საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეშფოთებული არიან არეულობებით თბილისში

© photo: Sputnikევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ძალადობის ყველა ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს ეფექტურად და ოპერატიულად, აღნიშნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებმა თბილისში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას წერილით მიმართეს.
25 ელჩის წერილის ადრესატია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თუმცა, საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. წერილის ასლები ასევე გაეგზავნათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
„მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს ლგბტქი+ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა", – ნათქვამია წერილში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის მიზანი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ, და ეს შეშფოთებას იწვევს.
„ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია", – აღნიშნულია წერილში.
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა მწუხარება გამოთქვეს „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ ელოდებიან მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს.
„ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. და ბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა", – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი და საქართველო ერთგული არიან პრინციპის, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებები უნივერსალურია და განუყოფელია და ეხება ყველა ადამიანს განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
„ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უშიშროებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ", – აღნიშნულია წერილში.
ამ ფონზე ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი პოლიტიკური და იურიდიული ზომები.
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
შარლ მიშელი საქართველოში ბრუნდება – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სიტუაციაში უნდა გაერკვეს
„ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები", – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე დროს, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მოუწოდებენ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ყველა ახალი ამბავი
0