ღომი (ლათ. Setaria italica) — ერთწლოვანი კულტურული მცენარეა და ის მარცვლოვანთა ოჯახს მიეკუთვნება. საქართველოში ამჟამად მისი 23 სახესხვაობაა დაცული.
საქართველოში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში, უხსოვარი დროიდან მე-17 საუკუნემდე ძირითადი სასურსათო კულტურა ღომი იყო. კოლხები და მათი მონათესავე ტომები ღომის კილგაცლილი მარცვლისგან სქელ ფაფას ამზადებდნენ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ღომის ღომის სახელწოდებით იცნობდა.
ღომის ღომს მეგრულად „ჩხვერს“ ეძახდნენ. სამეგრელოში მცხოვრები უხუცესების გადმოცემით „ჩხვერის“ ღომის მარცვლისგან ფაფასაც ამზადებდნენ — „ჩხუკას“ სახელწოდებით, რომელიც ნიგვზითა და თაფლით იყო შეზავებული და ეს საუცხოო კონცენტრირებულ საკვებად ითვლებოდა. გარდა ამისა, ღომს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მისგან მზადდებოდა გაციების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობაში „ტიბუს“ სახელით იყო ცნობილი, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ღომის ღომს, როგორც ადვილად მოსანელებელ დიეტურ საკვებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდაც იყენებდა.
აგრო სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი მამანტი როგავა ღომის სამკურნალო თვისებებს სწავლობს. მისი თქმით, ღომის მარცვალი ცილებსა და ვიტამინებს მრავლად შეიცავს და შეიძლება მთლიანად შეავსოს ადამიანის დღიური რაციონი, თუ რა თქმა უნდა მას საჭირო რაოდენობით მიიღებს.
„ღომი დიეტური საკვებია. ამავე დროს ის ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება. რაც შეეხება სიმინდს, ის ღომთან შედარებით არასრულფასოვანი საკვები პროდუქტია და ზოგჯერ ისეთი ჰორმონების დათრგუნვას ან პირიქით ზრდას იწვევს, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება მოაქვს. “- თვლის მამანტი როგავა.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ინეზა მაისაიამ თავისი დისერტაცია ღომის თემას მიუძღვნა. მისი თქმით, ეს უძველესი კულტურა საქართველოს გარდა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში — ჩინეთში, ინდოეთში, მანჯურიასა და კორეაში არის დაფიქსირებული.
„რიგი მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ღომი აღმოსავლეთ აზიიდან, კერძოდ ჩინეთიდან შემოვიდა, ხოლო რიგი მეცნიერების მოსაზრებით კი ჩვენს ქვეყანაში ღომის წარმოშობის ერთ-ერთ კერად კოლხეთია მიჩნეული. წინა საუკუნეებში კოლხეთში ძალიან ტენიანი კლიმატი იყო, ღომი კი ზოგადად უფრო ტენის მოყვარულია და სხვა პირობებში მორწყვას საჭიროებს“-აღნიშნა ინეზა მაისაიამ.
ინეზა მაისაიას თქმით, ძველ დროში კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული რწმენა, რომ ღომის პროდუქტებით კვება ერთგვარ კეთილ გავლენას ახდენდა ადამიანის ორგანიზმზე და ვინც ღომის ღომით იკვებებოდა მეტ სიმხნევეს და შრომისუნარიანობას გრძნობდა.
„მწიფე ღომის თავთავის აღება მშრალ პირობებში უნდა მომხდარიყო, რადგან შემდეგ ძნელი იყო მისი გამოშრობა. თავთავებს ბეღელში აწყობდნენ. საჭიროების შემთხვეაში გამოჰქონდათ და ორჯერ ცეხვავდნენ. შემდეგ კილგაცლილ მარცვალს ანიავედნენ ქარიან ამინდში და სპეციალურ ჭურჭლებში ინახავდნენ. ყველაზე რთული თავთავის გაცეხვა იყო, რადგან კილი ძალიან მჭიდროდ ეკვროდა მარცვალს. შემდეგ როცა სიმინდის კულტურამ ფეხი მოიკიდა, ღომი უკვე მხოლოდ საპატიო სტუმრებისთვის ჰქონდათ შენახული“ — გვიამბო ინეზა მაისაიამ.
ღომის იგივე „ჩხვერის“ მარცვალი საეკლესიო რიტუალებშიც გამოიყენებოდა როგორც დოვლათის სიმბოლო.
ინეზა მაისაიას აზრით, ღომის გადაშენების ძირითადი მიზეზი აგროტექნიკის შრომატევადობაა, კერძოდ მათი მარცვლად გამოყენების სიძნელე. რამდენადაც მარცვლის გამოცეხვა (კილის მოცილება) მეტად პრომიტიული ხელსაწყოთი —„ჩამურით“ ხდებოდა. მართალია ქართველი ხალხი ასე ადვილად არ თმობდა საუკუნეების მანძილზე ათვისებულ ღომს, მაგრ ამ მე —19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ პროცესმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო.
„აუცილებლია შემუშავდეს ღომის მოყვანის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ამ კულტურის წარმოებას ნაკლებად შრომატევადს გახდის“- თვლის ინეზა მაისაია.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა თვლის, რომ სიმინდმა იმიტომაც შეძლო ღომის ჩანაცვლება, რომ უფრო ადვილი მოსავლელია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ღომი უფრო გვალვაგამძლეა ვიდრე სიმინდი.
„ქართველ კაცს ურჩევნია, რომ სიმინდთან ქონდეს საქმე ვიდრე ღომთან. მას ეზარება თავთავის აღება, მერე მისი გაშრობა დაგაცეხვა, რადგან ბუნებით ძალიან ზარმაცია“ —მიაჩნია ლალი გოგინავას.
შედარებისთვის: ღომის მოსავალი1 ჰა ფართობზე დაახლოებით 6-დან 9 ტონამდეა. მაშინ როცა წითელი სიმინდის „ჰიბრიდის“ საჰექტარო მოსავალი 5-6 ტონაა, ხოლო „აჯამეთის თეთრის“ საჰექტარო მოსავალი 2,5-3 ტონაა 1 ჰა ფართობზე.
რაც შეეხება ღომისგან ღომის მომზადების ტექნოლოგიას, ეს პროცესი სიმინდთან შედარებით უფრო მარტივია. ამ სასურსათო კულტურას წვრილი მარცვლები აქვს და მას დაფქვა არ სჭირდება. გარეცხილი ღომი პირდაპირ იყრება ადუღებულ წყალში და კარგად იხარშება.
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით ბოტანიკის ინსტიტუტი ყოველწლიურად თესავს ღომს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და საპატრიარქოს ნაკვეთებზე მისი შენარჩუნებისა მიზნით და უკვე საკმარისი თესლმარაგიაცაა შექმნილი, თუმცა საქართველოში ამ უძველესი კულტურის აღორძინებას არ ჩქარობენ.
ფერმერებში ღომის პოპულარიზაციას
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ეწევა. ორგანიზაცია რამდენიმე წელია მსურველებს გურიაში ამ მცენარის თესლს ურიგებს და მის მოყვანას ასწავლის, თუმცა, როგორ ასოციაციაში აღნიშნეს, ღომმა მოსახლეობაში ფეხი ფართოდ ვერ მოიკიდა და დღეს მას მხოლოდ რამდენიმე ათეული ფერმერი თესავს.
ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის მენეჯერის თამაზ დონდუას თქმით, ფერმერებში ღომის კულტურის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია და ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ ქართველმა მომხმარებელმა ღომი დიდი ხანია დაივიწყა. გარდა ამისა, ღომის მოყვანას ხელს ფრინველებიც უშლიან. ისინი მცენარის თავთავს ეტანებიან და მათგან ნათესების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ღომის დიდი რაოდენობით მოყვანის შემთხვევაში გლეხს საცეხველის მოწყობაც დასჭირდება, რაც დამატებითი ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ღომი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ის არ დაიკარგოს. რაც შეეხება ამ სასურსათო კულტურის აღორძინებას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ნიშა პროდუქტად ჩამოყალიბდება. მერწმუნეთ, საქართველოში ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომლსაც ნამდვილი ღომის დაგემოვნების სურვილი ექნება“- მიაჩნია თამაზ დონდუას.