16:22 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)
67 0 0

პოლიტიკიდან წასულმა მილიარდერმა პოლიტიკაში დაბრუნებულ ყოფილ პრემიერს არა მხოლოდ თავისი პარტიის, არამედ სახელმწიფოს ღალატშიც დასდო ბრალი.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ქვეყნის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნაში თავის მონაწილეობას და ამგვარ თანამშრომლობას „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო.

გახარია ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა ახალი ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის სახით. უკვე ცნობილია, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც წელს, ოქტომბერში გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკიდან მიმდინარე წლის იანვარში წავიდა და მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, თავისი პირველი პოლიტიკური განცხადება გაავრცელა.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მას არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება არ გაუკეთებია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არ გამოუთქვამს თავისი პოზიცია, რათა საბაბი არ მიეცა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

არ უნდა ვიცხოვროთ ერთსართულიან სახლში ცათამბჯენების ეპოქაში - გახარიამ პარტია წარადგინა>>

ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მას არ შეუწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ის ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან იღებს ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

„მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით“, – წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ის აღნიშნავს, რომ სატელიტური ფსევდოპარტიების შექმნა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში მანკიერი პრაქტიკაა, მისი ხელწერა არაა.

„გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს“, – აცხადებს ივანიშვილი.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ჩინოვნიკი სრულიად გაუგებარ დროს ყოვლად გაუგონარი მიზეზით გადადგა – მას არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რომლისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა, აღნიშნა ივანიშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ გახასიას მოქმედება თებერვალში იყო თავისი გუნდის ღალატი და უფრო მეტიც – „საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“.

„სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება გახდა გიორგი გახარიას მიერ საკუთარი პარტიის შექმნა.

„მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გათვლილი იყო, რომ გახარიას გადადგომას მძიმე პოლიტიკური კრიზისი უნდა მოჰყოლოდა.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ივანიშვილის აზრით, მთავარი ისაა, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე, ის ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს თავისი ღირებულებები და მტკიცედ იცავს სახელმწიფოს ინტერესებს.

„ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავიდან ბოლომდე მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, – აცხადებს ივანიშვილი.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა, აღნიშნა მან.

ივანიშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტია „მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“.

 

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)

მთავარი თემები