17:42 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
240 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 აპრილს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს, გარდა ამისა იხსენიებს 6000 გარეჯელ მოწამეს, ღირს ეფრემ დიდს, ღირს აკაკის, მელიტინელ ეპისკოპოსს, ღირს ზოსიმეს, სოლოვეცკელ იღუმენს, მოწამე ადრიანეს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის ეს ხატი დაწერილია ლუკა მახარობლის მიერ, ჯერ კიდევ წმინდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების დროს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თაყვანსაცემი სიწმინდეა.

ღვთისმშობლის ეს უძველესი ხატი საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში მე-11 საუკუნიდან ინახება.

ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. საქართველოში კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა ასლებიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.

6 000 გარეჯელი მოწამე

1615 წელს სპარსეთის შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

სპარსელებმა პირველად წინამღძვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად.

ეფრემ დიდი მაწყვერელი

ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე და თანამოღვაწე.
წმიდა ეფრემმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით საქართველოს ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ).
წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი.
წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.

აკაკი მელიტინელი

ღირსი აკაკი მელიტინელი (+435) დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინაში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც, ყრმა აკაკი მილიტინის ეპისკოპოსს ოტრიას მიაბარეს.

ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი.

ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე აღიყვანეს წმიდა აკაკი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩილებისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს.

წმიდა აკაკი მშვიდობით მიიცვალა 435 წელს.

ზოსიმე, სოლოვეცკელი იღუმენი

ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478). რუსეთის ეკლესიის უდიდესი ლამპარი, ბერების სამყოფელის დამაარსებელი სოლოვკის კუნძულზე, დაიბადა ნოვგორდის ეპარქიაში ონეგის ტბის მახლობლად. ის სიყრმითგან ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქონება დაარიგა და ბერად აღიკვეცა.

განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს, რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ.

დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს მიწა.

როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, მამა ზოსიმემ მათთვის ააშენა ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი თხოვნით ნოვგოროდიდან ახლადდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და ჩამოიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღირსმა ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (+1478 წ, 17 აპრილი).

მოწამე ადრიანე

წმიდა მოწამე ადრიანე (+251) ქრისტეს აღსარებისათვის დაატუსაღეს იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ერთ წარმართულ დღესასწაულზე უმღრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოუშვეს საპატიმროებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმიდა ადრიანესაც უბრძანეს, სამსხვერპლოზე საკმეველი დაედო, მაგრამ მოწამემ შემოწირული ძღვენი ძირს ჩამოყარა, ცეცხლი ჩააქრო და სამსხვერპლო დაარბია. გაბოროტებულმა წარმართებმა სასტიკად ცემეს წმიდანი და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით

მთავარი თემები