20:17 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ილია მეორე

ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სამშობლოს სიყვარულსა და ეგოიზმის დაძლევაზე ისაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
8310

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიყვარულის, თაობათა შორის ურთიერთობების პრობლემებსა და სამშობლოს შესახებ

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში ყველა მორწმუნეს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და მრევლს ჭეშმარიტი სიყვარულის მნიშვნელობა შეახსენა.

მართლმადიდებლური სამყარო წელს აღდგომას 28 აპრილს ზეიმობს.

ჩარტერული რეისი იერუსალიმიდან თბილისში დაეშვა: წმინდა ცეცხლი საქართველოშია >>

„სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთის სათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს, მთელი არსებით, გაცნობიერებულად და გულწრფელად გიყვარდეს ყველაფერი მის მიერ შექმნილი.

„ეს კი  აუცილებელ პირობად, ასევე, გულისხმობს ჩვენი „მეს“ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას“, - ნათქვამია გზავნილში.

ეგოიზმის დაძლევა რთულია. ამისათვის ჯერ საჭიროა შეიყვარო ზოგადი ღირებულებები - მსოფლიო, თავისუფლება, ზრუნვა სოციალურ სამართლიანობაზე, სამშობლოს კეთილდღეობაზე და ა.შ., აღნიშნა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.

ილია მეორემ განსაკუთრებული ყურადღება თაობებს შორის ურთიერთობების საკითხზე გაამახვილა.

ილია მეორე: „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს...“ >>

„ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრივია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, რთულია მოერიო შურს, საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილსა და სიამაყეს, მაგრამ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა.

თავის ეპისტოლეში ილია მეორემ განსაკუთრებული ყურადღება სამშობლოზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, სამშობლოსადმი დამოკიდებულება ადამიანის სულიერი განვითარების მაჩვენებელია.

„დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ავითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან“, - ნათქვამია გზავნილში.

ილია მეორე: ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება >>

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ყველამ უნდა იცოდეს სამშობლოს ისტორია, რადგან ამ ცოდნის შედეგია ისეთი გრძნობები, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.

ილია მეორემ შეახსენა მრევლს, რომ საჭიროა ადამიანი მუდამ მიისწრაფოდეს სრულყოფილებისაკენ, ავითარებდეს საკუთარ ნიჭსა და უნარებს. ასევე უნდა იყოს მადლიერი უფლისა, რომელმაც კაცობრიობისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მიანიჭა კაცობრიობას სრულქმნის შესაძლებლობა.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები