20:26 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს, პროკურატურა კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდის შემდეგ მიმართავს.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ნიკა მელიასთან მიმართებაში ამნისტია ერთგვარი პატიების ჟესტია, მიაჩნია  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს. 

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია – მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ იგი უკანონოდ აქვს შეფარდებული.

„ამნისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი პატიების ჟესტი. კონკრეტულ შემთხვევაში როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს მეორე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით", – განაცხადა სარჯველაძემ.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული. დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა" – მისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერის პირობა პოლიტპატიმრების – ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მელიას შემთხვევაში გირაოს გადახდასაც და ამნისტიასაც. 

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა შეთანხმების, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. 

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში უნდა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს. 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება 27 აპრილს მოხდება, რის შემდეგაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელს მოაწერს გიორგი რურუას შეწყალების აქტს. რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება მელიას, იგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

მთავარი თემები