თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 27 აპრილს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლანდსბერგისი ასევე შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ლიეტუვას სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.
საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუვას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისა და აღნიშნული საკითხების მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებისთვის.
„ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიეტუვის მხარდაჭერას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.
ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.