სისხლიანი მარია სტიუარტი და სერპუხოვოელი კოსტია სილვერისგან მოპარული რეცეპტი

გამოწერა
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დროის ხუთწლიან მონაკვეთში განვითარდა ჰოლანდიის პატარა ქალაქ ოლდენზაალსა და მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ სერპუხოვოში.

მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში დიდად განებივრებული არ ვიყავით ამერიკული ფილმებით, მაგრამ რის ნახვასაც ვახერხებდით, ლამის ზეპირად ვიცოდით თავის დიალოგებიანად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია სასმელმა, რომელსაც ველური დასავლეთის სალუნებში ამერიკელი კოვბოები მოითხოვდნენ ხოლმე განსაკუთრებული რიხით- (bloody Mary), ანუ სისხლიანი მერი(მოგვიანებით გავიგე, რომ კოქტეილის დასახელება დედოფალ მარია სტიუარტს უკავშირდებოდა). ერთი სული მქონდა, როგორც კი საშუალება მომეცემოდა, გამესინჯა.

ფინეთის სამთავრობო ბანკი ჰელსინკიში - Sputnik საქართველო
საუკუნის ძარცვა ჰელსინგფორსში და ქართველი ანარქისტების როლი რუსეთ-იაპონიის ომში

1990 წელს, კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ შეიქმნა სტუდია „+1“, სადაც ბატონ რეზო ესაძესთან ერთად მომიწია მუშაობა. მოხდა ისე, რომ მივლინებით გავემგზავრე ჰოლანდიაში დედა დედოფლის დღესასწაულზე. ჩვენი დელეგაცია, გერმანიის საზღვართან ახლოს, ქალაქ ოლდენზაალში დაბინავდა, რომლის იპოდრომზეც დიდი საზეიმო ცერემონია იგეგმებოდა. სასტუმროს მეპატრონე პიტერ მუურმანი მალე დაგვიმეგობრდა და როგორც მერე გამოირკვა, ეს არც უნანია. ჩვენთვის უფრო იოლად სათქმელ მურმანად გადაქცეულს, ერთ დღესაც ვთხოვე სისხლიანი მერი მოემზადებინა; თან გაფაციცებით ვაკვირდები, რომ დავიმახსოვრო. მასპინძელმა აიღო ჭიქა, ჩაასხა შიგ ჩვეულებრივი ტომატის წვენი, შემდეგ დაამატა არაყი, აურია და მომაწოდა. წარმოიდგინეთ ჩემი იმედგაცრუება… 

ნარიყალა - Sputnik საქართველო
„კავკასიელი არწივი“ - იმამი შამილი და მისი ქართული წარმომავლობის ვერსია

თქვენი ნებართვით, ნიდერლანდების სამეფოდან, ხუთიოდე წლით ადრინდელ ქალაქ სერპუხოვოში გადმოვინაცვლებ. აქაც მივლინებით გახლდით, ოღონდ უფრო მოსაწყენ და ტრივიალურ გარემოში. სასტუმროს წინ მინის ტარის მიმღები პუნქტის უკანა ეზო იყო, სადაც, ძირითადად, ბომჟები იკრიბებოდნენ და ჩემი გასართობიც მათი ყურება გახლდათ. ერთ დილით, წინადღის „საქმიანი“ შეხვედრიდან თავატკივებული, გამოსავალს ვეძებდი, როცა ჩემმა მასპინძელმა მომაკითხა და როდესაც სახეზე შემომხედა, მითხრა- შენ ახლა კოსტია სილვერი თუ გიშველისო. მომკიდა ხელი, ჩამიყვანა მინის ტარის მიმღებ პუნქტში და იქ გავიცანი ცალფეხა კოსტია, რომლის მეტსახელიც ვიღაცამ ცნობილი მეკობრის ჯონ სილვერისგან ისესხა. მასპინძელმა თვალით დაამშვიდა, ჩვენიანიაო და კოსტიამ პატარა ოთახში შეგვიყვანა. აიღო ორი თლილი ჭიქა, ჩაასხა შიგ სქელი ტომატის წვენი,  ჩაყო ჭიქაში დანის წვერი და ზედ ფრთხილად ასხამდა არაყს, რომელიც ცალკე ფენად დარჩა. შემდეგ უფრო ვიწრო ჭიქა დააფარა არაყს და იმავე წესით ისევ ტომატის წვენი ჩაასხა, ჭიქის ერთ მხარეს მარილი მოაყარა და მოგვაწოდა. გამოვიდა, რომ მარილიან ტომატის წვენს მოსდევდა  არაყი და შემდეგ ისევ ტომატის წვენს ვაყოლებდით. 

კინოფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
„ცესარევიჩ“ ალექსის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა

რამდენად უშველა ჩემს „პახმელიას“ კოსტია სილვერის მკურნალობამ, ეს ცალკე ისტორიაა, ხოლო ახლა ისევ ჰოლანდიაში უნდა დაგაბრუნოთ…     მურმანს (პიტერს) ვუთხარი, რომ „სისხლიანი მერი“ ასე არ კეთდებოდა და ცოტა შეშინებულმა (ვაი-თუ არ გამომსვლოდა), კოსტიას მეთოდით მოვამზადე სასმელი. მთელი ამ ხნის მანძილზე, მასპინძელი გაფაციცებით მაკვირდებოდა, ნახელავი, ჩემს გასაოცად, ჩინებული გამოვიდა. როდესაც გასინჯა, დახლიდან გამოვიდა, სერიოზული სახით გვერდზე გამიყვანა და მეუბნება — რამდენად მომყიდი ამ რეცეპტსო. სიცილი ამიტყდა (ჩვენთვის, იმ პერიოდში მსგავსი რამეები აბსოლუტურად გაუგებარი იყო) და ვუთხარი, რომ „სისხლიანი მერის" დამზადების წესს ვჩუქნიდი.

მომდევნო 1991 წელს სამი თვე გავატარე გერმანიაში და როდესაც საშუალება მომეცა, მეგობრებთან ერთად გადავედი ჰოლანდიაში. ნაცნობ სასტურმოს რომ მივუახლოვდი, იქაურობა ძლივს ვიცანი. შენობას ორი სართული დამატებოდა, ხოლო ბარის შესასვლელს, მარია სტიუარტის გამოსახულება და წითელი ასოებით წარწერა ამშვენებდა- bloody Mary. 

P.S.  პიტერ მუურმანმა გულიანად გვიმასპინძლა, ორი დღე არ გამოგვიშვა, ბარში შემოსულ სტუმრებს (ასეთები კი მრავლად იყვნენ) ჩემს თავს აცნობდა  „სისხლიანი მერის“ კოქტეილის ავტორად და ამაყად ამატებდა, ჩემი მეგობარიაო. არც მე და არც ჩემს მეგობრებს ამის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, იმედი მაქვს, არც კოსტია სილვერი დამრჩა ნაწყენი.

 


ყველა ახალი ამბავი
0