საბანკო სექტორის ახალი რეკორდი და შიშნარევი მოლოდინები...

© photo: Sputnikლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო სექტორი ციფრებში. მზარდი აქტივები, შემოსავლები და მოგება. რას ელიან სპეციალისტები უახლოეს მომავალში, როგორი იქნება კომერციული ბანკების გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროზე?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით საფინანსო სექტორის მიღწევებს გამოვეხმაურები. კონკრეტულად რას გულისხმობთ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და მეც დავაკონკრეტებ: დიდი ხანია უცხო არ არის, რომ ჩვენში საბანკო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია და პრესტიჟული. არც ის გვიკვირს, რომ კომერციული ბანკების შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება და მოგებაც მატულობს. გამონაკლისი არც გასული წელი იყო, რასაც ეროვნული ბანკის მიერ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ინფორმაციაც ადასტურებს. მივყვეთ თანმიმდევრულად...

გასული წლის განმავლობაში კომერციული ბანკების შემოსავალმა 3 734 მილიონი ლარი შეადგინა. ბევრია ეს თუ ცოტა? სავარაუდოდ, ურიგო არ უნდა იყოს. გააჩნია ვისთვის, ალბათ ბრძანებთ თქვენ და მართალიც იქნებით. ფაქტია, რომ ეს მაჩვენებელი 151 მილიონი ლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოგება გაიზარდა 45 მილიონი ლარით და 914 მილიონი ლარი შეადგინა. ხარჯი ერთ წელიწადში დაახლოებით 450 მილიონი ლარით გაიზარდა და გასულ წელს ის 3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. კომერციულმა ბანკებმა ბიუჯეტში 123 მილიონი ლარი შეიტანეს.

გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
სავსე სეიფი და დამუხრუჭებული ლარი...

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის დამდეგს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 39 682 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 5 მილიარდით აღემატება.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება კომერციული ბანკების რეიტინგი გასული წლის აქტივების მიხედვით:

პირველ ხუთეულს „თიბისი ბანკი“ ლიდერობს 15.141.700.169 ლარით.

„საქართველოს ბანკი“ მეორეა, მისი აქტივები 13.764.236.168 ლარის ტოლია.

„ლიბერთი ბანკი“ 1.847.518.314 ლარით საპრიზო სამეულშია.

მომდევნო ორი ადგილი „ვითიბი ბანკი ჟორჯიასა“ და „პროკრედიტ ბანკს“ უკავიათ. თითოეულის აქტივები დაახლოებით მილიარდნახევარი ლარია.

თბილისი, პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
საზოგადოების გზავნილი ციფრებში, ანუ რას ფიქრობს ხალხი

„ბანკი ქართუ“ მხოლოდ მეშვიდეა „ბაზისბანკის“ შემდეგ. თხუთმეტი კომერციული ბანკის რეიტინგში ბოლო ადგილი „სილქ როუდ ბანკს“ უჭირავს 74.788.391 ლარით. დაწვრილებით ინფორმაციას კომერციული ბანკების აქტივებისა და რეიტინგის შესახებ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

თუ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს შევადარებთ, ბანკების აქტივები ამ მაჩვენებლის 96 პროცენტს შეადგენს! სხვისი არ ვიცი და მე კი, ჩვენი დროების შემხედვარემ, მინდა ვიკითხო, მაინც როგორ ახერხებს საბანკო სექტორი ყოველწლიურად სარეკორდო მაჩვენებლებზე გასვლას ქვეყანაში, სადაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში რესპონდენტების დიდი უმრავლესობა მთავარ პრობლემებად სიღარიბეს, უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებს ასახელებს?! როგორც ხელისუფლება აცხადებს, მოსახლეობის ერთი მესამედი ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძირითადად 4.5-5.5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. 

გადავხედოთ კომერციული ბანკების შემოსავლების სტრუქტურას და, სავარაუდოდ, კითხვაზე პასუხსაც მივიღებთ.

წაიკითხეთ ასევე: „ყურადღებით! კრედიტი ძვირდება?!"

კომერციული ბანკების შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოცულობა ე.წ. საპროცენტო შემოსავლებს უკავია 3 285 მილიონი ლარით. მათ შორის სესხებიდან ბანკებმა 2 897 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. გასული წლის განმავლობაში ბანკებმა, საკომისიოებიდან 389 მილიონი, ჯარიმა–საურავებიდან 84 მილიონი, ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან 222 მილიონის შემოსავალი მიიღეს. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს ექსპერტ-ანალიტიკოსების მრავალგზის ნათქვამს, რომ საბანკო სტრუქტურის შემოსავლების უდიდესი ნაწილი სესხებზე მოდის. თავისუფალმა, მეტიც, უპასუხისმგებლო დაკრედიტების პოლიტიკამ სხვა მრავალ „სიკეთესთან“ ერთად კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობის ზრდასაც შეუწყო ხელი. 

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
თვლადი და უთვლადი სიკეთე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს კრედიტორს?

გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 149.586.191 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება, მისი ღირებულება 56.9 მილიონი ლარია. ამავე პერიოდში დასაკუთრებული ქონების მოცულობით 46.7 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“, სამეულშია „ბანკი ქართუ“, რომლის ანგარიშზეა 25.3 მილიონი ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება. მომდევნო პოზიციები „ვითიბი ბანკსა“ და „ბაზისბანკს“ უკავიათ...

ექსპერტ-ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, რომ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით რეიტინგის პირველ ხუთეულში პოზიციები უკავიათ იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც აქტიური და აგრესიული საკრედიტო საქმიანობით გამოირჩეოდნენ. საინტერესოა, როგორი იქნება მონაცემები მიმდინარე წლის ბოლოს, ანუ შემოსავლების, მოგებისა თუ სხვა მაჩვენებლებში რა კორექტივებს შეიტანს საბანკო რეგულაციები. დარგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა“, შესაძლოა, პირველ ეტაპზე ნეგატიურად აისახოს სხვადასხვა სფეროში ბიზნეს-საქმიანობაზე. მაგალითად, სამშენებლო სექტორში უმუშევართა რაოდენობის ზრდას ელიან. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციები დარგში დასაქმებულთა დიდ ნაწილს დასაქმების პრობლემას შეუქმნის. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ქესატად მყოფი მექისე ანუ ეკონომიკის შავი და თეთრი...

ირაკლი როსტომაშვილი: „ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებამ კომერციულ ბანკებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ათჯერ შეამცირა იპოთეკური სესხების გაცემა. შედეგად, დეველოპერულ კომპანიებს 50 პროცენტით შეუმცირდათ უძრავი ქონების რეალიზაცია. რიგი კომპანიები უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ახალი დეველოპერული პროექტების დაწყებას. ქვეყანაში თვითდასაქმებული მოქალაქეების 30-40 პროცენტი სწორედ მშენებლობაზე, ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა სფეროებზე არიან დასაქმებული (ტრანსპორტი, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება და იმპორტი, კარ-ფანჯრის წარმოება, ავეჯის წარმოება, ელექტიკოსები, სანტექნიკოსები, მღებავები, კერამიკული ფილის დამგებები და ა.შ.). ყველაზე უხეში გათვლებით, ეს 80 000 დასაქმებულია, რომელთა უკან კიდევ 200 000 მოქალაქეა ოჯახის წევრების სახით. მარტივი არითმეტიკით, დაახლოებით 40 000 მოქალაქეს შეიძლება დასაქმების პრობლემა შეექმნას...“

სამშენებლო სექტორი ერთადერთი არ არის, სადაც საბანკო სფეროში დაწესებული თამაშის ახალი წესების შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. გაყიდვების შემცირებას მოელიან ავტოდილერები, შემოსავლების შემცირების მოლოდინია მომსახურების სფეროშიც...  საბანკო დარგის ექსპერტთა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალ რეალობასთან ადაპტირებას დრო სჭირდება. ეს ეხება ყველა იმ სფეროსა და საქმიანობას, სადაც მოქალაქეთა ეკონომიკური აქტიურობა საბანკო კრედიტზე იყო დამოკიდებული. 

დასკვნის სახით: უახლოეს მომავალში კომერციულმა ბანკებმა უნდა გაზარდონ ეკონომიკური პროექტების დაფინანსება. ეს უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ფაქტორი!

 

ყველა ახალი ამბავი
0