16:26 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
რიყის პარკი

ვიქნებით თუ არა ხვალ?!

© Sputnik / Alex Shlamov
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
85810

დემოგრაფიული მგომარეობა... რა ვითარებაა დღეს და როგორია პროგნოზი, რაზე მიგვანიშნებს გაეროს და ადგილობრივ სპეციალისტთა კვლევის შედეგები?

სამსონ ხონელი

ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა!... დიახ, მაგრამ ეს ხომ არახალია?! − შესაძლოა ბრძანოთ და მართალი იქნებით. არც ის გამიკვირდება თუ შემახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის ჯერ კიდევ 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას 28 პროცენტით შემცირება ემუქრება. მას შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა...

დემოგრაფების ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. მათივე შეფასებებით, მიზეზი, მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი იყო. დემოგრაფებმა სხვა დარგების სპეციალისტებთან ერთად გამოსავლის ძიებაზე დაიწყეს ზრუნვა და ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზეს. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ აქტიური პოლიტიკის გატარება 2013 წლიდან დაიწყო. პირველი, რაც გაკეთდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მშობიარობის დაფინანსება იყო. ბოლო მონაცემებით, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე უკვე ნახევარ მილიონამდე მშობიარობაა დაფინანსებული. გარდა ამისა, ორსული ქალბატონები უზრუნველყოფილი არიან საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის რკინადეფიციტური ანემიის პრეპარატებით. 2014 წლიდან კი ამოქმედდა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შობადობის წახალისება ფინანსური მხარდაჭერის გზით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 40.000 ათასი, რაც ნიშნავს, რომ დღეში 130-140 აბორტი კეთდებოდა! რაოდენობის შესამცირებლად, ხელისუფლებამ აკრძალა სელექციური ტიპის აბორტი.

საკამათო არ არის, რომ დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს შიდა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობა ტოვებს სოფლებს და სამუშაოს საძებნელად მიდის დიდ ქალაქებში ან საძღვარგარეთ. გოჩა ხუნდაძის შეფასებით, ამან გამოიწვია ის, რომ მაღალმთიან რეგიონებში 2002 წლის შემდეგ, 158 სოფელი, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდა და 162 სოფელში მაქსიმუმ 8-10 ადამიანი ცხოვრობს. პარლამენტარი განმარტავს, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად, მიღებულია კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საგრძნობლად გაუმჯობესებულია სოციალური პაკეტი.  

ერთი სიტყვით, მმართველი გუნდის წევრი მიგვანიშნებს, რომ ხელისიფლება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ როდი ოცნებობს, საამისოდ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს. როგორია შედეგი დღეს? როგორც დემოგრაფიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ანზორ თოთაძე აცხადებს, ბოლო პერიოდში საქართველოში შობადობა გასული საუკუნის სამოციან წლებთან შედარებით, თითქმის სამჯერ შემცირებულია. საგულისხმოა ის, რომ რეგიონების მასშტაბით შობადობით გამოირჩევა − აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი.  ხოლო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. მისივე ინფორმაციით, ბოლო დროს პრაქტიკულად ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება! და, ეს მაშინ, როცა ნახევარი საუკუნის წინათ ორმოცდაათ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა.  

რამდენიმე დღეა, რაც გაირკვა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მოსახლეობა  2100 წლისთვის ყველაზე მეტად შემცირდება. ასეთია გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგები. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობა, უკვე ოთხმოცი წლის შემდეგ, 38.7 პროცენტით, 1.5 მილიონი ადამიანით შემცირდება და იქნება 2.4 მილიონის ფარგლებში. ქართველი დემოგრაფების ანალიზით, ბოლო წლებია საქართველოში მოსახლეობა ძირითადად მიგრაციის გამო მცირდება. უახლოესი ათი წლის შემდეგ, მოსახლეობა უფრო დაბერებული გვეყოლება, ახალგაზრდა თაობა კი კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე დღეს არის. 

ინტერნეტ-რესურსი „ფაქტსმეპი“ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინფოგრაფიკას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია 2020-2100 წლებში რომელი ქვეყნის მოსახლეობა გაიზრდება და რომელი შემცირდება. ამ მონაცემებით, საქართველო კლებად ქვეყნების სიაშია და მოსახლეობის კლების ტემპებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეათე ადგილზეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოლდოვას და საქართველოს გარდა კლებადი ქვეყნების ათეულშია სომხეთიც. მოსახლეობის მკვეთრად შემცირება მოსალოდნელია − მოლდოვაში, ბულგარეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სადაც მოსახლეობის რიცხვი შეიძლება განახევრდეს კიდეც. ხსენებული ქვეყნების გარდა ათეულში მოხვდნენ − რუმინეთი, პოლონეთი, ალბანეთი, იამაიკა და ტაილანდი. ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მოსალოდნელია საშუალოდ  40 პროცენტის ფარგლებში. დაახლოებით 39 პროცენტით მცირდება უკრაინის მოსახლეობაც და ის საქართველოს შემდეგ მოსახლეობის კლების რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზეა. აქვეა მოსახლეობის რაოდენობის მატების რეიტინგიც. სიაში ძირითადად აფრიკის ქვეყნებია და მოსახლეობის ზრდა სამნიშნა რიცხვითაა პროგნოზირებული. მოსახლეობის ზრდის რეიტინგის სამეულშია: ნიგერია, ზამბია და ტანზანია. მატების დიაპაზონი 380-760 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. კვლევა ეყრდნობა გაეროს 2015 წლის მონაცემებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების ტემპების შესახებ.

უნდა ითქვას, რომ გაეროს მსგავსად გრძელვადიანი პროგნოზი საქართველოშიც გაკეთდა და შედეგი მძიმეა − საქართველოს მოსახლეობა უახლოეს ორმოცდაათ წელიწადში 2.5 მილიონი იქნება, თუმცა ჩვენი დემოგრაფების ერთი ნაწილი თვლის, რომ გრძელვადიანი პროგნოზების გამართლების ალბათობა მცირეა... როგორც დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აღნიშნავს, გაეროს ეს კვლევა ტენდენციას ასახავს, მაგრამ ოთხმოც წელიწადში შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს, როგორც  ტექნიკური პროგრესის, ისე სოციალური გადაფასების თვალსაზრისით და იმედია სულ სხვა სურათი გვექნება. საქართველოში მოსახლეობა ძირითადად მიგრაციული პროცესების გამო შემცირდა. მიგრაციის სალდო ისევ უარყოფითია, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდია. ძირითადად ახალგაზრდები მიდიან უცხოეთში, მაგრამ თუკი ქვეყანაში ინვესტიციები ჩაიდო და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაშინ მოსახლების მატება დაიწყება. მიგრანტები ნაკლები გვეყოლებიან და ნაკლები გვექნება გადავადებული შობადობები და ქორწინებები...

დემოგრაფების უმრავლესობა თანხმდება, რომ მხოლოდ შობადობის წახალისებით პრობლემა არ მოგვარდება. საკითხი საერთო სახელმწიფოებრივი კონტექსტისგან ამოვარდნილად არ უნდა გავიაზროთ. საჭიროა კომპლექსური მიდგომა და იმგვარი პოლიტიკის გატარება, რომელიც ასე თუ ისე მიმზიდველს გახდის საქართველოს სახელმწიფოს... 

მთავარი თემები