07:38 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ფულის კუპიურები

დაგროვების ხიბლი და რისკი... ანუ რა რის ფასად?

CC0 / Pixabay
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
961 0 0

ახალი საპენსიო სისტემა, ვალდებულებად ქცეული დანაზოგი, დაკარგული არჩევანის თავისუფლება და სისტემა, სადაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ნაკლებად სჯერათ. უზრუნველყოფილი სიბერე – მითი თუ რეალობა?

საკამათო არ არის, რომ საპენსიო სისტემის რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე თავისი მნიშვნელობით მასშტაბურია და ისტორიულიც. მიზანი − „დიადი, ნათელი“. კონკრეტულად? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. პენსიონერების ღირსეული ფინანსური სიბერით უზრუნველყოფა და ეკონომიკის მხარდაჭერა ფინანსური ინტერვენციების განხორციელებით − ეს იმ პოლიტიკური ერთობის ხედვაა, ვისაც უკვე სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა დონეზე ვანდეთ მართვის სადავეები. მეტიც, ახლა გვპირდებიან, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა რადიკალურად შეცვლის სოციალურ ფონს.

რეპლიკის სახით მივუთითებ, რომ არსებულის შეცვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუმჯობესებას. რეფორმის კონკრეტულ შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ იგრძნობს. შესაბამისად, ურიგო არ იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობას რეფერენდუმი ჩაეტარებინა, დაინტერესებულიყო, რას ფიქრობს დასაქმებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ყოველთვიურად თავისი შემოსავლის 2 პროცენტი სავალდებულო წესით საპენსიო ფონდში უნდა გადარიცხოს. პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ ამ კატეგორიას განეკუთვნება საქართველოს დასაქმებული მოქალაქე, რომლის ასაკიც, 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, არ აღემატებოდა ორმოც წელს. 

ასაკობრივი ზღვარი და სავალდებულო მონაწილეობა. ისევე, როგორც ახალი საპენსიო სისტემის სხვა მრავალ საკითხზე, ამ ორ კომპონენტზეც გაიმართა პოლემიკა. მკაფიოდ ითქვა, რომ ამგვარი პრაქტიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპენსიო მოდელებში. მაგალითად, ლიტვასა და პოლონეთში დაზოგვა სავალდებულოა ოცდაათ წლამდე მოქალაქეთათვის, ასაკობრივი ზღვარი ბულგარეთში ორმოცდაორი წელია. სავალდებულო კომპონენტებია ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ლატვიაში, რუმინეთში. საპენსიო ფონდში დასაქმებულთა შენატანები 5-6 პროცენტს შეადგენს, ლატვიაში კი 8 პროცენტია.

რატომ უნდა იყოს დაზოგვა გარკვეულ ასაკამდე სავალდებულო? ახალი თაობა მომავალში რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული სოლიდარულ საპენსიო სისტემაზე და მათ საკუთარი პენსიის უზრუნველყოფა თავად უნდა შეძლონ − ასეთია ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სოლიდარული საპენსიო სისტემის დატოვება და მისი მნიშვნელოვანი ზრდა ტვირთად დააწვება ეკონომიკას.

ანალიტიკოსი დავით ლომიძე: „ბოლო წლებში საპენსიო ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. მიმდინარე წელს აღნიშნული ხარჯი 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4.29 პროცენტს გაუტოლდება. ტენდენცია გაგრძელდება და ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკით პენსიონერთა რიცხვი 720 ათასს აღემატება. ამ ვითარებაში შესაძლებელია პენსიის გაზრდა ბიუროკრატიის და სხვა არამიზნობრივი ხარჯების შემცირების ფონზე, რასაც ექსპერტები მიუთითებენ, თუმცა ლიმიტის ფარგლებში. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 950 ათასს მიაღწევს. შესაბამისად, ათი წლის შემდეგ 300-ლარიანი პენსიისთვის საჭირო გახდება 3.4 მილიარდი ლარი, ანუ პრაქტიკულად ორჯერ მეტი, ვიდრე დღეს, როცა მინიმალური პენსია ორასი ლარია. სხვადასხვა გათვლებით, მთლიან შიდა პროდუქტში საპენსიო ხარჯების წილი რომ არ გაიზარდოს, საჭიროა ეკონომიკის ზრდა, სულ მცირე, შვიდი პროცენტის ფარგლებში. არადა, უახლოეს ათ წელიწადში არსებული ეკონომიკური ზრდის თუნდაც ხუთპროცენტიანი ტემპის შენარჩუნებით პენსიის თუნდაც 300 ლარამდე გაზრდა გამოიწვევს საპენსიო ხარჯის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.3 პროცენტამდე გაზრდას, რაც ძალიან მაღალი ხარჯვითი მაჩვენებელია. ეს კი ნიშნავს, რომ სულ უფრო ნაკლები თანხები დარჩება განათლებაზე, თავდაცვაზე თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ისევ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ნეგატიურად...“ 

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა აუცილებელია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალი პენსიის, ჩანაცვლების კოეფიციენტისა და ფისკალური მდგრადობის მისაღწევად. ახალი სისტემა, როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის დანერგვას. დაგროვებითი პენსია ინდივიდუალურად განისაზღვრება პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლებისა და განხორციელებული შენატანების მიხედვით. მოქალაქისთვის, ინვესტირების თვალსაზრისით, რეფორმა უნიკალურია, ვინაიდან მის მიერ ყოველთვიურად განხორციელებული, მაგალითად, 20-ლარიანი ინვესტიცია მას აძლევს სამოცლარიან უკუგებას. ეს დანაზოგების ზრდის კვალდაკვალ თანხის აკუმულირების საკმაოდ მიმზიდველი შესაძლებლობაა. მიუხედავად ამ მიმზიდველობისა, უამრავი საკითხი რჩება, რაც რეფორმის სრულისშტაბიან განხორციელებას შეუძლებელს ხდის. 

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „რეფორმა ეხება მხოლოდ დასაქმებულ ადამიანებს, რაც ნიშნავს, რომ დაგროვებას შეძლებენ კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები. ის, ვისაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს ან სოფლის მეურნეობაშია ჩართული, ანუ თვითდასაქმებული, პრაქტიკულად გამოთიშულია რეფორმას, ვინაიდან მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელების შესახებ, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ამ რეფორმით ვერ ისარგებლებენ პენსიონერებიც, ისინი მხოლოდ სოლიდარულ საპენსიო მოდელზე იქნებიან დამოკიდებული. რა ხდება სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში? და, კიდევ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეგროვებული თანხები არ დაიკარგება ან არ შეჭამს ინფლაცია თუ ბიუროკრატიული ხარჯები?..“

მოკრძალებულად მივანიშნებ – პასუხისმგებლობას საპენსიო სააგენტო იღებს, ის სახელმწიფო უწყებაა. თანხების ბრუნვას და ინვესტირებას კი კანონი არეგულირებს. პრობლემა ის არის, რომ თავად „პასუხისმგებლობაა“ ჩვენში მსუბუქი ცნება და მოქალაქეებს, რომელთაც კარგად ახსოვთ ოთხმოცდაიან წლებში დანაზოგების დაკარგვის ფაქტი, არ სჯერათ, მათ შორის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის. სააგენტო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მოსახლეობაში ნდობის ფაქტორი აამაღლოს, სხვაგვარად რეფორმას არ ექნება პერსპექტივა...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები