09:29 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში კარდინალური რეფორმის გატარებამდე საკადრო ცვლილებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. აშშ შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნის ფაქტით, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების დარღვევაა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრიდან ექვსი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე – რომ შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.

ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს, შეაჩერონ „ყველა მიმდინარე დანიშვნა" უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში. 

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა სრულყოფილი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის გატარებამდე. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით", – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.

„შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს მათი ვალდებულება დემოკრატიული პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი და, ამასთან ერთად, გაამყაროს პარტნიორობა აშშ-თან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან", – აღნიშნულია განცხადებაში.

ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.

მთავარი თემები