საეკლესიო კალენდარი: 3 მაისი

CC BY 2.0 / Stefan Wisselink / Gergeti Trinity Church. Kazbegi, Georgiaგერგეთის სამება — ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.
გერგეთის სამება —  ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.   - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
საეკლესიო კალენდარში 3 მაისი არის ღირსი თეოდორე ტრიხინის, წმიდა გრიგოლის, ანტიოქიის პატრიარქის, ღირსი ანასტასის, სინაელი იღუმენის, ანტიოქიის პატრიარქების წმიდა ანასტასი I და ანასტასი II ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
წმიდა თეოდორე ტრიხინი

ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.

ჯვარცმა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2019
ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში

წმიდა გრიგოლი

წმიდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტრის იღუმენი იყო.
ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს.
ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე (+593) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695) დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა.
ნეტარმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც IV მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებრიობას უარყოფდა.  მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით - „გზამკვლევი“. ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებამ „თარგმანებანი ექვსთა დღეთა“ (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმიდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა.
ღირსი ანასტასი სინაელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (+დაახლ. 695).

რადიო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2018
მამა თეიმურაზი: ვნების შვიდეული მთელი წლის განმავლობაში გამორჩეული კვირაა

წმიდა ანასტასი I და ანასტასი II

წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა მონოფიზიტთა ერესი. წმიდა ანასტასიმ გაილაშქრა მწვალებელთა წინააღმდეგ; ეპისტოლეები გაუგზავნა ეკლესიებს, თვითონაც ყოველდღიურად უმარტავდა ხალხს სწავლებას იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ.
იუსტინიანეს უნდოდა წმიდა ანასტასი პატრიარქის ტახტიდან ჩამოეგდო, მაგრამ მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. სიკვდილის წინ მან შეინანა თავისი ცთომილება და შექმნა საოცარი ლოცვა: რომელშიც  გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე.
იუსტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი იუსტინე უმცროსი (565-578), რომელმაც დევნა დაუწყო წმიდა ანასტასის და 572 წელს გადაასახლა კიდეც. 593 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან და კვლავ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა. იგი 6 წელი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მეშვიდე წელს კი მშვიდობით მიიცვალა.

წმიდა ანასტასი I სინაელის შემდეგ. ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე წმიდა ანასტასი II ავიდა.  ის 10 წლის განმავლობაში მეთაურობდა ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმიდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0