02:09 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 5 მაისი

© Sputnik / STRINGER
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (66)
8610

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 5 მაისს კვირაცხოვლობას აღნიშნავს.

 

საეკლესიო კალენდარში 2019 წლის 5 მაისს ასევე ღირსი თეოდორე სიკიოტის, ანასტასიუპოლელი ეპისკოპოსის; მოციქულთა: ნათანაელის, ლუკას და კლიმენტის,  ღირსი ვიტალის ხსენების დღეა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ღირსი თეოდორე სიკიოტი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი

ღირსი თეოდორე სიკიოტი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი  დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა.

ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.

წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა

წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად. წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.

მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი  

კანას გალილეის მკვიდრი წმიდა ნათანაელი ანუ ბართლომე 12 მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს  წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და - ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში.

იეროპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მოციქულების საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისთვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში.

წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხალდ დარჩენილი უღმრთოები დაფრთხნენ და წმიდანის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინეს სტაქოსი, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრნენ.

ნეტარი მარიამნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთს გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულსა და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელ-იღო. მათ მაგალითს მიბაძა დიდი სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტივიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის.

წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. წმიდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფევლის საქადაგებლად აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს.

წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.

გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა იყოს ამ ხატთანა“, - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოასვენა საქართველოში.

62-63 წლებში წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება.

რომში 62-63 წლებში დაუწერია წმიდა ლუკას „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ.

ღირსი ვიტალი

ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს.

60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მხურვალედ ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა.

ღირსი ვიტალის წმიდა ლოცვამ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“.

რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს".

წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (66)

მთავარი თემები