სასარგებლო, სურნელოვანი „ევოლი“ - ორგანული კოსმეტიკა ქართულ ბაზარზე

© FB / Evoliშოკოლადის ტანის საპონი
შოკოლადის ტანის საპონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევგენია ბელიავსკაია ხელნაკეთ საპნებს ამზადებს. იგი საპონში სასარგებლო და სურნელოვან ნაზავს აერთიანებს. საპნის დამზადება მისთვის ხელოვნებაა. ფერთა საოცარი გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი, სასარგებლო თვისებები-ეს მის მიერ შექმნილი პროდუქციის დამახასიათებელი თვისებებია.

საპნების დამზადება ორი წლის წინ, უცხოური ლიტერატურის დახმარებით დაიწყო. ამ საქმიანობამ იმდენად გაიტაცა, რომ მალე ის  საოჯახო ბიზნესად აქცია.

© FB / Evoliსაპნები
საპნები - Sputnik საქართველო
საპნები

— დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ და წლებია ვმუშაობ კომპიუტერული თამაშების დიზაინის სფეროში. მომწონს, როცა საპნების შექმნის დროს შემიძლია შევითავსო შემოქმედებითი, მხატვრული გამოცდილება და ამავე დროს გავაკეთო ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება ლამაზი და გაჯერებული სასარგებლო თვისებებით. ეს ყველაფერი მანიჭებს დიდ სიამოვნებას.

- ვისგან ისწავლეთ ხელნაკეთი საპნების დამზადება?

— ბავშვობიდან მშობლებმა მასწავლეს, რომ ყველაფერი რასაც გვაძლევს ბუნება, დიდი საჩუქარია. მიყვებოდნენ სხვადასხვა მცენარეების სასარგებლო თვისებების შესახებ. იმის გამო, რომ ოჯახში ყველას გვაქვს ძალიან მშრალი და ალერგიული კანი, ყოველთვის ყურადღებით ვარჩევდი კანის მოვლის საშუალებებს. საქართველოში რთულია იპოვო მაღაზიაში კოსმეტიკა, ან თუნდაც საპონი რომელიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ დანამატებს.

© FB / Evoliსაპნები
საპნები  - Sputnik საქართველო
საპნები

- პროფესიულ დონეზე როდის დაიწყეთ საპნების გაკეთება?

— საპნების კეთება დავიწყე ორი წლის წინ. მანამდე დიდი ხანი ვინახავდი გულში ამ იდეას, და არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა საქართველოში განხორციელებას. დავიწყე ჩემით სწავლა, გამოწერილი მქონდა წიგნები ამ თემაზე, ინტერნეტშიც ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე და ერთ დღეს ვცადე. საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ შედეგი ისე მომეწონა, რომ თავიდანვე მივხდი ეს საქმე ჩემია და მინდა ვემსახურო მას.

- ყველა ტიპის კანისთვის ამზადებთ საპონს?

— დიახ, ყველა ტიპის კანისთვის გვაქვს საპნები.

-  რა მცენარეებისგან ამზადებთ საპნებს?

— ამ ეტაპზე გვაქვს ლავანდის, ვარდის, ლემონგრასის, ჟასმინის, ფორთოხლის სახის და ტანის საპნები. ასევე ტანის შოკოლადის საპონი ყავის სკრაბით და საბავშვო ჰიპოალერგიული საპონი შიის კარაქით.

© FB / Evoliსაპნები და ტუჩის ბალზამები
საპნები და ტუჩის ბალზამები - Sputnik საქართველო
საპნები და ტუჩის ბალზამები

- რთული იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

— რთული იყო, რადგან ჩვენთან ორგანული პროდუქტები ჯერ „ახალი ხილია“ და ყველას არ ესმის, რატომ უნდა იყიდოს ნატურალური საპონი უფრო ძვირად, როდესაც არსებობს უფრო იაფი ალტერნატივა.

ყველაზე რთული აღმოჩნდა საჭირო ნედლეულის მოპოვება. მე მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო ქართული ნედლეული. რადგან ჩემი საპნების ფუძეს შეადგენს ზეითუნის ზეთი,  ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენ ბაზარზე აღმოვაჩინე ქართული წარმოების და საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთი.

-  თქვენი დამზადებული საპნები მცენარეულია? იქნებ ადამიანი ალერგიულია, წინასწარ გადიხართ მომხმარებლებთან კონსულტაციას?

— დიახ, საპნები მზადდება მხოლოდ მცენარეულ ზეთებზე და ეთერზეთებზე. არ შეიცავს  პარფიუმებს და მავნე ქიმიკატებს.  ყველა რეცეპტს ვქმნი მე თვითონ და ვიწყებ იმითი, რომ ვსწვლობ თითოეული კომპონენტის თვისებას. დასრულებული პროდუქტი იტესტება ჩემს ოჯახის წევრებზე.  მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია. სანამ რომელიმე საპონს ვურჩევ მომხმარებელს, ჯერ ვეკითხები როგორი ტიპის კანი აქვს. ალერგიულ ადამიანს ყოველთვის  ვურჩევ ჰიპოალერგიულ საპონს შიის კარაქით, რომელიც ჩვილ ბავშვზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

© FB / Evoliსაპნები
საპნები - Sputnik საქართველო
საპნები

- სად ამზადებთ საპნებს? სპეციალური გარემო გაქვთ გამოყოფილი თუ სახლის პირობებში მუშაობთ?

— სახლში გვაქვს ცალკე იზოლირებული ოთახი, რომელსაც ვეძახი ლაბორატორიას.  ეს ის ადგილია, სადაც დაფრინავს ეთერზეთების არომატი და სადაც მიმდინარეობს მთელი შემოქმედებითი პროცესი.

- თქვით, რომ თქვენით ისწავლეთ ყვლაფერი. ალბათ ეს არც ისე მარტივი იყო. თუ იყო შემთხვევა, რომ არ გამოგდიოდათ ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ აღწევდით სასურველ შედეგს და გიფიქრიათ ყველაფრისთვის თავი დაგენებებინათ?

— შეცდომა იყო ძალიან ბევრი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია თავი დამენებებინა ამ საქმისთვის. ამ შეცდომებს ვიღებდი, როგორც გამოცდილებას და ვაგრძელებდი ცდებს. როცა თავიდანვე დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი საქმეა, შეცდომებმა არ უნდა შეგაშინოს.

- ქალებს და არამარტო ქალებს იზიდავთ სასიამოვნო სურნელი. რამდენად გამყოლი სუნი აქვს თქვენს მიერ დამზადებულ საპნებს?

— კი ნამდვილად ასეა. მეც ძალიან მიყვარს გამყოლი არომატები. მაგრამ ყველა თავისებურად აღიქვამს არომატებს. რაც ერთი ადამიანისთვის სასიამოვნოა, მეორესთვის მძაფრია. ამიტომ ვცდილობ დავიცვა ოქროს შუალედი. ჩემი საპნები ტოვებენ კანზე სასიამოვნო სისუფთავის არომატს, რომელიც არ იქნება მძაფრი და მომაბეზრებელი.

© FB / Evoliსაპნები
საპნები - Sputnik საქართველო
საპნები

- საპნის გარდა სხვა რა პროდუქციას აწარმოებთ?

— საპნების გარდა გვაქვს ორი სახეობის ტუჩის დამცავი ბალზამი და ორი სახეობის ტანის სოლიდური კარაქი. წინ კიდე ბევრი სიახლე ელოდება ჩვენს მომხმარებლებს.

- სახის მოვლის რაიმე მარტივ რეცეპტს ხომ არ გვასწავლით?

— ჩემი უსაყვარლესი მოვლის საშუალება არის ნუშის ზეთი. ნუშის ზეთს აქვს ბუნებრივად უამრავი დადებითი თვისება, ის ადვილად შეიწოვება კანის ზედაპირზე, ატენიანებს, კვებავს და იცავს მას დაბერებისგან.

დაასხით ხელებზე 5-6 წვეთი, გაათბეთ ხელის გულებით და წაისვით ძილის წინ დაბანილ სახეზე, მათ შორის თვალების ირგვლივ კანზე. დილით კანი იქნება ხავერდოვანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0