08:10 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (397)
25 0 0

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა წინ გადაგმული ნაბიჯი უწოდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისკენ მიმართულ შეთანხმებას.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და ლიეტუვას მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს და ის მომავალში კიდევ უფრო გამტკიცდება, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა.

ლანდსბერგისი თბილისს 27 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

„ჩემს გუნდთან ერთად ძალიან ინტენსიურად გავატარე რამდენიმე დღე თბილისში. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ღია და გულახდილი დისკუსიებისთვის. ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა და ჩვენ ხალხებს შორის ძალიან ღრმა ურთიერთობები არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მან აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური გარემო იცვლება და მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„თბილისს გააჩნია შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც რეგიონულმა ცენტრმა, იქნება ეს პანდემიასთან დაკავშირებული ინიციატივები, თანამშრომლობა ვაჭრობის თუ საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატოს. ლიეტუვა მზადყოფნას აცხადებს, თავისი წვლილი შეიტანოს თანამშრომლობის გაძლიერებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლანდსბერგისი ასევე შეეხეო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ქვეყანას უპრეცედენტო დახმარება გაუწია როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური კუთხით.

ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელწოდება შეცვალეს>>

„პოლიტიკური შეთანხმება შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ ამ შეთანხმებაზე ხელმომწერ ყველა პოლიტიკურ მხარეს ვაქებთ. ის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ამბიციური საარჩევნო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ეს ის საკითხებია, რომლებიც, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებლად უნდა გადაწყდეს.

„19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე“, – განაცხადა მან.

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების სახითაა წარმოდგენილი, მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობამ 19 აპრილს მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის საფუძველზე ოპოზიციის 13 წარმომადგენელი პარლამენტში შევიდა.

ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ნიკა მელია ამჟამად პატიმრობაშია, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (397)

მთავარი თემები