თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოში ახლო მომავალში კულტურის ახალი კოდექსი შეიქმნება და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
წულუკიანი: ვიცი რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში>>
„დროა, გაფანტული და ცოტა არ იყოს, მოძველებული ნორმები განვაახლოთ ერთ დოკუმენტში, „კულტურის კოდექსში“ მოვუყაროთ თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით“, – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს საქმე მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას დაავალა.
კულტურის სფეროში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა ასევე კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით, უწყებას კულტურის სფეროში დიდი მუშაობა მოუწევს.
„პირველი რიგის ამოცანაა, რომ კულტურა იყოს ყველასთვის მისაწვდომი და ემსახურებოდეს ხალხს. აუცილებლად უნდა ელოდოთ რეფორმებს. აუცილებლად იქნება რეფორმები გასაკეთებელი სახელოვნებო განათლების კუთხით. შემუშავდება კულტურის კოდექსი, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და იქნება ახალი სიტყვა, ახალი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის გარეშე არ არსებობს წინსვლა და ეს კულტურის ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს. „რეფორმები გასაკეთებელია მომავალი თაობებისთვის. არ შეიძლება, ყველაფერი ერთ გაყინულ წერტილში იყოს“, – განაცხადა მან.