15:16 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

თურქეთი 14 წლის განმავლობაში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მხარეები მზად არიან საქონელბრუნვა 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ, განაცხადა ერდოღანმა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თურქეთი საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას 1 ივნისს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

„გვწამს, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს თურქეთს და უკვე იმყოფებოდა ქვეყანაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონისთვის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა.

„თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სავაჭრო პოტენციალის გასაზრდელად და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.

„როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.         

თავის მხრივ, პრემიერმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.

„ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.

„თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. 

მთავარი თემები