13:18 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
118210

მარიამ თვალიაშვილი ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტია. ბავშვობიდან ხატავდა, შემდეგ ხელნაკეთ სამკაულს ქმნიდა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა საქართველოში.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ნატურალური საპნების დამზადება დაიწყო. პირველად მეგობრებისთვის საჩუქრად დაამზადა. საპნებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ გადაწყვიტა გატაცება შემოსავლის წყაროდ ექცია. მარიამის ოცნება საქართველოში ნატურალური საპნის წარმოების დაწყება და არაერთი სამუშაო ადგილის შექმნაა.

მარიამ თვალიაშვილი
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
მარიამ თვალიაშვილი

- სკოლის დამთავრების შედეგ ჩავაბარე გურამ თავართქილაძის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, „ბიზნეს მენეჯმენტის და ადმინისტრირების“ ფაკულტეტზე. ამავე წელს შევქმენი ოჯახი საყვარელ ადამიანთან, ლევან გელაშვილთან ერთად. ლევანი ამერიკაში ცხოვრობდა და  მეც მასთან წამოვედი. ასე ვთქვათ, ოჯახი ვამჯობინე სწავლას. დღეს კი უკვე ორი ულამაზესი პატარას მშობლები ვართ. ჩვენს ცხოვრებას 8 წლის დაჩი და ერთ თვის სოფია ალამაზებენ.

თავიდან ექვსი თვე ვცხოვრობდით კუნძულ Key west-ზე, ფლორიდაში. შემდეგ დროებით მომიწია სამშობლოში დაბრუნება. ამ პერიოდში მეყოლა დაჩი და ვერ მომიხერხდა სწავლის გაგრძელება.

დაჩი ერთი წლის ხდებოდა, ზაფხული იყო,  სოფელში ვიყავით ბებიასთან, ჩემი უფროსი დეიდაც იქ იყო, მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წამოსულიყო თბილისში და მისი საყვარელი ყელსაბამი გაუწყდა. მთხოვა შემეკეთებინა, ყველაზე ხელმარჯვედ ჩამთვალეს. ზუსტად ისე ვერ გავუკეთე და ცოტა კრეატივი ჩავრთე,  როცა მისმა მეგობრებმა ნახეს მათაც ძალიან მოეწონათ.

ხელნაკეთი ყელსაბამი
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
ხელნაკეთი ყელსაბამი

ამის შემდეგ ჩემში ხელოვანმა გაიღვიძა (გაიღვიძა ვამბობ, რადგან ბავშვობაში ვხატავდი და რატომღაც დავანებე თავი). დავიწყე მუშაობა. დეიდაჩემის დახმარებით კი ჩემი ხელნაკეთი ნივთების რელიზება. ამასობაში ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელში აღმოაჩინა უნიჭიერესმა ხელოვანმა ქეთი არაყიშვილმა და მიმიწვია გამოფენაზე, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა მუშაობის და უფრო მეტმა ხალხმა გამიცნო. ჩემს გამოფენაზე მოვიდა იტალიაში მოღვაწე ოპერის დიდი მომღერალი ქალბატონი ნანა ქავთარაშვილი, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ამ ყველაფერმა დამაახლოვა უსაყვარლეს და უნიჭიერეს დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს და მისი ერთ-ერთი კოლექციისთვის სამკაულების კოლექცია შევქმენი, რომელსაც ერქვა „ქართული სული", ინსპირაცია კი იყო ქართული ტაძრების ორნამენტები.

ამის შემდეგ ისევ დავბრუნდი და დავფუძნდი ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად. დავიწყე მუშაობა რესტორანში და დავეუფლე ახალ სფეროს. მშობიარობამდე ჩემი პროფესია და შემოსავლის წყარო იყო ბარტენდერობა, რაც ძალიან მიყვარს, რადგან ყოველდღიურად ასობით ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენს კუნძულზე მსოფლიოდან ყოველწლიურად 1 მილიონი ტურისტი შემოდის, მეტი თუ არა .

მიუხედავად ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც არ დამინებებია ხელსაქმისთვის თავი და როგორც „Street artist“, ასე ვთავაზობდი ხალხს ჩემს ნამუშევრებს.

ხელნაკეთი ყელსაბამი
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
ხელნაკეთი ყელსაბამი

- რა ფაქტორმა განაპირობა ხელოვანი ადამიანის მიერ საპნების მიმართ ინტერესი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ხელნაკეთი საპნების დამზადება დაგეწყოთ?

- ამერიკაში ძალიან პოპულარულია „Baby shower“, სადაც მეგობრები საჩუქრებით მოდიან და აღნიშნავენ წინასწარ ბავშვის დაბადებას. მათთვის სამადლობელი საჩუქარი მინდოდა გამეკეთებინა, რასაც სახლში მე თვითონ დავამზადებდი და დედები სიამოვნებით მოიხმარდნენ. დავიწყე ძიება იდეების და საბოლოოდ გადავაწყდი ვიდეოებს, როგორ მზადდება საპონი. ჩემი კრეატიულობა და საპნის ფუნქციონირება დავაკავშირე და ძალიან მომეწონა ამ ორის გაერთიანების იდეა. ამიტომ გადავწყვიტე სერიოზულად შემესწავლა ყველაფერი ხელნაკეთი საპნების შესახებ. გამოდის, რომ ჩემი საპნებისადმი დაინტერესება ჩემი უმცროსი შვილის სოფიას ამ ქვეყნად მოვლენამ განაპირობა, ხოლო ჰობის ბიზნეს იდეად გადაქცევა ეკუთვნის უფროს შვილს დაჩის, რომელმაც გადაწყვიტა ინვესტიცია ჩაედო თავის ყულაბიდან ამოღებული ფულით, რითიც მან ოფიციალურად შეიძინა ჩემი პირველი საპონი.

ხელნაკეთი საპონი
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
ხელნაკეთი საპონი

- როგორ შეისწავლეთ დამზადება? ალბათ არც ისე მარტივი პროცესია...

- ინტერნეტის საშუალებით და წიგნებით შევისწავლე. რომელი პროფესიონალის ნამუშევრებიც ძალიან მომწონდა მათი წიგნები შევიძინე და დავიწყე მეცადინეობა. სულ ვკითხულობდი და თუ კითხვის დრო არ მქონდა ვუსმენდი, ვუყურებდი ყველა არსებულ ვიდეოს და ახლაც ვაგრძელებ იგივეს.  საპნების კეთების სწავლა მხოლოდ ტექნიკით არ შემოიფარგლება.  ეს ყველაზე მარტივი პროცესი იყო და არის მითუმეტეს ჩემთვის, როცა სისხლში მაქვს ხელოვნების სიყვარული და ნიჭი. ყველაზე რთული პროცესი არის თითოეული ზეთის ცალ-ცალკე და ერმანეთთან ფუნქციის შესწავლა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გვარი გადაკეთებულია სტალინის დროს, რადგან ჩემს დიდ პაპას საფრთხისგან დაეცვა ოჯახი. სინამდვილეში მე ვარ გასული საუკუნის 50-იან წლებში ტყეში გასულ გოგია ჭიჭოშვილის შვილთა-შვილი, რომელიც ცნობილია, რომ იყო უნიჭიერესი მხატვარი და მელექსე, მასზე წიგნიც არის დაწერილი.

ხელნაკეთი საპნები
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
ხელნაკეთი საპნები
 

- დიდ დროს მოითხოვს საპნის დამზადება? რა ეტაპებს გადიხართ სანამ მზა პროდუქტს მიიღებთ?

- საპნის დამზადების პროცესში ყველაზე მნიშნელოვანი არის ყველაფრის წინასწარ მომარაგება, სიზუსტე და სიფრთხილის დაცვა. მარტივი წარმოდგენისთვის, საპნის მზადება შემიძლია შევადარო ტორტის გამოცხობას. თუ ყველა ინგრედიენტი ხელთ გაქვთ, მაშინ ბევრად უფრო მარტივია პროცესი.

რაც შეეხება უკვე მზა პროდუქტს, ამას სჭირდება ოთხიდან ექვს კვირამდე გრილ ადგილზე შენახვა, რადგან მასში არსებული წყალი ბოლომდე აორთქლდეს, საპონი გამაგრდეს და უფრო დიდხანს გასტანოს. 

ხელნაკეთი საპნები
photo: courtesy of Mariam Tvalishvili
ხელნაკეთი საპნები

- იმდენად ლამაზია თქვენი საპნები, ბევრს ტკბილეულიც ჰგონია. ფაქტიურად ძერწავთ მათ. როგორ აძლევთ ფერებს, ფორმებს და ა.შ. ?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. გეთანხმებით, მართლაც დესერტებს ჰგვანან. ჩემთვის სამზარეულო ყველაზე საყვარელი ადგილია სახლში. მიყვარს მზარეულობა და ცხობა. არ მინდოდა ოჯახში ზედმეტი წონის პრობლემა გაგვჩენოდა და ნამცხვრების ცხობის მაგივრად საპნების კეთება დავიწყე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. იცით დაჩიმ ერთხელ გემო გაუსინჯა, მაინტერესებდა ისეთი კარგი გემო აქვს როგორიც არომატი და შესახედაობა აქვსო? არ მოეწონა...

ფერებისთვის ვიყენებ კოსმეტიკური, უმაღლესი ხარისხის საღებავებს, რომელიც არის კანისთვის უსაფრთხო და მაძლევს ჩემს შემოქმედებით სამყაროში შეუზღუდავად მოგზაურობის საშუალებას. ჩემი ბრენდიც სახელის აზრიც ასე ითარგმნება  „მარიამის სამყაროში ხეტიალი“. ფორმები გამომყავს ხელით, ზოგს ვძერწავ იგივე საპნის მასალით, ზოგისთვის სილიკონის სხვა და სხვა ფორმებს ვიყენებ.

- ვიზუალური მხარის გარდა, რით არის გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი საპონი?

- ხარისხითა და შექმნის პროცესით. თითოეული საპონი არის უმაღლესი ხარისხის ნატურალური მცენარეული ზეთით, კარაქით და უდიდესი სიყვარულით დამზადებული.  როდესაც საპონს ვამზადებ მაქვს სასიამოვნო მუსიკა ჩართული და მშვიდ გარემოს ვიქმნი. არასდროს ვმუშაობ, თუ რაიმე მაწუხებს, რადგან მჯერა, რომ ჩემი აურა გადაედება ჩემს ქმნილებებს და ამას ვერიდები.

რადგან ჩემი საპონი არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული და „მკურნალი"-ს ეტიკეტით დამტკიცებული, მე ვერავის მივცემ გარანტიას, რომ მათ შეუძლიათ განკურნოს აკნე, ან ეგზემა და ა.შ.

თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჩემს საპონს შეუძლია მკვდარი კანის ძალიან მარტივად მოშორება,  გამკვრივება, დარბილება და სიგლუვის მიცემა და სასიამოვნო სურნელის დატოვება. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სუნი დიდხანს არ გაგყვებათ მარტივი მიზეზის გამო, ვთვლი, რომ საპონმა არ უნდა შეგზღუდოთ არჩევანში დღის განმავლობაში თუ რომელი სუნამოს ტარება გსურთ. 

- ქალისათვის მნიშვნელოვანია სურნელიც. რას იყენებთ საპნების სურნელებისათვის?

- დიახ, სურნელოვანია და ამისათვის ვიყენებ ეთერზეთებს, ან კანისათვის უსაფრხო უფტალატო პარფიუმერულ ზეთებს. რომელიც აძლევს ძალიან სასიამოვნო სუნს თქვენს კანს და აყენებს არაჩვეულებრივ აპრომატს აბაზანაში შხაპის მიღებს შემდეგ.

- სხვა კოსმეტიკურ საშუალებებსაც ხომ არ ამზადებთ?

- ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ სახისა და ტანის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და სურნელოვანი საპნები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ამერიკაში სახელის გათქმის და წარმატების შემდეგ ვგეგმავ საქართველოში წარმოების დაწყებას, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და ნატურალური საპნების მოყვარული ადამიანებისთვის, ვისთვისაც კანის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია,  მათი შეძენისა და მოხმარების საშუალებას.

 

მთავარი თემები