14:40 25 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
ფულის დათვლა

„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები

CC0 / Pixabay /Bru-nO
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
114610

როგორ დასრულდება ე.წ. ვალების განულების პროგრამა, რამდენად გაშლიან ფანტაზიას საფინანსო სექტორის ფიგურანტები და სანამდე გაიწვდენს საბანს ბიძინა ივანიშვილის ფონდი, ვინ განულდება და ვისთვის არ იქნება ხელგაშლილი თოვლის ბაბუა?

სამზადისი დაწყებულია, ათიოდე დღეც და ახალი წელი შემოაბიჯებს! ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელი ფინანსურად წარმატებული იქნება, ფულის იოლად შოვნის გზა გადაიკეტება, თუმცა შრომა დაფასდება... წესიერმა კაცმა რა უნდა ინატრო ამაზე მეტი?! თქვენი არ ვიცი, მე კი ახლა დარწმუნებული ვარ, ასტროლოგების ეს ვარაუდი საფინანსო ორგანიზაციების მესვეურებს ცუდად ენიშნათ. ცაზე ვარსკვლავების განლაგებას თავი რომ დავანებოთ, საფინანსო ბაზრის სუბიექტებს ეროვნული ბანკიც ჰპირდება, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტებით ადვილად გამდიდრება მალე წარსულს ჩაბარდება...

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ესტაფეტას ძაღლისგან ახლა ღორი გადაიბარებს და ტემპიც უფრო მაღალი ექნება. ეს მიუხედავად იმისა, რომ სიხარბე მისთვის არ არის უცხო.

მოულოდნელი არ იყო, როცა მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა სწორედ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. 

მამუკა ბახტაძე: „სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა. ის ხშირ შემთხვევაში წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება. სიღარიბის მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითიც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ...“

ორიოდე დღის წინ ქვეყნის პირველმა ბანკირმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა სერიოზული რისკია, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი სიფრთხილე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით არ არის ახირება და უსაფუძვლო პანიკა. ეს პრობლემაა. სწრაფი ზრდა როგორც იპოთეკურ, ისე სხვა სამომხმარებლო სესხებში რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მოწყვლადს ხდის მას შოკების მიმართ…“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და იქვე დასძინა, რომ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა მომავალში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს.

კობა გვენეტაძე: „საპროცენტო განაკვეთებზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება შეიცვალოს რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ინფლაცია იქნება ქვეყანაში. საპროცენტო განაკვეთის დინამიკას გრძელვადიან პერიოდში უნდა შევხედოთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. რისკფაქტორიანი მსესხებელი, რომელიც სესხს იღებდა ყოველგვარი შემოსავლის დადასტურების და შემოწმების გარეშე, რისკ-ჯგუფში აღარ იქნება, რადგან დაადასტურებს შემოსავალს და აღარ გადაიხდის მაღალ საპროცენტო განაკვეთს...“ 

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ საბანკო რეგულაციების ერთი ნაწილი ეტაპობრივად უკვე ამოქმედდა მიმდინარე წლის მაისისა და აგვისტოს თვეებში. დასკვნითი ეტაპი კი მომავალი წლის პირველივე დღიდან დაიწყება. გამკაცრდება ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემაზე. ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით სესხის ყოველთვიური მომსახურების ე.წ. ლიმიტების დადგენა. დგინდება ვადები ამა თუ იმ ტიპის სესხებზე. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა თხუთმეტი წელია, ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა ათი წელი შეიძლება იყოს. ავტოსესხის მაქსიმალური ვადა ექვსი წელია. ყველა სხვა ტიპის სესხის ხანგრძლივობა ოთხ წელს არ უნდა აჭარბებდეს...

საფინანსო ბაზარი თამაშის ახალი წესების ამოქმედების მოლოდინშია. როგორი იქნება შედეგი, ამას დრო გვიჩვენებს. ამასობაში ვალების განულების პროგრამა გრძელდება, ის ტემპს იღებს და, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, დღეისათვის 580 000 ადამიანი უკვე ამოღებულია შავი სიიდან... მისივე განცხადებით, ახალი წესები, რაც საფინანსო სექტორში დაინერგა, მომავალში გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. აქვე გეტყვით, რომ ვალების განულება, შესაძლოა, დიდი მოცულობის ხანდაზმულ სესხებსაც შეეხოს, – ეს მართლაც ოქროს სიტყვები ბანკების ასოციაციის თავმჯდომარეს ალექსანდრე ძნელაძეს ეკუთვნის, მაგრამ ის არ აკონკრეტებს ამ ტიპის სესხებიც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ შეისყიდა, თუ კომერციულმა ბანკებმა „აპატიეს“ მსესხებლებს. 

ალექსანდრე ძნელაძე: „შესაძლოა, მოხდეს ხანდაზმული, დიდი მოცულობის სესხების პატიებაც, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან დეტალები ზუსტდება... მაგრამ იმის თქმა კი დაზუსტებით შეგვიძლია, რომ თუ მოქალაქემ საკუთარი თავი ვალების განულების ვებ-გვერდზე vali.ge აღმოაჩინა, მას სესხის მოცულობის განურჩევლად დავალიანება გაუნულდება...“

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ საკრედიტო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე მკვდარ სულებს აცოცხლებენ, თაღლითობენ და საქველმოქმედო ფონდისგან იმაზე მეტი მოგების მიღებას ცდილობენ, ვიდრე ეკუთვნით. www.vali.ge-ზე ბევრი მკვდარი სული ამოტივტივდა. მოქალაქეებს, რომელთაც კრედიტი ჰქონდათ და გარდაიცვალნენ, ნათესავები განულებული სესხების სიაში პოულობენ. ეს, რასაკვირველია, არ ეხება ყველა სესხს. საუბარია შემთხვევებზე, როცა პირს ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა, ბანკმა ან სხვა საფინანსო ინსტიტუტმა კი ახლობლებისგან მხოლოდ გარდაცვალების ცნობა მოითხოვა სესხის გასაუქმებლად. ირკვევა, რომ რაც ახლობლებისთვის ვალდებულებად აღარ ითვლებოდა, საფინანსო ინსტიტუტებმა ახლა „ქართუს“ გასასტუმრებლად მიიჩნიეს და ჯარიმა-საურავების ჩათვლით სიები ბიძინა ივნიშვილის ფონდს გაუგზავნეს. არა აქვს საზღვარი „ნიჭიერებას“... 

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს: მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომლებიც მას სიკვდილის მომენტისთვის ჰქონდა. მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.

როგორც ფონდ „ქართუში“ აცხადებენ, კომერციული ბანკების მიერ გადმოგზავნილი მონაცემები ეროვნულ ბანკში გადამოწმდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ფონდში. მონაცემებს ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სესხის გასანულებლად თავის მხრივ ფონდიც ამოწმებს და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„მოგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულებების სამართლებრივ შედეგს. სადაზღვევო შემთხვევები, გარდა სპეციალური კანონმდებლობისა, ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსით რეგულირებას“, – განმარტავს ეროვნული ბანკი და აქვე დასძენს, რომ ეს საკითხი არ არის მათი რეგულირების სფერო. სიები ფონდ „ქართუს“ კრედიტორებმა მიაწოდეს...

როგორ დასრულდება ე.წ. ვალების განულების პროგრამა, რამდენად გაშლიან ფანტაზიას საფინანსო სექტორის ფიგურანტები და სანამდე გაიწვდენს საბანს ბიძინა ივანიშვილის ფონდი, ვინ განულდება და ვისთვის არ იქნება ხელგაშლილი თოვლის ბაბუა? – პასუხები ამ კითხვებზეც დროს მივანდოთ... 

მთავარი თემები