც მმართველი პარტია ახალი სახეებისა და იდეების ძიებაშია. მართალია, ხელისუფლებამ მოსწავლეებს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოუხსნა, მაგრამ „ოცნების“ სახეებს სწორედ მაია მიმინოშვილი ატრენინგებს, რომელიც, დიდი ალბათობით, პარლამენტშიც იქნება.

როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნების მთავარი ნარატივი სოციალური პრობლემების მოგვარება და ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა გახდება, რაც ნამდვილად სწორი გათვლაა. ოპოზიციას კი მეტი მუშაობა, საგარეო მხარდაჭერა და ფული დასჭირდება შედეგების დასადებად.

ყველა ახალი ამბავი
0