09:22 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და  მედიას უნდა  მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები ქვეყნის იმიჯს აზიანებენ.

როგორც პრეზიდენტმა თავის განცხადებაში დაწერა, ასეთი მიდგომა მიუღებელია.

„ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა! ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან! ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!“ - დაწერა პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც კი მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ჟურნალისტებმა აივნიდან გადმოფინეს წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

პრეზიდენტმა ასევე გამოხატა საკუთარი პოზიცია მედიის მუშაობის საკითხზე და განაცხადა, რომ ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

„ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და  მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს  ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს  და რომელიც  უნდა იყოს  მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის! რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა  მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე განიხილება საქართველოს გზა ევროპისკენ, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ განცხადებას.

„ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!“ - დასასრულს დაწერა ზურაბიშვილმა.

ორშაბათს ბათუმში გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.

მხარეები განიხილავენ ევროკავშირის სამ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორთან გაფართოებული ინტეგრაციის პროცესში შემდგომი მონაწილეობით შესაძლო დაინტერესებას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები მაია სანდუ და ვლადიმირ ზელენსკი.

კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

 

მთავარი თემები