თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისი სამი მოადგილე წარმოადგინა.
19 მარტს თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. იგი უფლებამოსილების აღსრულებას 22 მარტიდან შეუდგა. მანამდე წულუკიანს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
წულუკიანის განცხადებით, მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც დიპლომატია და სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და პრეს-სპიკერის თანამდებობებს. ამასთან იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში.
„ბატონი კახა სიხარულიძე ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენ შორის და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის მოადგილედ ასევე დაინიშნა იურისტი სოსო გიორგაძე, რომელიც ახალი უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დარჩება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს>>
„ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი. მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას“, – აღნიშნა მინისტრმა.
თეა წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა იურისტი იოსებ ბაღათურიაც, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ბაღათურია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.
„მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) გაყოფის გადაწყვეტილებას მხარი 16 მარტს დაუჭირა. პრემიერმა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანისა და განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნას ხელი 19 მარტს მოაწერა. ისინი მოვალეობების შესრულებას 22 მარტს შეუდგნენ.
თეა წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა. თანამდებობას ყველა მინისტრზე მეტხანს იკავებდა და იმუშავა ხუთ პრემიერთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.