06:15 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
285 0 0

ახალგაზრდა წყვილის 23-წლიანი სიყვარულის ისტორია კარანტინში ქორწინებით დაგვირგვინდა და შეყვარებულებს ინტერნეტ-სივრცეში უამრავი უცხო ადამიანიც გულშემატკივრობს.

ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში ადამიანები მაინც პოულობენ გზას - უყვარდეთ და ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.

...და რა კარგია, რომ ასეთი ამბები ჩვენგან შორს ან მხოლოდ რომანტიკულ ფილმებში კი არა, აქვე, თბილისში, დიღმის მასივში ხდება, სადაც ფატაც ადგილზეა და განწყობაც.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
ფატა და ველოსიპედები!

საბავშვო ბაღში დაწყებული მეგობრობა და სკოლაში გაგრძელებული სიყვარულის ისტორია კარანტინში ქორწინებით დაგვირგვინდა მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალა. ახალდაქორწინებულმა, თანამედროვე წყვილმა - 26 წლის ნიკა ჟღენტმა და ქეთევან კვირკველიამ კი თეთრი ცხენით არა, მაგრამ ველოსიპედებით შემოიარეს ქუჩები.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
როცა მეგობარი ქორწილში მოწვეული ნათესავიცაა, მეჯვარეც და ფოტოგრაფიც!

- დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული წყვილი ხართ. საიდან დაიწყო თქვენი ისტორია?

პატარძალი - მე და ნიკა ბაღში ერთად დავდიოდით, შემდეგ კლასელები ვიყავით. წელს, 23 თებერვალს, ჩემ დაბადების დღეზე ხელი მთხოვა და მარხვის დასრულების შემდეგ ჯვრისწერას ვაპირებდით. შექმნილმა ვითარებამ ხელი ვერ შეგვიშალა და მარხვის დამთავრებიდან ერთ კვირაში ჯვრისწერა დაიგეგმა.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
ბაღში ერთად დავდიოდით...

სიძე - ჩვენი ისტორია ბაღში დაიწყო 23 წლის წინ. როცა სკოლა დავამთავრეთ და იმის წინაშე დავდექით, რომ ქეთის სხვა უნივერსიტეტში უნდა ესწავლა და მე სხვაგან, მივხვდი, რომ მეტის გადადება აღარ შეიძლებოდა. ასე რომ, აბიტურიენტობის პერიოდში გამოვუტყდი.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
მორიგი ზეიმი ბაღში...

- ველოსიპედებით ქორწილი ვისი იდეა იყო? რამდენი კილომეტრი გაიარეთ?

პატარძალი - ველოსიპედები საგანგებო რეჟიმის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიყიდეთ. იდეა ხუმრობა-ხუმრობაში ჩამოყალიბდა და ძალიან კარგად განხორციელდა. ჯვრისწერაზე ველოსიპედებით მივედით. ულამაზესი და უბედნიერესი დღეები გვაქვს.

სიძე - შარვალ-კოსტიუმით ერთ დღეში 13 კილომეტრამდე გავიარე. დიდი დიღმიდან დილით მე და თორნიკე (ჩემი მეჯვარე) გამოვედით დიღმის მასივში. ამ დროს 6 კილომეტრი გავიარე და უკვე მისვლას ვაგვიანებდი. არადა, როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე, პატარძალი აგვიანებს. მაგ დროს სპორტული ტანსაცმლით ვიყავი. დიღმის მასივში უცებ გამოვიცვალე, კოსტიუმი ჩავიცვი, მოვწესრიგდი, ვნახე ქეთი და დავიწერეთ ჯვარი. შემდეგ ქეთის სურვილი იყო ველოსიპედებით სეირნობა და ამ სეირნობა-სეირნობაში 6-7 კილომეტრი გავიარეთ.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Shota Nozadze
ფოტოსესია დიღმის პარკში

- ველოსიპედის ტარება რომ არ გცოდნოდათ, რას მოიფიქრებდით?

პატარძალი - გავეკიდებოდი ფეხით!

სიძე - თუ სხვა ტრანსპორტს ვერ გამოვნახავდი, როგორც აქამდე დავდიოდი ქეთისთან ფეხით, ისე ჩამოვიდოდი უპრობლემოდ. ეს მხოლოდ წვრილმანია...

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Shota Nozadze
ფოტოსესია დიღმის პარკში

- ფოტოსესია სად გქონდათ?

პატარძალი - დიღმის ტყეში. ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელშიც ვპოულობთ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ნიკუშას ველოსიპედით ვასწრებ და სოციალურ ქსელში ხალხმა ბევრი იხუმრა - პატარძალს ძალიან ეჩქარებაო.

სიძე - ველოსიპედებით უფრო შორს ვეღარ წავედით და დიღმის ტყეში გვქონდა ფოტოსესია. ფოტოგრაფი და მემონტაჟეც ჩემი მეჯვარე იყო. „სელფიც“ ბევრი დაგვიგროვდა.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Shota Nozadze
ფოტოსესია დიღმის პარკში

- საჩუქრები მიიღეთ ქორწილში?

სიძე - არა. მაყარი გვყავდა ცოტა.

პატარძალი - არა და ამიტომ ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, დიდ ქორწილს აუცილებლად გადავიხდით. ვფიქრობთ სექტემბერში, ან ოქტომბერში. ჩემი ქორწილი ყოველთვის ბუნებრივი და ორიგინალური წარმომედგინა.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, დიდ ქორწილს აუცილებლად გადავიხდით!

- ინტერნეტ-სივრცეში უკვე ცნობილი სიძე-პატარძალი ხართ. როგორ შეაფასეს თქვენი ქორწილი სოციალურ ქსელებში?

პატარძალი - ხალხი ძალიან გაერთო და ბევრი პოზიტივიც მივიღეთ. ჩვენ ვიდეოებზე სახალისო კომენტარებს წერდნენ - სამებამდე თუ „გაქაჩეს“ მოიყვანს ცოლადო, ბოლოს პატარძალმა მსაჯსაც გადაასწროო, როცა გიყვარს შენ შენ არ ხარო და ასე შემდეგ. ამ რეაქციებზე მე და ნიკუშა ბევრს ვიცინით.

სიძე - ბევრი სასაცილო კომენტარი იყო. ერთი წერდა, ღმერთო ასეც ნუ შემაყვარებო. მეჯვარეზე ბევრი იცინეს - მშობელიც ის არის, მაყარიც, ფოტოგრაფიც და ხელის მომკიდეცო. რეალურად სწორედ ასე იყო.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
როცა გიყვარს, შენ შენ არ ხარ!

- პოპულარობის შემდეგ რა შეიცვალა?

სიძე - დღეს, დილით ნაბახუსევზე გავიღვიძე და მაღაზიაში ჩავედი. ძალიან გრძელი რიგი დამხვდა. ალბათ მე-15 ვიყავი. ჩემ წინ ახალგაზრდა ბიჭი იდგა, მიცნო და მეკითება, შენ ის არ ხარ, გუშინ ველოსიპედით რომ დასეირნობდით ნეფე-დედოფალიო? შენ შემოგევლეო და დამითმო თავისი ადგილი. თუ ვიყავი მე-15, გავხდი მე-14 და ასე ამაყად ვიდექი.

პატარძალი - განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ტელეფონის ზარი არ ჩერდება, ჟურნალისტები მირეკავენ, ფატით თუ გავდივარ გარეთ, ხალხი მცნობს. ჩემი მეუღლე დილით ხუმრობით მეუბნებოდა, მომახსენე დღევანდელი გადაღებების განრიგიო.

Მეფე-პატარძალი ველოსიპედებით
photo: courtesy of Nika Zhgenti
ოცნებების ახდენას გისურვებთ!

- „თაფლობის თვეში“ ველოსიპედებით ხომ არ აპირებთ წასვლას?

პატარძალი - ჩვენი ოცნება მალდივებზე წასვლაა. სამწუხაროდ, ველოსიპედებით ვერ გადავცურავთ ზღვას, თორემ სიამოვნებთ. სადამდეც შესაძლებელი იქნება, იქამდე მივალთ ველოსიპედებით.

სიძე - ვფიქრობთ, ვარჯიშს დავიწყებთ, რომ შესაბამისი მანძილის დაფარვა „გავქაჩოთ“. ორადგილიანი ველოსიპედიც კარგი იდეაა. მთავარია ერთმანეთი გვიყვარს.

ასეა, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს და შეყვარებული ადამიანისთვის სირთულე არ არსებობს. მთავარი მისი არსებობა და პრობლემის კრეატიული გადაჭრაა...

მთავარი თემები