08:00 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (468)
78 0 0

ოპოზიციის ნაწილის მორიგი დემარში თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, რომელზე პასუხისმგებლობასაც ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ოპოზიციის ბოიკოტს უერთდება და უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე.

ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტი გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტები არ შეუშვეს და სხდომათა დარბაზიდან დეპუტატებიც გამოიყვანეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაში და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.

„ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული საქმე და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციონერების გადაწყვეტილება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამით ისინი არღვევენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას და ისე შემოვიდა პარლამენტში, ხოლო ვინც მოაწერა ხელი, პაპუაშვილმა ამ პარტიების წარმომადგენელ დეპუტატებს მიმართა.

„19 აპრილის ხელმომწერებს შევახსენებ, რომ შემოსვლა და საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობა მათი ვალდებულებაა, ბოიკოტი ამ შეთანხმების დარღვევა იქნება. ოპოზიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.

როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.

შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის მოსახსნელად ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს-ს ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (468)

მთავარი თემები