თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჯერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი ქართულ და თურქულ დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებებს გააკეთებენ.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, ანკარაში შეხვედრაზე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალი საინტერესო საკითხი დგას და კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.