თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 1 ივნისიდან თურქეთში მოხვედრას როგორც საჰაერო ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ, ნათქვამია ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზღვრის კვეთის მსურველმა პირმა PCR-ტესტი უნდა გაიკეთოს გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გასული წლის 20 მარტიდან შეჩერებულია. 2021 წლის წლის 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, რომელიც 2020 წლის მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელი ვიზიტორებისთვის იგი 1 ივნისიდან გაიხსნა.
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საქართველოს საზღვრების გადმოკვეთა შეუძლიათ თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს.