21:34 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (91)
21836419

დიაბეტი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა იმ მხრივ, რომ შეიძლება მისი განვითარება ფარულად მიმდინარეობდეს, რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი, და მხოლოდ შემდეგ გამოვლინდეს. დიაბეტი უნდა განვიხილოთ, როგორც სხვა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორი.

სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს ძალზე ეფექტურია ხალხური მეთოდები, მცენარეული საშუალებები, რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. შევეცდებით მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია, თუ როგორ მკურნალობდნენ უწინ დაავადებებს და კონკრეტული დაავადების დროს რა საშუალებებს იყენებდნენ.

ამჯერად დიაბეტის შესახებ და მისი მცენარეული საშუალებებით მკურნალობაზე გესაუბრებით.

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ენდოკრინოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფა ახასიათებს. ინსულინის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის ყველა უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაა. ამ ჰორმონის დეფიციტის შედეგად კი გლუკოზა ძირითადად სისხლში გროვდება და მისი დონე მატულობს, ასევე ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

არსებობს პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს ვერ, ან ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზმს ინსულინი ინექციის სახით მიეწოდოს. მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი ინსულინი გამომუშავდება, მაგრამ მას უჭირს სისხლში შეღწევა, რადგან ძნელად ახდენს შაქრის ასიმილირებას სისხლში. ამ დროს საკმარისია შაქრის დონის დამწევი სპეციალური აბების მიღება.

დაფნა
დაფნა

უფრო გავრცელებულია მეორე ტიპის დიაბეტი, რომელიც უმეტესად 40–45 წლის ასაკში ვითარდება. ძირითადად ავადდებიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ზედმეტი ცხიმი (განსაკუთრებით მუცლის არეში) და ფიზიკურად აქტიურები არ არიან.

დიაბეტი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა იმ მხრივ, რომ შეიძლება მისი განვითარება ფარულად მიმდინარეობდეს, რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი, და მხოლოდ შემდეგ გამოვლინდეს. დიაბეტი უნდა განვიხილოთ, როგორც სხვა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორი. 

აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ დიაბეტის დაავადების ნიშნები. დიაბეტის დროს ადამიანს ახასიათებს: პოლიდიფსია – მუდმივად წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე; პოლიურია – შარდის გამოყოფის გაძლიერებული ფუნქცია; პოლიფაგია – მუდმივი შიმშილის გრძნობა, ე.წ. მგლის მადა. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, რამდენს და როგორ კალორიულ საკვებს იღებს ადამიანი, მას მაინც შიმშილის გრძნობა აწუხებს. ამავდროულად, როგორც წესი, ადამიანი წონაში იკლებს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა დაიცვან კვების სწორი რეჟიმი, იაქტიურონ ფიზიკურად, მიიღონ პრეპარატები და ასევე შაქრის დონის შესამცირებლად მიმართონ სხვადასხვა მცენარეულ საშუალებას.

შაქრიანი დიაბეტის დროს ეფექტურია მცენარეები: ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას ფესვები, ტოპინამბური, კაკლის ხიდები და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვ.

ჭინჭარი
ჭინჭარი

გთავაზობთ სისხლში შაქრის შემცირებისთვის რამდენიმე რეცეპტს.

კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. 40 გრამ კაკლის უღელს დაასხით 1/2 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. მიიღეთ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი. ძალზე სასარგებლოა ასევე მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააციეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. შეგიძლიათ მიიღოთ ხანგრძლივად, ერთი წლის განმავლობაში.

დაფქვით წიწიბურა, საღამოს ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ მაწონში. დატოვეთ ღამით. მიიღეთ დილით უზმოზე, საუზმის ნაცვლად.

10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2–3 საათი. მიიღეთ ½ ჭიქა დღეში სამჯერ. ეს საშუალება ამცირებს როგორც შაქრის დონეს სისხლში, ისე არტერიულ წნევასაც.

ჭინჭრის ახალი, ქორფა ფოთლებისგან მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად: 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით, მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ერთი ჩაის ჭიქა. 

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა კუნელის ნაყოფი, განსაკუთრებით უმი სახით. აუცილებლად მიიღეთ ჭამის შემდეგ, რადგან მშიერზე მიღებამ შესაძლოა ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

დიაბეტის დროს ძალიან ეფექტურია ლობიოს ქერქი. 3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ასევე კარგია ვარდკაჭკაჭას ფესვების ნაყენი. მისი ფესვები დაფქვით, ყავის მსგავსად მოადუღეთ და დღეში ერთი ჭიქა მიირთვით.

მოცვის ფოთლების ნაყენი შემდეგნაირად დაამზადეთ: გამხმარი, გამომშრალი ფოთლები დანაყეთ და 3 ს/კ ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ კარგად თავდახურული 15 წუთი ორთქლზე გააჩერეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში. 

არსებობს კიდევ უამრავი რეცეპტი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. თუ გადაწყვეტთ ხალხური მეთოდებით დაავადებასთან ბრძოლას, აუცილებლად მიიღეთ ექიმის რჩევა და დააკვირდით თქვენს ორგანიზმს, ხშირად გაისინჯეთ შაქრის დონე სისხლში, რადგან ზოგიერთმა საშუალებამ, შესაძლოა, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის ვარდნა) გამოიწვიოს. თითოეული მცენარის მოქმედება სხვადასხვა ადამიანზე ინდივიდუალურია. გაითვალისწინეთ მცენარის მოქმედება ორგანიზმზე ზოგადად – ზოგიერთ მცენარეს უკუჩვენებები აქვს და შეიძლება სისხლში შაქრის დონეზე ძალიან კარგად იმოქმედოს, მაგრამ ამავე დროს გამოიწვიოს სხვა პროცესები, მაგალითად, ალერგია, არტერიული წნევის ზრდა და სხვ.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (91)

მთავარი თემები