ლარის „თავგადასავალი“, ანუ ვინ რას აწვება და რატომ?

© photo: Sputnikლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკთაშორის სავალუტო ბაზარი და ოლიგოპოლიური საბანკო სექტორი, რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის კურსის ფორმირებაზე და რაზე მიგვანიშნებს ბოლო პერიოდის ტენდენცია?

სამსონ ხონელი

ეროვნული ვალუტის კურსი რომ საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლად“ გადაიქცა, ამაზე დიდი ხანია არავინ კამათობს. განსხვავებულია მოსაზრებები ლარის არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებზე. ვინ რა ჩვენებას აწვება და რატომ? პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვიწრო პარტიული ინტერესები ამოძრავებს. ოპოზიციური ფლანგი ხელისუფლების ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკას იწუნებს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზად მმართველი გუნდის არაკვალიფიციურობასა და უნიათობაზე მიანიშნებს. მეოცნებე ხელისუფლებაში არ არსებობს ეკონომიკური განვითარების სწორი ხედვა, არ არის საამისოდ საჭირო ცოდნა და, რაც მთავარია, დაკარგულია რეალობის აღქმის უნარი − ასეთია მათი ზოგადი შეფასება, ვინც ჯერ თავად არასოდეს ყოფილა მართვის სადავეებთან, ან იყო და ჩამოაცილეს.

მმართველი პარტია კი გარეგნულად ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ოპონენტებს ბრალს სდებს დემაგოგიაში და ლარის კურსის რყევის მთავარ მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს. „მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია“, „ქვეყნის შიგნით ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს“, დარწმუნებული ვარ, ხშირად გსმენიათ ან წაგიკითხავთ ამ შინაარსის კომენტარები, რომელთა ავტორებიც ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგჯერ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. რას ამბობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები? − შესაძლოა ჩამეძიოთ. თქვენი არ ვიცი, მე კი დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ მათ შეფასებებში ჭარბობს პოლიტიკური მდგენელი. იშვიათია პოლიტიკური სენტიმენტებისგან თავისუფალი შეფასებები, რომლებიც სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება. ექსპერტების ერთი ნაწილი პოლიტიკიდან მოვიდა, მეორე კი აწი აპირებს პოლიტიკაში წასვლას. არ დავივიწყოთ ისინიც, ვინც პოლიტიკაში უკვე არიან და მეტი დამაჯერებლობისთვის – დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით. კიდევ ერთი ნაწილი ცდილობს თავი დაიმკვიდროს ექსპერტულ წრეებში და შემდეგ ჩამოყალიბდება სამომავლო გეგმებზე. ამგვარი განსხვავების მიუხედავად ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლარის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. 

თბილისის ერთ-ერთი ქუჩა - Sputnik საქართველო
„რაც უფრო ძვირდები, მით უფრო მხიბლავ", ანუ დაფასებული ბიჩოკი...

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „გასული ოთხი წლის გლობალურმა ეკონომიკურმა შოკებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი სისუსტე იყო და არის არა თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსი, როგორც ამაზე ექსპერტთა გარკვეულ ნაწილი მიანიშნებდა, არამედ ჩვენი ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე და საგადამხდელო ბალანსის ასევე საგრძნობი დეფიციტი, რაც პირდაპირ ზემოქმედებდა სავალუტო კურსზე. როცა ამ საკითხს ვიხილავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის და არაკონვერტირებული ვალუტისას ეკონომიკა გაცვლით კურსს სათანადოდ ვერ იყენებს ბუფერად. ამიტომ საჭიროა დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება, ეკონომიკის რეალური სექტორების განვითარება...“

ურიგო არ იქნება გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რაც ლარის გაცვლით კურსზე ზემოქმედებს. პირველ რიგში ეს არის მაკროეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც არა მხოლოდ უცხოური ვალუტის შემოდინებას უზრუნველყოფს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემადგენელი ნაწილია. 2013-2018 წლებში უცხოური ინვესტიციები საშუალოდ 85 პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, ეს ფაქტორი ეროვნული ვალუტის კურსზე მხოლოდ პოზიტიურად მოქმედებს.

შემდეგი გახლავთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ჩვენში იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს სავაჭრო დეფიციტი.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
საბანკო სექტორის ახალი რეკორდი და შიშნარევი მოლოდინები...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ცხადია, რომ ეს უარყოფითი ფაქტორია, ყოველწლიურად მიმდინარე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩვენ გვიწევს უცხოური პროდუქციის იმპორტი, რისთვისაც უცხოური ვალუტაა საჭირო. იმპორტიორებისთვის ძირითადად დოლარი და ევროა მუდმივად საჭირო. სტაბილურად შენარჩუნებული მოთხოვნა დოლარზე და ევროზე მათ სიძვირეს განაპირობებს, რაც, ცხადია, უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე... ლარი–დოლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შედეგად უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული და აგრეთვე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხები. მაჩვენებელი ძირითადად სტაბილურია და ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად არ აისახება...“

ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ვინაიდან ეროვნული ბანკის ხელთ არის ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მიმოქცევაში ფულის მასას აკონტროლებს. ამ კონტექსტში აქტუალურია სავალუტო ინტერვენციები, რისი მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების შევსება, გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და ქვეყნის საგარეო სალდოს დაბალანსებაა. როცა ლარი უფასურდება, ხშირად ისმის კრიტიკა, რატომ არ ერევა ეროვნული ბანკი...

გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
სავსე სეიფი და დამუხრუჭებული ლარი...

შოთა გულბანი: „ასეთ დროს ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენცია, როგორც მონეტარული ინსტრუმენტი, კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს. ეს პრობლემას დროებით მოხსნის. ეკონომიკისთვის და დედოლარიზაციის ხელშეწყობისთვისაც ჯობს, კურსი იყოს თავისუფალ ცურვაში, გაიწოვოს შოკები, შეძლებისდაგვარად შეასრულოს ბუფერის როლი და თავად იპოვოს წონასწორობის ახალი წერტილი. სავალუტო ინტერვენციები მიზანშეწონილია მხოლოდ სპეკულატიური ტრენდების შესანელებლად, მზარდი ინფლაციური მოლოდინების შესარბილებლად, აგრეთვე ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან ასაცილებლად, იმპორტის შეზღუდვის და ექსპორტის ზრდის სტიმულირებისთვის...“

არ უნდა დავივიწყოთ ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკაც. ამ მხრივ აღსანიშნავია ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა. როგორც წესი, ბიუჯეტი დეფიციტურია მაშინ, როცა მთავრობა იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა აქვს. დეფიციტის დასაფინანსებლად კი ხაზინის ნაშთებიდან ხდება მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დგინდება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე, სადაც მონაწილეობის უფლება აქვთ ლიცენზირებულ ადგილობრივ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს.

საარჩევნო ყუთთან - Sputnik საქართველო
რამდენი YES და რამდენი NO? ანუ საგამოცდო ბილეთები საარჩევნო ყუთში?!

დემურ გიორხელიძე: „თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართული საბანკო სექტორი ოლიგოპოლიურია, სადაც ბაზრის 75 პროცენტი ორ მოთამაშეზე მოდის, სავალუტო ბირჟაზე კურსის ფორმირების დროს დიდია არაფორმალური გავლენების ალბათობა და, შესაბამისად, სპეკულაციური კურსის მიღების რისკი. ამიტომ სასურველია გაიზარდოს კურსის ფორმირების პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობა და სხვა მსხვილ ორგანიზაციებსაც მიეცეთ ამის შესაძლებლობა, რომლებიც დაინტერესებული არიან ვალუტის ყიდვა-გაყიდვით. ამით ლარის კურსი ბევრად უფრო იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ამსახველი, ვიდრე ამჯერად არის...“

როცა ლარის გაუფასურების შედეგად გამოწვეულ უარყოფით ფაქტორებზე მიდის მსჯელობა, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს დადებით მხარეზე, რაც ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას გულისხმობს. მათი რჩევით, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში... რჩევას ყურად ვიღებ, დავაკვირდები და შთაბეჭდილებას უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ, მანამდე კი ვიტყვი, რომ ლარის ოფიციალური კურსის ფორმირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, მაშინ კითხვებიც ნაკლები იქნება და არც გამოცნობა დაგვჭირდება − ვინ რას საით აწვება და რატომ?..

 

ყველა ახალი ამბავი
0