09:14 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – აფრთხილებს საპატრიარქო.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ტაძრის წინამძღვრებს უფლება აქვთ – არ მისცენ ინტერვიუ ტელეარხებს და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ ტელეარხის მხრიდან მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საჭიროა მიმართვა პოლიციაში, რომელსაც ევალება შეზღუდოს ჟურნალისტთა გადაადგილება ტაძრის ტერიტორიაზე.

საპატრიარქო ასევე შეახსენებს ყველას, რომ ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე კანონით არის დაცული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და დევნისგან.

საპატრიარქო მსგავსი განცხადების მიზეზად ასახელებს 5-6 ივლისის შემდეგ „მედია-სივრცეში გამწვავებულ ვითარებას“.

„სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა „მთავარი არხი”, „ტვ-პირველი” და „ფორმულა”, რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები მოვლენათა ობიექტური გაშუქების ნაცვლად აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ წონასწორობა დააკარგვინონ რესპონდენტს, შემდეგ კი ისეთ სიუჟეტებს უშვებენ, რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას.

„მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქომ ჟურნალისტები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არ ამხელენ ლგბტ-თემის მხარდამჭერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, არ საუბრობენ მათ მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებზე.

გარდა ამისა, საპატრიარქომ განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ტაძრების ეზოების პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად გადაქცევა სურთ.

„ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქომ აგრეთვე დაადანაშაულა ჟურნალისტები ეთიკის ნორმების დარღვევაში, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლაში.

საქართველოში არეულობა 5 ივლისს დაიწყო – იმ დღეს ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარში“ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ქმედებების გამო ჩაიშალა.

მათ დაიკავეს ტერიტორია პარლამენტთან და მეტროს სადგურ „რუსთაველთან“. თავიდან ლგბტ–საზოგადოების მოწინააღმდგეებმა პარლამენტთან ოპოზიციის აქტივისტების კარვები დაარბიეს, შემდეგ კი მთელი აგრესია გადაიტანეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ.

შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

ახლა ოპოზიციური მედიასაშუალებები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. თავად ღარიბაშვილმა და მმართველმა პარტიამ ამ მედიასაშუალებებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მთავარი თემები