მე კოელიოს სულ მოველიო, უიმედობას რომ მოვერიო...

პაოლო კოელიო
პაოლო კოელიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე განსაკუთრებით დაფიქრებული, ფილოსოფიური და, ამავე დროს, საოცრად თავისუფალი და აბსოლუტურად დაუძაბავი აურაა… დღევანდელი სტუმარი იმდენად პოპულარულია და, ამასთანავე, იმდენად გათავისებული გვყავს, რისი უფლებაც, რაღა თქმა უნდა, მან თავად მოგვცა, რომ შეიძლება თითქმის ოჯახის წევრად ჩავთვალოთ, სავარაუდოდ, ყველაზე ნიჭიერად…

როდესაც მახსენდება ფრაზა „ყველაფერი გენიალური — მარტივია“, პირველ რიგში სწორედ ეს ადამიანი მიდგება თვალწინ. დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ კაცს, რომელიც სავსეა სიბრძნით, მაგრამ თავის პოზიციას სულაც არ გახვევს თავზე დოგმად, რადგან ზოგჯერ სრულიად საწინააღმდეგო რამეც აქვს ნათქვამი და ისიც სწორია. როგორი აუხსნელიც არ უნდა იყოს, ეს ორი გამონათქვამი სინამდვილეში ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც კი არ მოდის.

მაგალითად, ის ამბობს, რომ ადამიანის ყოველი დღე არის ზევიდან გაწერილი და ამავე დროს აცხადებს, რომ ყოველდღე, დღეში ერთხელ მაინც ადამიანს ეძლევა საკუთარი ცხოვრების შეცვლის შანსი და თუ კაცმა რაღაც ძალიან მოინდომა, მთელი სამყარო ხელს შეუწყობს იმაში, რომ მისი სურვილი ახდეს.

აი, ამ ფრაზის შემდეგ კი თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია საოცარი ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1947 წლის 23 აგვისტოს. მისი ყველა რეგალია რომ ჩამოვთვალო, სამსახურში დაგაგვიანდებათ, ამიტომ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ პაულო კოელიოს ნაწარმოებების საერთო ტირაჟმა 350 მილიონს გადაჭარბა და შექსპირის შემდეგ ის მეორე მწერალია, ვისი ნაწარმოებებიც ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

სანამ ბოლომდე შეიცნობთ, რა საინტერესო კაცმა დაგვდო პატივი აქ მობრძანებით, შეგიძლიათ მიირთვათ აივნის „გაბრაზილიელებულ“ კუთხეში ბრაზილიურ თეფშებზე დალაგებული „სარაპეტაუ“ (მოკლედ რომ ვთქვათ, ბრაზილიური კუჭმაჭი) და „კარნე დე სოლ“ (ჩვენებურად, შებოლილი ხორცი), ხოლო დასაყოლებლად შემოგთავაზებთ მსოფლიოში ცნობილ ბრაზილიურ თეთრ ღვინოს Santa Augusta, Сhardonnay-ს.

პაულო კოელიომ საოცრად საინტერესო და მდიდარი ცხოვრება განვლო. თუმცა, მის შემთხვევაში ამაზე წარსულში საუბარი აბსოლუტურად მცდარია, რადგან, როგორც ამბობს, რა და როდის მოუვა თავში, თავადაც არ იცის. მას არასდროს ეშინოდა ექსპერიმენტებისა და გარისკვის, მაგრამ ერთადერთი, რაც კოელიომ იცოდა სულ თავიდან და ამას ვერაფერი შეცვლიდა, ის იყო, რომ ის მწერალი უნდა გამხდარიყო. პაულოს საოცრად კარგი მშობლები ჰყავდა, მაგრამ ისინი ვერ იგებდნენ მის ამ მისწრაფებას და ფაქტიურად იძულებით ჩააბარებინეს იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც მან მალევე მიატოვა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ის გადავიდა თეატრში, რომელიც 60-იანი წლების ბრაზილიაში არა მხოლოდ ხელოვნების კერა, არამედ სოციალური პროტესტის არენაც გახდა… არასდროს არ გავამხელდი, თავად რომ არ ეთქვა, მაგრამ ამ დროისთვის მან უკვე ორჯერ გაიარა მკურნალობის კურსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მათ შორის ერთხელ „შოკური თერაპიაც“…

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში კოელიომ იმოგზაურა მექსიკაში, პერუში, ჩილეში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, საიდანაც ჩამოსვლის შემდეგ სიმღერებისთვის ტექსტების წერა დაიწყო. ის თანამშრომლობდა ცნობილ ბრაზილიელ მომღერალ რაულ სეიშასთან. ცოტა ხანში კი მასთან ერთად მოხვდა ბრაზილიის ციხეში, რადგან გახდა ინგლისელი მისტიკოსის ალისტერ კროულის იდეების მიმდევარი, რომელიც ახალი ანარქისტული საზოგადოების შექმნას ქადაგებდა მთავარი პრინციპით — „აკეთე ცხოვრებაში ის, რაც გინდა!“

გავა წლები და პაულო ჰოლანდიაში შემთხვევით შეხვდება პიროვნებას, რომელსაც მის მომავალ ნაწარმოებებში „ჯეის“ დაარქმევს. ჯეი გახდება მისი სულიერი მასწავლებელი და კოელიო მიიღეებს კათოლიკობას. 1986 წელს კოელიო გაივლის მომლოცველთა „სანტიაგოს გზას“, ხოლო 1988 წელს, მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოების „ალქიმიკოსის“ გამოსვლის შემდეგ, პაულო თავის მეუღლესთან ერთად 40 დღით წავა მომლოცველად უდაბნოში…

ჯერჯერობით ესაა, მეტით არაფრით გავუკვირვებივართ კოელიოს… თავისი ნაწარმოებების გარდა.

სხვათა შორის, კოელიოს თაყვანისმცემლებს მინდა გთხოვოთ, გამონახოთ დრო და ნახოთ 2014 წელს გადაღებული ფილმი მის ცხოვრებაზე – „პილიგრიმი: პაულო კოელიო“, რომელშიც ძალიან მოკლედ, მაგრამ მძაფრად და ნიჭიერად არის გადმოცემული მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.

როგორც ყველა დიდ შემოქმედს და არაორდინალურ პიროვნებას, პაულო კოელიოს უამრავი მტერი და მოშურნე ჰყავდა და ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ მასში არაფერია განსაკუთრებული, რომ ის უბრალოდ „საჭირო დროს და საჭირო ადგილზე“ აღმოჩნდა. ამ ფრაზას განსაკუთრებით ვერ ვიტან, თუმცა დღეს მას არ შევეკამათები, კოელიოს ხათრით.

აი, ცუდად რომ ხარ და გიჭირს და ფრთებს რომ ვერ შლი და იმედს კარგავ, და ამ „საჭირო დროს“ რომ წაიკითხავ — „ყველაფერი კარგად დასრულდება, რადგან თუ ყველაფერი დასრულდა ცუდად, ესე იგი, არაფერიც არ დასრულებულა“… აბა, მითხარით, ხომ ეცდებით ფეხზე წამოდგომას?

ან „საჭირო დროს“ ვიღაც რომ გეტყვის — „თუ შენ გაგაჩნია შენ ირგვლივ მშვენიერების დანახვის ნიჭი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვენიერება შენ შიგნით არის. რადგან მსოფლიო ჰგავს სარკეს, რომელშიც ყველა საკუთარ ანარეკლს ხედავს“… სულ მთლად წყალწაღებული რომ იყო, ხომ ეცდები მაინც რაღაცას კარგი თვალით შეხედო?

ან, წარმოიდგინეთ, გაქვს დეპრესია, ზიხარ და იხსენებ, როდის არ გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა, ვერ გაბედე რაღაც, ვერ იყავი პრინციპული და უცებ კითხულობ — “ზოგჯერ უნდა გაიქცე, რომ დაინახო, ვინ მოგყვება. ზოგჯერ უფრო ჩუმად უნდა ისაუბრო, რომ დაინახო, სინამდვილეში ყურს ვინ გიგდებს. ზოგჯერ ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო, რომ დაინახო, ვინ დგას შენ მხარეზე და ზოგჯერ უნდა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რომ დაინახო, ვინ რჩება შენთან, როდესაც ყველაფერი ირგვლივ ინგრევა“… 

მოკლედ, გაუმარჯოს საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ჩვენს, თურმე, ძალიანაც საჭირო ცხოვრებაში შემოსულ საჭირო ადამიანს, პაულო კოელიოს!!! 

მე ვწუხვარ, რომ მისი 18 ცნობილი ნაწარმოებიდან მხოლოდ 3 მაქვს წაკითხული, ვწუხვარ, მაგრამ არ მცხვენია, რადგან თავად კოელიო მიმტევებელია და, ვიცი, მაპატიებს, მით უმეტეს, რომ ის, რომელიც წაკითხული მაქვს, წაკითხული მაქვს გულით…

ბოლოს მინდა ისევ გადაგდოთ „კოელიური“ ოპტიმიზმი:

„ზოგჯერ უნდა მოიარო მთელი მსოფლიო იმისთვის, რათა მიხვდე – მთავარი განძი შენ სახლთანაა ჩამარხული“…

ასე რომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ოპტიმისტურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0