12:09 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)
51050

რით მოხიბლა საქართველომ, როგორ აეწყო აქ ცხოვრება და როგორ უნდა აქციო ჰობი პროფესიად - ამ და სხვა მრავალის შესახებ პროექტს „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ სომხეთის მკვიდრმა არკადი ხარაჯიანმა უამბო.

არკადი ყოფილი რადიოინჟინერია, მუშაობდა სხვადასხვა სფეროში: ტექნიკის რემონტიდან დაწყებული მეწარმეობამდე დამთავრებული. დღეს ის მარკეტინგში საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალისტია, ხელმძღვანელობს სუპერმარკეტების მსხვილი ქსელის ქართულ ქვეგანყოფილებას და ძალზე კმაყოფილია იმით, რომ საქართველოში ცხოვრობს.

ჩემი ნაცნობობა საქართველოსთან შავი ზღვისკენ — ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში მოგზაურობით დაიწყო… მოხიბლული ვიყავი! სხვათა შორის, ვოცნებობ, კარგად დავათვალიერი საქართველოს სხვა რეგიონებიც, მაგრამ დრო ჯერჯერობით არ მაქვს…

ჩემი სპეციალობა, ასე ვთქვათ, ჰობიდან ამოიზარდა და დავრწმუნდი, რომ საყვარელი საქმე შეიძლება სამუშაო გახდეს. განათლებით რადიოინჟინერი ვარ, დავამთავრე სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. გარდა ამისა, დავინტერესდი და შევისწავლე მხატვრული ფოტოგრაფია,  დიზაინის საქმე, ეკონომიკა… ასე თანდათანობით ვიპოვე კიდეც საკუთარი საქმე.

არკადი ხარაჯიანი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
SPUTNIK/ LEVAN AVLABRELI
არკადი ხარაჯიანი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე

სამშობლოში ბევრი რამის გაკეთება მიწევდა. სკოლის წლებში, მაგალითად, ვაგროვებდი ავტომობილის სიგნალიზაციებს, სტუდენტობისას მუსიკალური კასეტების მაღაზია გავხსენით, შემდეგ — დისკებისაც. მოგვიანებით პატარა ვიდეოსტუდიაც გაჩნდა… ვმუშაობდი ელექტრონიკის დიდი სომხური მაღაზიის სერვის-ცენტრში, ასევე სუპერმარკეტების ქსელში ალკოჰოლური სასმელების მენეჯერად. საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რუსული მობილური ოპერატორის მსხვილ კომპანიაში მარკეტინგით ვიყავი დაკავებული. სამუშაო, რა თქმა, უნდა, ცუდი არ იყო, მაგრამ საკუთარი საქმის გახსნა მინდოდა. სომხეთში ძალიან ხისტი კონკურენციაა იმის გამო, რომ იქ ბაზარი უფრო დაკეტილია, რომ გადარჩე, კომპანიებმა სერვისის ხარისხი მუდმივად უნდა აამაღლონ. ამასთან, მრავალი ბარიერისა და სიძნელის გადალახვა გიწევს. ამიტომ არჩევანი საქართველოზე შევაჩერე, სადაც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ადვილია დაფუძნება და საკუთარი ბიზნესის განვითარება, არის პატიოსანი კონკურენციის პირობები, რაც ბაზრისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. აი, პირველ რიგში, რამ მიმიზიდა…

როცა ჩამოვედი, პირველ რიგში, საგარანტიო მომსახურების სფეროში მუშაობის ზოგიერთი ნიუანსი შევისწავლე და მალე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომსახურება დავიწყე. მით უფრო, რომ მსგავს დარგში ადრეც ვმუშაობდი. ასე რომ, ჩემი დღევანდელი საქმიანობა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ინტერესებთან, პროფესიასა და გამოცდილებასთან იკვეთება. გარდა ამისა, საქართველოში, ჩემი აზრით, ამ სფეროში თავისუფალი სეგმენტებიც არის… სამწუხაროდ, პრობლემასაც შევეჯახე, რომელიც ტიპურია არა მხოლოდ საქართველოსთვის — კვალიფიციური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. სიძნელე ისაა, რომ ადგილობრივ ოსტატებს, რომელთაც საკმარისი კვალიფიკაცია არა აქვთ, დიაგნოსტირების ნაცვლად, როგორც წესი, მაშინვე მოწყობილობის მთელი შიგთავსის გამოცვლის დასკვნა გამოაქვთ, რაც ეკონომიკურად მომგებიანი არაა. მარტო მე ყველაფერს ვერ ავითვისებდი. ამიტომ ამ ბიზნესის დახურვა მომიწია.

ისე მოხდა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიამ, რომელშიც სომხეთში ვმუშაობდი, საქართველოში მაღაზია გახსნა. დავუბრუნდი ჩემს ძველ გუნდს და აქაური ფილიალის ხელმძღვანელი გავხდი.

ახლაც ასევე მუდმივად ვაწყდები პერსონალის აყვანის პრობლემას, ეს ხანდახან ძალიან მაწუხებს და ხელს მიშლის. მაგრამ ისე ხომ არ ხდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად წავიდეს. სიძნელეებს თავისი ხიბლი აქვს და მათი გადალახვა მიყვარს…

მაგრამ ჩემი საქართველოში გადმოსვლის მიზეზი მხოლოდ ბიზნეს-გარემო არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ პირველივე ჩამოსვლისას აღმოვაჩინე, რომ აქ ადამიანები საკმაოდ გახსნილი, მეგობრული და კეთილგანწყობილი არიან და მთლიანად, ატმოსფეროც სასიამოვნოა, ამიტომ თავი ძალზე კომფორტულად ვიგრძენი. ეს მნიშვნელოვანია, ჩვენი ცხოვრება ხომ მხოლოდ სამუშაო არ არის, რაც უნდა პერსპექტიული იყოს. ყველანი ადამიანები ვართ, გვინდა ურთიერთობები, გართობა და დამსახურებული დასვენებით დატკბობა… თავდაპირველად მარტო ჩამოვედი, რამდენადაც, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ჩემი რჩეულის ხელისა და გულის მოგება შევძელი, რომელიც სომხეთში ცხოვრობდა… მასაც მოსწონს საქართველოში და ისიც, ჩემსავით, აქ ვერ ხედავს სერიოზულ სიძნელეებს, რომელიც მშვიდად ცხოვრებაში შეგვიშლიდა ხელს… 

არკადი ხარაჯიანი სამსახურში
SPUTNIK/ LEVAN AVLABRELI
არკადი ხარაჯიანი სამსახურში
 

საქართველოში გატარებულმა დრომ ჩემში ბევრი რამ შეცვალა. მაგალითისთვის ელემენტარული შემიძლია მოვიყვანო — გემოვნება. ავიღოთ თუნდაც ღვინისადმი დამოკიდებულება. სომხეთში ღვინო უფრო „ქალების“ სასმელად ითვლება, მამაკაცები უფრო არაყსა და კონიაკს ეტანებიან. ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მე, ასე ვთქვათ, სერიოზულად არ ვეკიდებოდი ქართულ ღვინოს, სანამ თვითონ არ გავსინჯე. უფრო ზუსტად, არ ვიცოდი, რა არის ნამდვილი ღვინო, სანამ შინაური ღვინო არ დავლიე… და მივხვდი, რომ ამით ქართველებმა ნამდვილად უნდა იამაყონ! ისევე, როგორც მრავალფეროვანი და საოცრად მადის აღძვრელი ეროვნული სამზარეულოთი! სხვათა შორის, ბოლო წლებში სომხეთში ქართული რესტორნები სულ უფრო პოპულარული ხდება. როცა იქ მივდივარ, ვხედავ, რომ თავისუფალი ადგილი არ არის ხოლმე. ხალხს ძალიან მოსწონს ქართული კერძები მრავალი ტრადიციული არომატული სუნელებით… უკვე ისე მივეჩვიე ადგილობრივ სამზარეულოს, თითქოს ბავშვობიდან ამ კერძებით  ვიტკბარუნებდი პირს.

ქართულ ენასაც ვსწავლობ. შეიძლება ითქვას, უკვე გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე — ვისწავლე ქართული ასოები, შემიძლია კითხვა და ყოფით დონეზე ურთიერთობა. ენის კურსებზე წასვლას ვაპირებ, თუ, რა თქმა უნდა, დრო მექნება…

ხშირად მეკითხებიან,ძალიან განსხვავდება თუ არა საქართველო და სომხეთი ერთმანეთისგან და გამიჭირდა თუ არა სხვა ქვეყანასთან, ადამიანებთან შეგუება… სომხებმა და ქართველებმა მსგავსი ისტორიული გზა გაიარეს. ორ ხალხს ბევრი აქვს საერთო, მაგრამ განსხვავებაც ბევრია.

ხშირად ჩავდივარ სომხეთში, თვეში ერთხელ მაინც — ერევნამდე სულ რაღაც ოთხი საათის სავალი გზაა… დღეს, ინტერნეტით ურთიერთობების ჟამს, ხანდახან ვერც კი გრძნობ, რომ ახლობლებისგან შორს ხარ. ვეჭვობ, რომ ჩემი მეგობრები იქ ერთმანეთთან იმაზე ხშირად ურთიერთობდნენ, ვიდრე მე მათთან. ეს, შესაძლოა, იმით აიხსნება, რომ ყველას თავისი საქმე და საზრუნავი აქვს, ეს თანამედროვე სამყაროსთვის უკვე რაღაც ნორმა გახდა.

ჩანაფიქრი ბევრია, უკვე გეგმაშია — წინასწარ არ მინდა ვთქვა… ერთი სიტყვით, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ. და დარწმუნებული ვარ, მიზნად დასახული რეალიზებული იქნება.

მინდა, საქართველო უკეთ გავიცნო, მისი ტრადიციები, ხალხის ნირი და ჩვეულება, განსაკუთრებით ცალკეული რეგიონნების. საქართველო ხომ ენით აღუწერელი სილამაზისა და მდიდარი კულტურის მქონე უძველესი ხალხის ქვეყანაა. აქ ცხოვრება საინტერესოა.


თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)

მთავარი თემები