08:29 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

სისხლში აღმოჩენილია „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ესაა შუალედური დასკვნის მონაცემები.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შსს-ს შუალედური დასკვნის თანახმად, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

„ქიმიური ექპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები: „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

საქართველოს შსს-მ ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების დეტალური მარშრუტი წარმოადგინა. უწყების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიდეოკადრებზე ასახულია, როგორ ყიდულობს ლაშქარავა ნარკოტიკულ საშუალებას და ამას მოწმეებიც ადასტურებენ.

შსს-ს მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოპერატორის მეგობარმა მიმართა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მისთვის პრეპარატ ნარკანის გაცემის თხოვნით, რომელიც გადამეტებული დოზის მიღებისას ეხმარება ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, ლაშქარავა რამდენჯერმე გახდა ცუდად, ბოლოს - თავის სახლთან, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.

ოჯახმა სასწრაფო დახმარება დილის ექვს საათზე გამოიძახა, ექიმების მისვლის მომენტისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო.

თბილისის ცენტრში ამჟამად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარების გამწვავების საბაბი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა. იგი 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს სასტიკად ცემის შემდეგ, ექვს დღეში დაიღუპა.

აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა არეულობისას.

მთავარი თემები