თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ წერილში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი და მოძმე ერს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.