ნორვეგიელი სვენ ვოგე წლებია, საქართველოში ცხოვრობს, კარგად იცნობს ქართულ კულტურას და მის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ტრიოში "გიორგი“ ქართულ სიმღერებს პროფესიონალურად ასრულებს. ორი ნორვეგიელისა და ქართველისგან შემდგარი ტრიო კონცერტებსა და ტურნეებს ხშირად მართავს. ქართული სიმღერა ბატონმა სვენმა თავისი ნათლიისგან, გიორგი უშიკიშვილისგან შეისწავლა. საკუთარ სახლში კი მეუღლესთან, ხელოვან თამარ ლომიძესთან ერთად ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრი დააარსა. აქ მისი ისტორიული სამშობლოდან ხშირად ჩამოდიან სტუმრები, რომლებსაც ის ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის და ქართულ კულტურას აზიარებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბატონი სვენის მოსაზრებები ჩვენზე, უფრო უცხოელის კი არა, ახლობელი ადამიანის პოზიციიდან გამოთქმული გულწრფელი აზრებია…
- ბატონო სვენ, დღეს საქართველოში ბევრი გიცნობთ, გაიხსენეთ როდის და რით დაიწყო თქვენი ურთიერთობა საქართველოსთან?
— ეს ადრე იყო, მაშინ ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში ვცხოვრობდი და პირველად ქართული ხალხური სიმღერა ერთ-ერთ მაღაზიაში შემთხვევით მოვისმინე. ეს იყო “ჩაკრულო“, ამ სიმღერით ისე მოვიხიბლე, რომ მაშინვე გადავწყვიტე ჩავსულიყავი საქართველოში, სადაც სასიმღერო კულტურის ასეთი ძველი და ღრმა ტრადიციაა. სურვილი გამიჩნდა, რომ გამეცნო ქვეყანა, სადაც ასეთი ლამაზი სიმღერები იქმნება და 1996 წელს საქართველოში პირველად ჩამოვედი.
- დღეს თქვენ ქართული ოჯახი გაქვთ და ვაჟიშვილს, ლუკას ქართული ტრადიციების მიხედვით ზრდით, თქვენი ნორვეგიელი ნათესავები ამ ფაქტს როგორ ხვდებიან?
— მათ ეს არ უკვირთ, რადგან მე და ჩემს მეუღლეს ქართულ-ნორვეგიული ოჯახი გვაქვს. თანაც ახლა საქართველოში ვცხოვრობთ და სხვანაირად აბა, როგორ შეიძლება? რა თქმა უნდა საჭიროა, რომ ორივე მხრიდან იყოს დაცული ტრადიციები, თუმცა ძირითადად ისინი მაინც ქართული უნდა იყოს. რა თქმა უნდა ჩვენი შვილი პირველ რიგში აქაური ტრადიციებით უნდა გაიზარდოს.
- ბატონო სვენ, თქვენ იმდენად გიყვართ ქართველი და ნორვეგიელი ხალხი, რომ საკუთარ სახლში, სადაც სამხატვრო გალერეა მოქმედებს, 13 დეკემბრიდან ქართულ-ნორვეგიული ცენტრიც დააარსეთ.
— დიახ ჩემს გალერეაში ქართულ-ნორვეგიული ცენტრი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა და გახსნაზე თბილისში ნორვეგიიდან საპატიო სტუმრები ჩამოვიდნენ. ჩვენს ცენტრში ხშირად ჩამოდიან ნორვეგიელები, რომლებსაც საქართველოს კულტურაზე ტრენინგებსა და სემინარებს ვუტარებთ. ნორვეგიელებს შორის ძალიან ბევრია ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის მსურველი, რომლებსაც ქართულ სიმღერებს ვასწავლი. თვითონ მე ქართული სიმღერა გიორგი უშიკიშვილისგან ვისწავლე, მან მართლმადიდებლურად მომნათლა. ჩვენთან ასევე ჩამოდიან ქალბატონები, რომლებიც ქართული ლიტერატურითა და ხალხური ზეპირსიტყვიერებით არიან დაინტერესებული. მჯერა, ამ ცენტრის საშუალებით საქართველო ბევრ ერთგულ მეგობარს შეიძენს.
- ცნობილია, რომ ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმავალი გზა პიროვნულ თავისუფლებაზე უნდა გადიოდეს. მაინტერესებს, თქვენი გადასახედიდან პიროვნულად რამდენად თავისუფლები ვართ ქართველები?
— საერთოდ ნორვეგიელებისა და ქართველების შედარება ძალიან ძნელია, რადგან ქართული და ნორვეგიული ტრადიცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, რაც სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტის დროს მჟღავნდება. არის მომენტი, სადაც ქართველი უფრო თავისუფალია, ვიდრე ნორვეგიელი, მაგრამ ზოგჯერ ქართველია უფრო შებოჭილი. ნორვეგიას აქვს თავისი ძველი კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ დღემდე მივდევთ და ყოველთვის ვიცავთ. მეორე მხრიდან ჩვენი ტრადიციები ურთიერთობაში გვზღუდავს. მაგალითად, მე მინდა, რომ მეგობრებთან ერთად პირდაპირ წავიდე იმ მეგობართან, რომელიც ნახევარი წელი არ მინახავს. საქართველოში ეს პრობლემა არ არის და არავის უკვირს, მაგრამ ნორვეგიაში ასეთ რამეს ვერ გააკეთებ. მეგობარსაც კი წინასწარ უნდა შეუთანხმდე, თუ სცალია და თუ მიგიღებს. ამ თვალსაზრისით ქართველები უფრო თავისუფლები ხართ, ვიდრე ნორვეგიელები, რომელიც გარკვეულ წესს ემორჩილებიან. არ მომწონს ქრთველების საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა, თავისუფლად რომ შეუძლიათ წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრაზე დაგვიანებით ან სულ არ მოვიდნენ. ეს არ არის თავისუფლება- ეს უპასუხისმგებლობაა. არ მომწონს, როცა ქართველები მანქანებს იქ აჩერებენ, სადაც აკრძალვის ნიშნებია და საერთოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა რომ არ გიყვართ,- ეს არ მომწონს…
- ბატონო სვენ, როგორ გრძნობს თავს ნორვეგიელი მამაკაცი ქართულ ოჯახში?
— შემიძლია, ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ ჩემს ქართულ ოჯახთან ერთად, ჩემი ქართველი მეუღლე იმის საშუალებას მაძლევს, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო. ის ხელოვანია და მასთან ერთად ყოფნა საინტერესოა. რაც აქ ჩამოვედი, ვგრძნობ, უფრო განვითარებული ვარ, ვიდრე საქართველოში ჩამოსვლამდე ვიყავი. ჩვენს ურთიერთობას რაც ეხება, ჩემი აზრით მამაკაცმა ყოველ დღე უნდა შეახსენოთ საყვარელ ქალს, რომ უყვარს. მართალია, ცხოვრება ძალიან ძნელია, თანაც როცა ამდენი საქმე გაქვს და დაკავებული ხარ, ხანდახან ეს გავიწყდება კიდეც, მაგრამ ტკბილი სიტყვები ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია.
- როცა კარგ ხასიათზე ხართ, რომელ ქართულ სიმღერას მღერით?
— გააჩნია, სად ხარ, რა სიტუაციაში და ვისთან ერთად ხარ. ესაა ქართული სიმღერის ფენომენი, რომ ყველა კუთხის სიმღერას თავისი ხასიათი და განწყობა აქვს. აი, მაგალითად კახეთში რომ ჩავდივარ, სადაც კარგი კახური ღვინო და პურ-მარილია, რა თქმა უნდა კახური სიმღერა მინდება! ეს იმას არ ნიშნავს, რომ გურული ან სვანური სიმღერა ნაკლებად მიყვარს, უბრალოდ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. გურიაში მოგინდება, რომ გურული კრიმანჭული შემოსძახო. გურული პოლიფონია-ეს ხომ საოცრებაა…
- თქვენი თბილისური სახლი აბანოთუბნის ისტორიულ ადგილასაა…
— დიახ, ჩვენი სახლიდან საოცარი ხედი იშლება: სამება, მეტეხი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ნარიყალა, ჩანჩქერი… ყველაფერი ჩანს. არვიცი, მსოფლიოში ამაზე უკეთეს ადგილას, სად უნდა იცხოვრო?!.. ჩვენი სახლი კულტურული ძეგლია და ყველანაირად ვცდილობთ, მას გავუფრთხილდეთ. რემონტის დროს, როცა გალერეას ვაკეთებდით, კედლები ჩამოვფხიკეთ, მასზე ძველი ნახატები აღმოჩნდა და ისინი ხელუხლებლად დავტოვეთ.
- დიდი მადლობა და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ თქვენს თბილისურ სახლში…