19:21 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (145)
44 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში დასრულდა, ანკარიდან საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა გამოაცილა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ნაყოფიერი და წარმატებული უწოდა.

„ეს იყო პირველი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც თავისი ხასიათით და შინაარსით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. პრეზიდენტ ერდოღანთან განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ასევე, რეგიონის ჭრილში განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება მიმდინარე წელს  სტრატეგიული დონის საბჭოს შეხვედრის გამართვის თაობაზე.  სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში იგეგმება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, პარტნიორობა და თანამშრომლობა.

„პრეზიდენტმა (თურქეთის) ისურვა, რომ უახლოეს რამდენიმე წელში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის სამ მილიარდზე ავიდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თურქეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება დღევანდელი დღისთვის“, – განაცხადა  ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ანკარაში ვიზიტისას ასევე განიხილეს სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან და ამ მიმართულებით მუშაობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი ბოლო 14 წლის მანძილზე საქართველოს უდიდესი კომერციული პარტნიორია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებაზე“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელიც თურქეთს კარგად იცნობს და აღნიშნა, რომ წელს თურქეთში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი სრულდება.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საქართველოს დელეგაციაში იყვნენ  ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თემები:
საქართველოს მთავრობა (145)

მთავარი თემები