ტანგო ავსებს სიცარიელეს ადამიანიდან ოცნებამდე

ტანგოს კლუბი ბუენოს აირესში
ტანგოს კლუბი ბუენოს აირესში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

მინდა გაგახაროთ, რომ დღეს ჩვენი აივნიდან, მართალია, სულ ერთი დღით, მაგრამ მაინც ავალაგე სკამები და გავათავისუფლე სივრცე, რადგან დავიღალე და თქვენც დაგღალეთ ამდენი უმოძრაობით. დღეს ყველანი საცეკვაოდ უნდა დაგპატიჟოთ! არც გაიფიქროთ უარის თქმა იმ მიზეზით, რომ არ ცეკვავთ, ან თავს ცუდად გრძნობთ. არც მე ვარ მაია პლისეცკაია ან ლოლიტა ტორესი და ფეხიც მტკივა, მაგრამ დღეს, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ყველა დავეუფლებით ულამაზესი ტანგოს ილეთებს და ამას მე გპირდებით…

ტანგო
ტანგო - Sputnik საქართველო
ტანგო

…რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1897 წლის 29 სექტემბერს ბუენოს-აირესის თეატრ „ოლიმპოში“ სპექტაკლ „კრეოლის სასამართლოს“ პრემიერის დროს სცენაზე პირველად შესრულდა „ტანგო“, რომელიც, ხორხე ლუის ბორხესის განსაზღვრებით, ძველი არგენტინული ცეკვის — მილონგას შვილი და ჰავანური ცნობილი ცეკვის — ჰაბანერას (რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი კარმენი ასრულებს) შვილიშვილია. მეცნიერების აზრით, ბორხესი ცოტათი შეცდა, რადგან, სინამდვილეში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მცხოვრები ემიგრანტების წყალობით ტანგო ასევე შეიცავს აფრიკული ტანგანოს რიტმებს, ესპანური ფლამენკოს, ინდიელების რიტუალური ცეკვების, პოლონური მაზურკასა და გერმანული ვალსის ელემენტებს, ხოლო მისი სახელწოდება „ტანგო“ ნიგერიული თემის — იბიბიოს ენაზე ნიშნავს — „ცეკვა დოლის ხმაზე“.

დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
დასტინ ჰოფმანი: ამ ცხოვრებაში ცოტა რამ მჭირდება - მზე და ქოქოსის რძე...

საინტერესოა, რომ ტანგოს თავდაპირველად მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ იმისთვის, რათა მანდილოსნების ყურადღება მიექციათ. თანაც მამაკაცებს შორის ასეთი შეჯიბრი დაწესდა — ვინც ტანგოს ცეკვის დროს პარტნიორს უფრო ხშირად დააბიჯებდა ფეხზე, სწორედ ის წავიდოდა პაემანზე მანდილოსანთან… ქალები კი ამ სეირს უყურებდნენ და ელოდნენ შედეგს. შემდეგ, როდესაც ცეკვის ტექნიკა დაიხვეწა, მასში ქალებიც ჩაერთნენ.

ლუი არმსტრონგი - Sputnik საქართველო
არსებობს ორი სახის მუსიკა: კარგი და ცუდი... მე ვუკრავ კარგს!

ტანგო აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ვნებიან ცეკვად, თუმცა მისი შესრულების დროს მკაცრად არის აკრძალული ერთმანეთში არა მხოლოდ საუბარი, არამედ თვალებში ყურებაც კი. გრძნობებს უნდა გამოხატავდეს ოდნავი მინიშნებები. ცეკვა, რა თქმა უნდა, შეიცავს აუცილებელ ელემენტებს, მაგრამ უმთავრესად დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე. ყველაზე მთავარი კი ტანგოში არის პაუზა… ჟღერს მუსიკა და ორნი შეშდებიან ჩახუტებულები… და, აი, სწორედ აქ არის კულმინაცია: უსიტყვო დიალოგში უნდა მოახერხო და აუხსნა პარტნიორს ყველაფერი, რისი ახსნაც გინდა და მიგაჩნია საჭიროდ…

აი, ასე შეუმჩნევლად ჩაგიტარეთ პირველი თეორიული გაკვეთილი… ახლა კი ცოტას ტანგოს ისტორიაზე გესაუბრებით და შემდეგ პრაქტიკაზე გადავალთ.

ტანგოს პირველი მოგზაურობა არგენტინიდან პარიზში 1907 წელს შედგა, სადაც მას დიდი წარმატება ხვდა წილად. იქიდან ტანგომ გადაინაცვლა ლონდონსა და ნიუ-იორკში და ყურადღების ცენტრში იყო მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში. ამ პერიოდს ისტორიკოსები „ტანგომანიის“ პერიოდსაც კი უწოდებენ. სწორედ მაშინ გაიხსნა მოსაწევი სალონები წარწერით „ტანგო“ და შეიქმნა მასთან დაკავშირებული მთელი ინფრასტრუქტურა – ტანგო-საღამოები, ტანგო-სასმელები, ტანგოს სტილის სიგარეტები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი…

პაოლო კოელიო - Sputnik საქართველო
მე კოელიოს სულ მოველიო, უიმედობას რომ მოვერიო...

თუმცა, ტანგოს ოპონენტებიც და, უფრო მეტი, მტრებიც ჰყავდა… მაგალითად, პაპმა პიუ X-მ ის მკაცრად გააკრიტიკა; ავსტრიის იმპერატორმა აუკრძალა ტანგოს ცეკვა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, ხოლო ინგლისის დედოფალმა განაცხადა, რომ არასდროს იცეკვებდა „ამას“!!!

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის დედოფალი არ ცეკვავდა „ამას“, ტანგო სულ უფრო პოპულარული ხდებოდა… 1930-50-იანი წლებს მის „ოქროს ხანას“ უწოდებენ. მაშინ ტანგო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ცნობილ და საყვარელ ცეკვად აღიარეს.

დღეს არსებობს ტანგოს ბევრი სახეობა: არგენტინული ტანგო, ურუგვაული ტანგო, სამეჯლისო ტანგო, ფინური ტანგო… მთავარი ბრძოლა „პირველობისთვის“ კი ისტორიულად არგენტინულსა და ურუგვაულ ტანგოს შორის იყო გაჩაღებული. ბოლოს არგენტინელები და ურუგვაელები ერთმანეთში მორიგდნენ და ერთობლივად შეიტანეს განაცხადი UNESCO-ში, რომელმაც 2009 წლის 2 ოქტომბერს ტანგო მსოფლიო კულტურის საგანძურად აღიარა.

ალბათ ბევრისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის, არგენტინისა და ურუგვაის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ტანგო პირველ რიგში ასოცირდება ცნობილ სიმღერასთან „ტანგო პარიზში“, შეუდარებელი მირეი მატიეს შესრულებით.

 

ახლა კი მინდა ძალიან მოკლედ აგიხსნათ, როგორ უნდა ვიცეკვოთ ტანგო: მთავარია, გახსოვდეთ, რომ უნდა გამოხატოთ ერთდროულად თავშეკავება და ვნება, სიმკაცრე და თავისუფლება, სინაზე და აგრესიულობა.

გთხოვთ დაიმახსოვროთ — ტანგოს აქვს სულ 5 აუცილებელი ელემენტი. ესენია: 

„გასეირნება“ — უადვილესია, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და სინქრონულად გადადგით ნაბიჯები, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით;

ორი სახის „შეტრიალება“ – პარტნიორები ტრიალდებიან ერთად, ან ქალი ცალკე, პარტნიორთან მოშორებით (ძალიან ნუ მოშორდებით, არ დაიკარგოთ);

„გაჩერება“ — მთავარი ელემენტი, რომლის დროს პარტნიორებმა შეიძლება თავს ეროტიკული მინიშნების უფლება მისცენ (არ გადახვიდეთ ზღვარს);

„სამკაული“ — იმპროვიზაცია, რომელიც შედგება დახრებისგან, ხელების მოძრაობებისგან, გადაზნექვებისგან. სწორედ “სამკაულები“ ხდის ტანგოს ინდივიდუალურს;

და, ბოლოს, ცნობილი მოძრაობა „ტანგეროსი“ — როდესაც წყვილი მოძრაობს სინქრონულად, საათის ისრის საწინააღმდეგოდ, და ჩერდება მხოლოდ იმისთვის, რათა დაუბრუნდეს  „სამკაულებს“.

სულ ესაა. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ერთმანეთს თვალებში არ უნდა უყუროთ.

ხომ გაგიგიათ ძველი ქართული ანდაზა, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო, და ამიტომ ბოლოს თქვენთან ერთად ვისიამოვნებ ერთ-ერთი ცნობილი ტანგოთი, რომელსაც დიდხნს ვარჩევდი.

ნომინაციაზე გამოტანილი მქონდა: სალმა ჰაიეკისა და ეშლი ჯადის ტანგო ფილმიდან „ფრიდა“; ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ტანგო ფილმიდან „მისტერ და მისის სმიტები“; ანდრეი მირონოვისა და ლუდმილა პოლიშჩუკის ტანგო ფილმიდან „12 სკამი“; მარლონ ბრანდოსა და მარია შნაიდერის ტანგო ფილმიდან „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ და საოცრად ექსცენტრიული ტანგო „ადამსების ოჯახიდან“. თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვერავინ ვერ ცეკვავს ტანგოს ისე, როგორც ალ პაჩინო… არ მკითხოთ ახლა ვისთან ერთად ცეკვავს, რადგან ყოველთვის ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე ამ მშვენიერი მანდილოსნის ადგილზე…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და ტანგოსავით იდუმალებით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0